ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „2021 წლისათვის მარჯვენასაჭიანი ტაქსები აიკრძალება“-კახა კალაძე(ვიდეო)

„2021 წლისათვის მარჯვენასაჭიანი ტაქსები აიკრძალება“-კახა კალაძე(ვიდეო)

🔹რამდენიმე თვის წინ საზოგადოებას წარვუდგინეთ ჩვენი ხედვა, თუ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ტრანსპორტის მიმართულება, რომელიც რამდენიმე კომპონენტისგან შედგება, მოწესრიგდეს. სატრანსპორტო პოლიტიკაში ერთ-ერთია ის რეფორმა, რომელიც ტაქსებთან დაკავშირებით გასულ წელს დავგეგმეთ და საზოგადოებას სრული ინფორმაცია მივაწოდეთ. ეს რეფორმა რამდენიმე ეტაპისგან შედგება და როგორც იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აღნიშნული სერვისით სარგებლობენ, ასევე, ტაქსის მძღოლებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, რეფორმამ პოლიტიკური პარტიების მხრიდან არასწორი ინტერპრეტაციები მიიღო, რაც გულდასაწყვეტია. შესაძლოა, მათ ჰქონდეთ განსხვავებული მოსაზრებები ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ როდესაც ჩვენი ქალაქისთვის და ხალხისთვის მნიშვნელოვანი რეფორმა ხორციელდება, რა თქმა უნდა, მხარდაჭერა უნდა იყოს. ის დამოკიდებულება და გზავნილები, რასაც ბოლო კვირების განმავლობაში ვისმენდით, ნამდვილად არ არის მისაღები. დარწმუნებული ვარ, საზოგადოების მხრიდან, რომელსაც ძალიან დიდი მოთხოვნა აქვს, რომ აღნიშნული მიმართულება მოწესრიგდეს, ძალიან დიდი მხარდაჭერა გვექნება. ტაქსის მძღოლებმა შექმნეს სპეციალური საინიციატივო ჯგუფი, რომელთანაც არაერთი შეხვედრა შედგა. შეხვედრების დროს, მათი თხოვნა იყო, რომ დროებით, გარკვეული შეღავათები დაგვეწესებინა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ ადამიანების მოსაზრებები გავითვალისწინეთ. რასაკვირველია, ტაქსების რეფორმა აუცილებლად განხორციელდება და მის გადავადებას არ განვიხილავთ. რეფორმის თითოეული მნიშვნელოვანი დეტალი, როგორიც არის ვადა – პირველი ოქტომბერი, ვიზუალური მხარე – თეთრი ფერი, მერიის მიერ უფასო მანათობლების გადაცემა, პარკირების ადგილების გამოყოფა, ინტერიერის ქიმიური წმენდისა და ავტომანქანის გადაღებვის ვაუჩერი, რასაც საინიციატივო ჯგუფის თხოვნით ფირის გადაკვრის ვაუჩერები დაემატა, თითოეული ეს დეტალი ძალაში რჩება. მძღოლებს ექნებათ ალტერნატივა და უნდათ გადაღებვის ვაუჩერს აიღებენ, უნდათ – ფირის. აქვე მინდა მოვუწოდო ტაქსის ყველა იმ მძღოლს, რომელმაც უკვე აიღო ვაუჩერი, დროულად მიმართონ შესაბამის უწყებას, რათა მათი განაღდება მოხდეს. საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრაზე ასევე, მივიღეთ გადაწვეტილება, რომ მარჯვენასაჭიან ავტომობილებთან დაკავშირებული პრობლემა გაგვეთვალისწინებინა. აგვიხსნეს, რომ ერთი წელი არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლები მომზადებულიყვნენ. გვთხოვეს, რომ გარკვეული პერიოდი B კატეგორიაში გაეგრძელებინათ მუშაობა. გვინდა, რომ აღნიშნული თარიღი 2020 წლის ბოლომდე გავითვალისწინოთ. 2021 წლის პირველი იანვრიდან კი ცვლილება ავტომატურად შევა ძალაში და მარჯვენასაჭიანი ავტომობილებით ტაქსის სერვისის B კატეგორიაში განხორციელება ავტომატურად აიკრძალება. მძღოლებს ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ ავტომობილების ჩანაცვლება მოახდინონ და ტაქსის სერვისის განხორციელება 2021 წლის პირველი იანვრიდან მარცხენასაჭიანი ავტომობილებით იმ კატეგორიაში განაგრძონ, რომელზეც თვითონ მიიღებენ გადაწყვეტილებას.რაც შეეხება საინიციატივო ჯგუფს, მათთან შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება და ყველა სიახლეს ტაქსის მძღოლებთან კომუნიკაციის შედეგად განვახორციელებთ. ჩვენ ისეთ საქმეს ვაკეთებთ, რომლის მსგავსი ნაბიჯი არცერთ მთავრობას არ გადაუდგამს. ეს მხოლოდ ტაქსების რეფორმას არ ეხება. სატრანსპორტო პოლიტიკასთან დაკავშირებით, მსგავსი რეფორმა ქალაქში ჯერ არ განხორციელებულა. მთლიანად იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ხდება მეტროს ვაგონების განახლება, მეტროსადგურების მოწესრიგება და მარშრუტების გადალაგება, რაზეც დიდი საინფორმაციო კამპანიის ჩატარება მოგვიწევს. ტაქსების რეფორმის ფარგლებში, რომელიც აუცილებლად განხორციელდება, ორ მნიშვნელოვან საკითხზე მოხდა შეთანხმება – პირველი: შემოგვაქვს ფირის უფასოდ გადაკვრის კომპონენტი და მეორე: მარჯვენასაჭიან ტაქსის მძღოლებს ვაძლევთ უფლებას, ტაქსის სერვისის გაწევა 2021 წლის პირველ იანვრამდე B კატეგორიაში განაგრძონ. ამ პერიოდში მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ საკუთარი სატრანსპორტო საშუალებები ჩაანაცვლონ. 🔹გვაქვს სიახლე, რომელიც მნიშვნელოვანია დედაქალაქის ურბანული განვითარებისთვის – უახლოეს მომავალში მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, თბილისის მდგრადი ურბანული მობილობის გეგმის შესყიდვაზე ტენდერს გამოაცხადებს. გვინდა, რომ ჩავატაროთ კვლევა რაიონებში, რათა დადგინდეს სად არის ტრანსპორტის ნაკლებობა და ამ მიმართულებით რისი გაკეთებაა საჭირო. შეიძლება ეს იყოს ტრამვაი, მეტრო. მაგალითად, დიღმის მიმართულებით მიწისზედა მეტროს პროექტის განხორციელებაზე სერიოზული მოსაზრება არსებობს. შესაბამისად, კვლევა გვაჩვენებს ყველაფერს, თუ როგორ შეიძლება ამ მხრივ განვვითარდეთ. რამდენიმე კვირაში უკვე დაიწყება კვლევა და ძალიან მალე სრული სურათი გვექნება. იცით, რომ სამგორი-ლილოს მიმართულებით მეტროსადგურის მშენებლობის პროექტზე ტენდერი გვაქვს გამოცხადებული. უახლოეს დღეებში გვეცოდინება გამარჯვებული კომპანია, რომელიც შესაბამის სამუშაოებს ჩაატარებს და სრული პროექტი წლის ბოლოსთვის უნდა გვქონდეს. ამის შემდეგ კი ტენდერი მშენებლობაზე გამოცხადდება. 🔹მეტროს ვაგონების რეაბილიტაცია, მეტროსადგურების მოწესრიგება პრიორიტეტულია, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მეტროს შიგნით არსებული მდგომარეობა, მხედველობაში მაქვს ძალოვანი კაბელები, სავენტილაციო სისტემა, მეტროს აშენების შემდეგ არ შეცვლილა. შესაბამისად, ამისთვის ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ. გამოყოფილია 15 მილიონი აშშ დოლარი აზიის განვითარების ბანკის მიერ, რათა მოხდეს ამ სამუშაოების განხორციელება. 450 კმ ძალოვანი კაბელი შეიცვლება, ასევე, 28 საგვირაბე გამნიავებელი და ახალი, ევროპული სტანდარტის 32 აგრეგატი დამონტაჟდება. ეს საშუალებას მოგვცემს, ძალოვანი კაბელები, სავენტილაციო სისტემა, აგრეგატები ერთხელ და სამუდამოდ მოწესრიგდეს. აღნიშნული სამუშაოები ივლისიდან დაიწყება და 2020 წლის ივნისში დასრულდება. 🔹კიდევ ერთი სასიხარულო ინფორმაცია გვაქვს – გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ხელშეწყობით, კუს ტბისა და მთაწმინდის ტერიტორიაზე ტყის აღდგენისა და საფეხმავლო ბილიკის მოწყობის ღონისძიებები იგეგმება.🔹დავიწყეთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი – ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკის სრული რეაბილიტაცია. საერთო ჯამში, სრულად რეაბილიტირდება პარკის მთელი ტერიტორია, რომელიც შვიდ ჰექტარზე მეტი ფართობისაა. რეაბილიტაციის ფარგლებში, განახლდება დეგრადირებული სივრცეები, მოეწყობა საბავშვო, სავარჯიშო, სპორტული და ცხოველების გასასეირნებელი სივრცეები. ასევე, ამფითეატრი, ღია საგამოფენო პავილიონი, ველობილიკი, ახალი შადრევანი და სამაგიდე თამაშების პავილიონები. სამუშაოები უკვე ათი დღეა მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია, რომ არსებული დიზაინით შენარჩუნდება და სრულად რეაბილიტირდება პარკის შესასვლელი კოლონები და ცენტრალური ბილიკი. სამუშაოების დასრულება ნოემბერში იგეგმება. უკვე არსებული პარკების მოწესრიგების პარალელურად, იგეგმება ახალი საქალაქო პარკების მშენებლობაც. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს სკვერების რეაბილიტაცია, ახალი სკვერების მოწყობა და გამწვანების სამუშაოები. დღეს ადამიანს შეიძლება, ჰქონდეს სურვილი, უქმეებზე თავის შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად, მწვანე სივრცეში გავიდეს, მაგრამ ასეთი ადგილები არ გვაქვს. რაც გვაქვს და ისტორიულად მოგვყვება, ისიც მძიმე მდგომარეობაშია. შესაბამისად, ამ ყველაფერის მოწესრიგება ამ კულტურასაც დააბრუნებს და გარემოსაც გავაუმჯობესებთ.

Posted by Kakha Kaladze კახა კალაძე on ოთხშაბათი, 17 აპრილი, 2019

„რამდენიმე თვის წინ საზოგადოებას წარვუდგინეთ ჩვენი ხედვა, თუ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ტრანსპორტის მიმართულება, რომელიც რამდენიმე კომპონენტისგან შედგება, მოწესრიგდეს. სატრანსპორტო პოლიტიკაში ერთ-ერთია ის რეფორმა, რომელიც ტაქსებთან დაკავშირებით გასულ წელს დავგეგმეთ და საზოგადოებას სრული ინფორმაცია მივაწოდეთ. ეს რეფორმა რამდენიმე ეტაპისგან შედგება და როგორც იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აღნიშნული სერვისით სარგებლობენ, ასევე, 2021 წლისათვის მარჯვენასაჭიანი ტაქსები აიკრძალება“-განაცხადა თბილისის მერმა კახა კალოაძემ.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„სამეგრელოში დამატებითი საპოლიციო ძალები იქნება მობილიზებული -მკაცრად გაკონტროლდება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში“

„მობილიზებული იქნება დამატებითი საპოლიციო ძალები იმისთვის, რომ მკაცრად გაკონტროლდეს საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში უკვე მოქმედი ყველა ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com