ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / შარლ მიშელისა და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა-პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა ხელისუფლების მზადყოფნა, გაგრძელდეს მართლმსაჯულების მიმდინარე რეფორმა

შარლ მიშელისა და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა-პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა ხელისუფლების მზადყოფნა, გაგრძელდეს მართლმსაჯულების მიმდინარე რეფორმა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირისპირ შეხვედრა გამართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან, რომელიც საქართველოში ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის – “საქართველოს ევროპული გზა“ ფარგლებში იმყოფება.

ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ბოლო დროს განხორციელებული მაღალი დონის ვიზიტები საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების მაღალ დონეზე მიუთითებს და ხაზს უსვამს საქართველოსთვის ევროკავშირის მნიშვნელობას.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო რჩება ევროკავშირის ერთგულ მოკავშირედ და დემოკრატიის მნიშვნელოვან დასაყრდენად გეოპოლიტიკურად რთულ რეგიონში.

შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოს პოზიტიურ როლზე კავკასიაში. პრეზიდენტმა მიშელმა ხაზი გაუსვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმატებულ მედიაციას, რომლის შედეგად, სომხეთის 15 მოქალაქე გათავისუფლდა, ხოლო აზერბაიჯანს გადაეცა მნიშვნელოვანი რუკები დანაღმული ტერიტორიების შესახებ. ირაკლი ღარიბაშვილმა დაადასტურა მზადყოფნა, მომავალშიც აქტიურად იყოს ჩართული დიალოგის პროცესში და საქართველო იყოს პლატფორმა მოლაპარაკებებისთვის, რაც ხელს შეუწყობს არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებას და რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას.

პრემიერ-მინისტრმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან კავკასიის რეგიონში ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა საქართველოში შარლ მიშელის პირადი ჩართულობით მიღწეული პოლიტიკური შეთანხმების მნიშვნელობას. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მმართველმა გუნდმა შეთანხმებით გათვალისწინებული პუნქტები შეასრულა და პროცესი გრძელდება. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, დღემდე ოპოზიციის დიდ ნაწილს ხელი არ აქვს მოწერილი შარლ მიშელის შეთანხმებაზე, რაც ძალიან დიდი შემაფერხებელი ფაქტორია პოლიტიკური ვითარების სტაბილიზაციისა და დამშვიდებისთვის.

პრემიერმა შარლ მიშელთან პირისპირ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ხელისუფლების მთავარი ამოცანაა საქართველოში სტაბილური ვითარების და მშვიდობის შენარჩუნება. აღნიშნულ პოზიციას იზიარებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტიც.

საუბარი შეეხო მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება მოტივირებულია, არჩევნები ჩატარდეს მშვიდ გარემოში, გამჭვირვალედ და პრეზიდენტ მიშელს თხოვნით მიმართა, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი ჩამოვიდეს ევროკავშირიდან, რათა არავის მიეცეს ნებისმიერი მიზეზით არჩევნებთან დაკავშირებით სპეკულაციის საშუალება. შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველომ უკვე გაუგზავნა მოწვევა ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას, ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით.

პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტ მიშელის საუბრის ერთ-ერთი თემა იყო საარჩევნო რეფორმა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მმართველმა გუნდმა, ოპოზიციის ჩართულობით, თითქმის სრულყოფილი საარჩევნო რეფორმა შეიმუშავა. პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა ხელისუფლების მზადყოფნა, გაგრძელდეს მართლმსაჯულების მიმდინარე რეფორმა. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, წლების განმავლობაში სასამართლოში განხორციელებული რეფორმების შედეგად, მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი, თუმცა ეს საკმარისი არ არის, პროცესი გაგრძელდება და ბოლომდე მივა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ქალს თავი აქვს გაჩეხილი და გაძარცვულია- შანე ბრუკის ცხედარს ძალადობის კვალი აშკარად ეტყობა“

31 წლის ავსტრალიელი ქალის ცხედარს, რომელიც მთაწმინდის ფერდობზე ცოტა ხნის წინ იპოვეს, მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. ...