ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ცხვრის მონოლოგი-„ჩვენს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა გავიგეთ, რომ ვიღაც ცუდ ადამიანებს გვადარებდნენ“

ცხვრის მონოლოგი-„ჩვენს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა გავიგეთ, რომ ვიღაც ცუდ ადამიანებს გვადარებდნენ“

ცხვრის მონოლოგი😄

ჩვენ, ცხვრები, პოლიტიკური ცხოველები ვართ, კაცობრიობის პროგრესს ვემსახურებით. მამა აბრამმა, ისაკის ნაცვლად რომ შემწირა მსხვერპლად, ჯერ კიდევ იმ ერაში მქონდა მნიშვნელოვანი პოლიტიკური როლი. მანუფაქტურის ეპოქაში ცხვრებმა შევჭამეთ ინგლისი. ასეულ ათასობით ადამიანი აყარეს ჩვენს გამო საკუთარი მიწებიდან და მშიერ-მწყურვალი დატოვეს, ეს მიწები საძოვრებად რომ ექციათ და ჩვენ ვყოფილიყავით მაძღრები. ჩვენი მატყლი უფრო ფასობდა, ვიდრე ადამიანი.

დღეს, ოცდამეერთე საუკუნის საქართველოში, რომელიც მიმდინარე წელს ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყნად გამოცხადდა ოფიციალურად, კვლავ მოგვიწია პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა. სანდომიან ახალგაზრდათა ჯგუფმა გადაწყვიტა ჩვენი წაყვანა რომელიღაც შენობის წინ, რათა მიგვეღო მონაწილება რაღაც ხმაურში, რომელსაც თავად ”პოლიტიკურ აქციას” უწოდებდნენ. სიამოვნებით გავყევით და ხალისით გავემართეთ ამ დიდი ფარეხისაკენ. ჩვენს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა გავიგეთ, რომ ვიღაც ცუდ ადამიანებს გვადარებდნენ. ”ცხვრებივით მორჩილებიო”, ”ერთ კაცს მინდობილი ფარაო” და რა არ მოვისმინეთ მათი მისამართით. ”ქართული ოცნება” კი არა, მორჩილი უმრავლესობა ხართო რომ შემოსძახეს ახალგაზრდებმა, მაშინ კი მივხვდით, თუ ვისი სიმბოლური განსახიერება უნდა გავმხდარიყავით.

ცხვრის უფლებებს რატომ არღვევთო, გამოგვესარჩლნენ ცალყბად ვიღაცები. რას უშვებიან ამ საყვარელ არსებებსო, ღვრიდნენ ურჩხულის ცრემლებს, ნიანგს რომ ეძახიან ადამიანები სახელად. სინამდვილეში ჩვენ კი არ ვადარდებდით, იმ ცუდების მხარდაჭერა უნდოდათ ჯორეშმაკულად.

ზოგს მართლაც შესტკიოდა ჩვენზე გული, მაგრამ მაინც მხარს უჭერდა ჩვენს პოლიტიკური მიზნით გამოყენებას, რადგან, თურმე ჩვენი წარსული გამოცდილება დღესაც ზემოქმედების მომხდენი ყოფილა ადამიანთა ცნობიერების შესაცვლელად.

ასე აღმოვჩნდით კვლავ პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრში.

თუ ჩვენი შრომა ვინმეს გამოადგება, კვლავაც არ დავზარდებით, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა ისტორიის მანძილზე, მაგრამ მომავალში, გთხოვთ წინასწარ გაგვაფრთხილოთ, რა მიზნით აპირებთ ჩვენს გამოყენებას. ჩვენც გვაქვს ღირსების თანდაყოლილი გრძნობა.

თითქმის სამასი წელი გავიდა, რაც ვიღაც სმიტ ადამმა ჩვენზე ცუდად თქვა, ყოველ ცხვარს მწყემსი გენიოსი ჰგონია, ხოლო ძაღლი ცხვრის ფარის მცველი, მაშინ როცა პატრონი და ძაღლი უფრო მეტ ცხვრებს ჭამენ, ვიდრე მგლებიო.

არა ვართ უგუნურები. ბუნებაში ვიღაცა ვიღაცას ჭამს-ჩვენ ადამიანი, ადამიანს მიწა. კარგი მწყემსიც ვიცით რა არის და კარგი ქართული ნაგაზიც.

თქვენს მწყემს მიხედეთ, ცხვრებად რომ გაქციათ.

ცხვრობა ცუდი კი არაა, თუ ცხვარი ხარ.
აბა ცხარს ჰკითხეთ, თუ უნდა ადამიანობა.

ცხვრის ღმერთმა დაგვიფაროს. 😄😄😄

რომან გოცირიძე

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„როგორ და რატომ წაართვა ხაზარაძემ ელიტ- ელექტრონიქსი ქოქოლაძეს“?

უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში წერს: „ვუსმინე მამუკა ხაზარაძეს მთავარ არხზე და ერთ დასკვნამდე მივედი. ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com