შპს „ნილი“, რომელიც თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების აღსაზრდელების კვებით მომარაგებას უზრუნველყოფს, პროდუქციის ცხიმიანობასთან დაკავშირებით გამოვლენილი მცირე სხვაობის გამო, დაჯარიმდა.  ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა განაცხადა.  

როგორც მერის მოადგილემ განმარტა, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობენ მშობლები დაარწმუნონ, თითქოს, ბავშვების კეთილდღეობას საფრთხე ექმნება.

“პირველ რიგში, მინდა მივმართო მშობლებს და არა ოპოზიციას და ავუხსნა, თუ რა ზომებს იღებს თბილისის მერია იმასთან დაკავშირებით, რომ ბაღებში აღსაზრდელების კვება ხარისხიანი და უვნებელი იყოს. საბავშვო ბაგა-ბაღებში მონიტორინგს რამდენიმე ინსტიტუტი, მათ შორის, სურსათის უვნებლობის სააგენტო აწარმოებს. ისინი წლის განმავლობაში, პერიოდულად, 180-ვე ბაღს ამოწმებენ. მოწმდება ბაღის სამზარეულოს ჰიგიენური ნორმები, შენახვის პირობები, ასევე, ტარდება ლაბორატორიული კვლევები მიკრობიოლოგიურ ვარგისიანობაზე. მსგავსი კვლევები 180-ვე ბაღში არაერთხელ ჩატარდა და არანაირი გადაცდომა ან დარღვევა არ დადასტურებულა“, – განაცხადა ილია ელოშვილმა.

ილია ელოშვილის განცხადებით, სურსათის უვნებლობის სააგენტოს გარდა, 180-ვე ბაღს საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს მონიტორინგის განყოფილება გეგმიურად ამოწმებს. წლის განმავლობაში, მათ მიერ დაახლოებით, 1100-მდე შემოწმება ჩატარდა; სააგენტოს მონიტორინგის განყოფილება პროდუქტის შენახვის პირობებს, მენიუს შესაბამისობას, ბავშვებისთვის მიწოდებას, მზა კერძების რაოდენობას, ხარისხს, ვადებს, სამზარეულოს პერსონალის პირად ჰიგიენას, ნარჩენების გატანის წესის დაცულობასა და პროდუქტების ფინანსურ დოკუმენტაციას ამოწმებს.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი  მერიისგან კომპანია “ნილთან“ კონტრაქტის გაწყვეტას ითხოვს.

“დედაქალაქის მერისგან პირადად გვაინტერესებს პასუხი 61 ათას ბავშვს რომ აჭმევდნენ უხარისხო, სტანდარტთან შეუსაბამო საკვებს, ერთი წლის განმავლობაში და კიდევ ამ კომპანიას უფორმებს ხელშეკრულებას, რა პასუხი აქვს და რას აპირებს პირადად დედაქალაქის მერი”, – აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

შეგახსენებთ, თბილისის მერიის მიერ საჯარო ბაგა-ბაღებისთვის საკვებით მომარაგებაზე გამოცხადებულ ტენდერში შპს “ნილმა“ გაიმარჯვა. საბავშო ბაღებს გასულ წელსაც “ნილი“ ამარაგებდა.