„წაქცეული ვიყავი, მომეპარნენ, ქალს ხელი დაარტყეს, ბავშვი ტიროდა, არ ჩერდებოდა – ამ ფარჩაკებს და არაკაცებს მინდა ვუთხრა, ქუჩაშიც არ მოსულა ასეთი ამბავი“-აცხადებს ვახო სანაია, რომელსაც მცირეწლოვან შვილთან და მეუღლესთან ერთად ქუჩაში სამი პირი თავს დაესხა და სცემა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა სამმა პირმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ფიზიკურად იძალადა ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტსა და მის ნათესავზე. დაზარალებულები ექსპერტიზაზე იმყოფებოდნენ. ვახო სანაია ამბობს, რომ დაზიანებები თავისა და სხეულის არეში აქვს.
ფაქტზე სამი ბრალდებულია დაკავებული. შსს-ს განცხადებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს და 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.