ახალი ამბები
Home / Uncategorized / “ქართული” ცეკვა როკვით განფენილი“-გრიგოლ რობაქიძე

“ქართული” ცეკვა როკვით განფენილი“-გრიგოლ რობაქიძე

ქარული ხალხური ცეკვა მსოფლიო კულტურის უდიდეს საგანძურს წარმოადგენს. მაინც რატომ მოიპოვა ქართულმა ხალხურმა ცეკვამ ასეთი საყოველთაო აღიარება?

რასაკვირველია, ქართული ცეკვა მხოლოდ მაყურებლის გართობისა და სიამოვნების მინიჭების საშუალება არ არის. მასში, როგორც ქართული კულტურის ერთ-ერთ ფენომენში, იკითხება ეროვნული სული, ქართველი კაცის დამოკიდებულება ბუნებასთან, საზოგადოებასთან, სხვა ადამიანებთან, სიკვდილ-სიცოცხლესთან, მისი მსოფლხედვა, ღირებულებითი ორიენტაცია, ხასიათი, ტემპერამენტი, ნიჭიერება, და ეს იმიტომ, რომ ქართული ხალხური ცეკვა ობიექტად ქცეული ქართული გონია.

როგორც პროფესორი თამაზ ბუაჩიძე ამბობს, ერის ერთობა, უპირველეს ყოვლისა, გონითი ერთობაა. ქართველია ის, ვინც აითვისა და გაითავისა ქართული ობიექტური გონის ფენომენები, მის სიღრმეში “ჩამალული” ქართული. გრიგოლ რობაქიძემ საგანგებო რეცენზია (“ქართული გენია როკვით განფენილი”) მიუძღვნა ქართული ცეკვის ფენომენის დახასიათებას. იგი წერდა: “ასეთი ხალისი, ასეთი ლხენა – საუკუნოებში ტანჯული საქართველოს წიაღთაგან! არაა ეს საკვირველი? სადღაც უნდა მეთქვას: ყოველი წვეთი სისხლისა, საქართველოს დედულ-მამულისათვის დანთხეული, მზის სხივად ესხმოდა ქართულ მიწას. ახლა ვამბობ: საქართველო დაჭრილი მზეა! “დაჭრილი მზე” – მაგრამ მაინც მზე!” ქართველი კაცის სულია ჩაქსოვილი ქართულ ცეკვაში. მასში, როგორც ქართლის ცხოვრებაში, ისე იკითხება ჩვენი ერის მრავალსაუკუნოვანი და მრავალწახნაგოვანი ისტორიის საინტერესო ფურცლები.

ისტორია კი, როგორც ილია წერდა, “ის დიდებული ტაძარია, სადაც ერის ერთიან სულს უწირავს, სადაც თავის დიდებულ და დიდბუნებოვან კაცთა უწმინდესნი ხატნი აღუმართავს და მათზე, ვით საშვილიშვილო ანდერძი, დიდთა საქმეთა მოთხრობანი წარუწერია”. ქართულ ცეკვაში ცხადდება საქართველოს არსი, ქართული მიწის მადლი და ქართველი კაცის ხასიათის ღირსებები: “ხოლო ქვეყანა ესე არს ფრიად ნაყოფიერი ყოვლითა მარცვლითა, ვენახითა, ხილითა, პირუტყვითა, ნადირითა, ფრინველითა და თევზითა. კაცნი და ქალნი – მშვენიერნი, ჰაეროვანნი და ლაღნი, ამაყნი, მეხოტბენი, უმშვენიერესნი და უჰაეროვანესნი, ვინათგან გლეხთაცა შვილნი წააგვანან წარჩინებულთა შვილთ… ცქვიტნი, კისკასნი, ენატკბილნი, სუბუქნი, ფიცხნი, ბრძოლასა შემმართებელნი და ძლიერნი, უხვნი და მომხვეჭნი… მომღერალ-მგალობელნი და მწიგნობარნი წარჩინებულნი და უმეტესნი კეთილხმოვანნი და სხვათა და სხვათა შემძლებელნი”.

ერს წმინდა ილია მართალი განმარტავს როგორც ისტორიით შედუღაბებულ ერთხორც მკვიდრთა ერთიანობას. “ყოველ ერს აქვს საკუთარი გულთათქმა, თავისი წადილები, თავისი სწრაფვა, თავისი ღირსება”. ეს თვითმყოფადობა, უპირველეს ყოვლისა, ხელოვნებაში აისახება.

ყველა ხალხს ცეკვის თავისებური, მისთვის დამახასიათებელი ფორმა აქვს შექმნილი. ჩვენც საკუთარი, თვითნაბადი და თვითმყოფადი ცეკვა გვაქვს, რომელიც საუკუნეების სიღრმეში იღებს სათავეს.

ზოგადად, ცეკვა ადამიანთა მატერიალურ სამყაროსთან დაკავშირებული სულიერი მოთხოვნილების გამოხატულებაა. იგი ადამიანთა ქცევებისა და გრძნობების ასახვაა პლასტიკური ხერხებით. შეიძლება ითქვას, რომ ცეკვა სულისა და სხეულის დაპირისპიერებაა, სადაც, როგორც წესი, სული განაგებს სხეულის ფიზიკურ მოქმედებას და მაშინ ასრულებს თავის დანიშნულებას, როდესაც დაცულია წონასწორობა და მოქმედებას ამართლებს აზრი.

ახლა კი, მოდით, ჩავუღრმავდეთ ჩვენი ერის ამ უდიადეს საგანძურს და განვიხილოთ იგი:

“ქართული” – ჩვენს დრომდე მოღწეული რომანტიკული ხასიათის წყვილთა ცეკვებიდან უძველესია. ეს ცეკვა ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მწვერვალად შეიძლება ჩაითვალოს (ძველად იწოდებოდა “სადარბაზო”, “სანადიმო”, “საარშიყო”, “დავლური”, “ლეკური”). მისი შესრულების აუცილებელი პირობაა – ქალთათვის – სამდაკვრით სვლაზე აგებული გედისებური სინარნარე, ვაჟთათვის – მრავალნაირი გასმები ტანის შეურყევლად.

ცეკვა “ქართულის” შესავალი ნაწილი – დასაწყისი “დავლურია”. იგი დინჯი და პლასტიკური ცეკვაა. მისი სახელწოდება დავლისგან წარმოდგება.

ცეკვა “ქართული” წარმოადგენს ქართული ხალხური შემოქმედების მშვენიერებას და აგებულია ქალ-ვაჟის სიყვარულზე, მათ სათუთ გრძნობებსა და რაინდულ სულზე.

ცეკვა “ქართული” ქართველი ხალხის თავისებურებებისა და განცდების ანარეკლია. მასში თავს იყრის ქართველი ხალხის ქორეოგრაფიული შემოქმედების საუკეთესო თვისებები. აი, როგორ ამკობს გრიგოლ რობაქიძე ქართველი ქალის ღირსებას, ამ ცეკვაში განფენილს: “კენარი. ჯავარი. სინაზით ტვიფრული. მწყაზარი. მორცხვი. კდემული. ნელი. წყნარი. ნარნარი. ქალწულური სრულიად – მიმოხვრაშიაც: როკვა-გოგმანი. გოგმანი-სრიალი. სრიალი-ცორვა. ცორვა-ცურვილი”. ვაჟი კი – “კვრივი. ნაკვთიერი. ყოველ ნაკვთში – მზის ჭავლი ხალასი. ასხეპილი, ვით ასკილი. დახვეწილი, დაწმენდილი. ხალისით ალესილი. შმაგი, ხანდახან შლეგი. ძალააყრილი. აცეცხლებული, რადგან თვითონ სიცოცხლე: “ცეცხლი”, “ცოცხალი”. ხლტომა. ავარდნა. გავარდნა. მოვარდნა. ხედვაში თავლციალი შევარდნის. როკვა: რიტმული დენის ელვარი. ცქაფი წამახულ ფერხთა: წარმოუსახავი: ითქმის ზებუნებრივი. ამავე დროს მთელი ტანი: თითქოს უძრავი, ურხევი, “თითქო”: რადგან ლხენით ავსილი. მოშვილდული…”

ქართულ ცეკვათაგან გამორჩეულია გმირული, საბრძოლო ხასიათის ცეკვა – “ხორუმი”, რომელიც თავის საწყისს აჭარიდან იღებს. მას მხოლოდ მამაკაცთა ჯგუფი ასრულებს. მონაწილეთა რაოდენობა ნებისმიერი შეიძლება იყოს. თავდაპირველად მას მხოლოდ რამდენიმე ადამიანი ასრულებდა, მაგრამ დროთა განმავლობაში შემსრულებელთა რაოდენობა გაიზარდა და ხორუმის თანამედროვე ვარიანტში ოცდაათიდან ორმოცამდე მოცეკვავეს შეუძლია მონაწილეობა. ეს ცეკვა მაყურებელს ერთდროულად გადმოსცემს: ძიების, ბრძოლისა და მტერზე გამარჯვების სიხარულით გამოწვეულ განცდას. “ხორუმი” ცეკვაში განსახიერებული სიმბოლოა ქართველ მებრძოლთა ვაჟკაცობისა და დიდებულებისა”. “ხორუმში” ასახულია მტრის საბრძოლო ძალების დაზვერვა, თავდაცვისა და შეტევის მომენტები, მტერზე გამარჯვება, ბრძოლის ველიდან დაჭრილი მეომრების გაყვანა და სხვა. ცეკვა რამდენიმე ეპიზოდისაგან შედგება, მთლიანად კი ერთ სუნთქვაზე აგებულ კომპოზიციას ქმნის. ხორუმის სიუჟეტი შედგება ოთხი ნაწილისგან: 1. მეომართა დასაბანაკებლად ადგილის ძებნა; 2. მტრის დაზვერვა; 3. იერიში, ბრძოლა და 4. მტერზე გამარჯვება და ზეიმი.

ცეკვა “ხორუმის” მთავარი არსი სისხლის უკანასკნელ წვეთამდე გამარჯვებისთვის ბრძოლაა. იგი მოგვითხრობს ქართველი ხალხის მებრძოლ სულზე, მის გმირობასა და ვაჟკაცობაზე. ცეკვა იწყება მტრის ბანაკის თვალთვალით. მებრძოლთა ერთი ჯგუფი წრეს კრავს, მეორენი მათ მხრებზე დგებიან და ისე ზვერავენ მტრის ბანაკს. როცა ყველაფერს შეისწავლიან, მეომრები კვლავ საბრძოლო წყობაზე გადადიან და “ხორუმის თავის” ანუ “თავმოსამეს” ნიშანზე ჯერ ჩაჩოქილი ეპარებიან მტერს, მერე წელში სწორდებიან და მოკლე ხანჯლებით მოწინააღმდეგისკენ მიიწევენ. “თავმოსამის” ხელში გაშლილი დროშა ფრიალებს, ნიშნად ქართველთა უძლეველობისა და სიმტკიცისა. სწორედ იმ მომენტში, როცა გამარჯვება თითქოს გარანტირებულია, უეცრად “თავმოსამე” იჭრება, წამით საბრძოლო დროშაც იხრება ქვემოთ, მაგრამ ეს მხოლოდ წამით. შემდეგ ყველაფერი ისევ ძველ მდგომარეობას უბრუნდება. გაშლილი დროშა ისევ ზეაღმართულია, ნიშნად ქართველთა უძლეველობისა. მეომრები დაჭრილ მეთაურს ზე აიტაცებენ და მოღიმარი მეთაურით ხელში ტოვებენ საბრძოლო მოედანს ანუ სცენას.

მოღიმარი მეომარი იმის სიმბოლოა, რომ ქართველ კაცს არც დაჭრის და არც სიკვდილის არ ეშინია. ქართველი სიკვდილის წინაშე არასოდეს იხრიდა ქედს, მომაკვდავიც არ ვარდებოდა სასოწარკვეთილებაში, რადგან კარგად იცოდა, რომ ეწირებოდა ყველაზე დიდ, ყველაზე მაღალ ღირებულებებს – მშობლიურ მიწა-წყალსა და მშობელ ხალხს.

“ხორუმში” ყველაზე თვალსაჩინოდ ესმება ხაზი ქართველთა ერთობის მნიშვნელობას. იმას, რაც ვახტანგ ორბელიანმა “მთელი მისი მხურვალე გულისძგერით აღთქმად დაგვიდვა, ანდერძად დაგვიტოვა, რომ ძმობა და ერთობა კლდეა და მასზე ააშენეთ თქვენი ბედნიერებაო, ამაშია ჩვენი იმედი და სასოება… ჩვენი მამა-პაპანი, ჩვენი უკეთესნი და უდიდესი მამულისშვილნი, ჩვენი გენიოსები, ჩვენი ვაჟკაცნი და მეომარნი, ჩვენი სწავლულნი და მეცნიერნი სისხლის ღვრით იღვწოდნენ, რათა მკვდრეთით აღედგინათ ჟამთა ვითარებისაგან დარღვეული და დამხობილი ძმობა და ერთობა” (წმინდა ილია მართალი).

KARIBCHE“ხევსურული” – მთაში დაბადებული ცეკვაა და თავის თავში აერთიანებს: ტრფობის, ვაჟკაცობისა და ქალისადმი პატივისცემის ელემენტებს. ამ ცეკვაში ქალის გულის მოსანადირებლად, მისთვის თავმოსაწონებლად მამაკაცებს შორის ხმლით კეჭნაობა იმართება. ქალი უდიდესი ინტერესითა და გულის ფანცქალით ადევნებს თვალს ამ ორთაბრძოლას. მისთვის არ არის ადვილი, გაარკვიოს, ვინ არის ძლიერი და ვის სასარგებლოდ უნდა გააკეთოს არჩევანი. მამაკაცები ამას გრძნობენ და არც ერთი მხარე უკან დახევას არ აპირებს. გამარჯვების წყურვილი იმდენად დიდია თითოეულში, რომ ბრძოლა უფრო და უფრო მძაფრდება. ქალს ენანება ერთიც და მეორეც. ხედავს, რომ მდგომარეობა სულ უფრო იძაბება, ინტუიციით გრძნობს მის მოსალოდნელ ტრაგიკულ დასასრულს და ამიტომაც ელვის უსწრაფესად მიგოგმანდება მორკინალ მამაკაცებთან და მათ შორის თავის თეთრ მანდილს ჩააგდებს. და ხდება სასწაული – მამაკაცები მსწრაფლ წყვეტენ ბრძოლას და ქალის წინაშე თავდადრეკილები გაქვავდებიან. თავისთავად ცხადია, ეს ცეკვა ხაზს უსვამს ქართველი მამაკაცის სიმამაცესა და ბრძოლისუნარიანობას, მაგრამ ყველაზე მეტად მის მაღალ ზნეობას, უდიდეს მოკრძალებასა და პატივისცემას ქალისადმი. ქალის მანდილი ამ ცეკვაში უდიდესი სიმბოლური დატვირთვის მატარებელი დეტალია. მასში, როგორც მხატვრულ სახეში, ცნაურდება ცეკვის საზრისი და ფილოსოფიური შინაარსი.

“სიმდი” და “ხონგა” – ეს ორივე ცეკვა ოსეთიდან იღებს სათავეს. მათ შორის ბევრი საერთოა, თუმცა ბევრია განსხვავებაც. მოძრაობები, კოსტიუმები (გრძელსახელოებიანი სამოსი, მეტისმეტად მაღალი, წოწოლა თავსაბურავები) ორივე ცეკვაში ერთნაირია. თუმცა “ხონგას” მოცეკვავეთა შედარებით მცირე რაოდენობა ასრულებს, “სიმდში” კი მათი რიცხვი გაცილებით მეტია. “ხონგას” შესრულებაში განსაკუთრებით რთული და ამასთანავე სანახაობრივად ულამაზესი მამაკაცის პარტიაა. “სიმდი” კი – წყვილთა ნელ და ზუსტ მოძრაობებზეა აგებული. ამ ცეკვის მთავარი სილამაზე მოცეკვავეთა მწკრივების რიტმულ, ერთიან ტრიალსა და მათი შავ-თეთრი სამოსის მონაცვლეობა-კონტრასტს ეფუძნება. ამ ცეკვაში მონაწილე ქალებს გრიგოლ რობაქიძე გედებს ადარებს: “თეთრი გედები. ხან ფრონტალურ გამწკრივებულნი ჰაეროვნებით. ხან მარაოდ გაშლილნი, რომელიც არეს ცისარტყელად ეფინება”.

“ყაზბეგური” – საქართველოს მთიანეთში დაბადებული ცეკვაა. იგი თავისი შინაარსითა და ქორეოგრაფიული მონახაზით გარკვეულწილად ასახავს მთის ცხოვრებისთვის დამახასიათებელ მკაცრ და ხისტ ატმოსფეროს, რაც საცეკვაო მოძრაობების დინამიზმსა და სიზუსტეში გამოიხატება. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ამ ცეკვას მხოლოდ მამაკაცები ასრულებენ და ეს ასპექტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მთის ბინადართათვის დამახასიათებელ ხასიათის სიმტკიცესა და მდგრადობას, რომლის წარმოჩენაც ცეკვა “ყაზბეგურის” მთავარი ლაიტმოტივია.

ქართული ზნე-ხასიათის თავისებურებებს წარმოაჩენს ასევე სხვა ცეკვებიც: “ხანჯლური”, რომელიც აგებულია მთიულური ცეკვის ელემენტებზე; “ფარცა”, რომელიც გურიიდან იღებს სათავეს და გამოირჩევა უსწრაფესი და ულამაზესი ილეთებით. მისი დინამიური ქორეოგრაფიული ქარგა, ურთულესი ხტომითი მოძრაობები, მოცეკვავეების მიერ სცენაზე შეკრული კამარა მაყურებელში ერთდროულად იწვევს აღფრთოვანებისა და ზეიმის განცდას; “განდაგანა”, “დავლური”, “სამაია”, რაჭული “ფერხული”, “მთიულური” და სხვ., რომლებშიც სხეულის მოძრაობებით გადმოცემულია ფიქრი, განწყობა პატარა ერისა, რომელშიც ცოცხლობს ერთსხეულად საერთო სული, “საცა მიწა “დედაა” წმინდა, ისტორია უძველესი, რომელიც თავის ათასწლებიან სიგრძეზე აგროვებს ქმედით ცოცხალ ხსოვნას. აქაა საქართველოს არსი. ეს ცხადდება ქართულ ხასიათში, ქართულ სიტყვაში, ქართულ სილაღეში, ქართულ ერქვანში, ქართულ ხმალში, ქართულ სიმღერაში” და, რაღა თქმა უნდა, ქართულ ცეკვაშიც (გრიგოლ რობაქიძე).

სტატიის ავტორი: ლელა ჩხარტიშვილი

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„გახარიას ზედმეტსახელი იყო “ბოლი” ბაქი-ბუქი ახასიათებს“-ირაკლი კობახიძე

„სამწუხაროდ, ტყუილები ახასიათებდა და ხშირად ვაწყდებოდით ამ პრობლემას, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, არჩევნების შემდეგ. ასეთი ბაქი-ბუქი ...