ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ფულის საზოგადოება-„ფული ყველაზე საშიში იარაღია, უსინდისო საზოგადოების წარმომადგენელთა ხელშია“-ვაჟა კაკაბაძე

ფულის საზოგადოება-„ფული ყველაზე საშიში იარაღია, უსინდისო საზოგადოების წარმომადგენელთა ხელშია“-ვაჟა კაკაბაძე

ფულის საზოგადოება

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ინჟინერ–გეოლოგი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ–კორესპოდენტი, პუბლიცისტი ვაჟა კაკაბაძე

`ფულის ბევრი ირონიული განმარტება არსებობს, მაგალითად: „ფული ჯოჯოხეთს ანათებს“, „ხელის ჭუჭყი“, „ტვინის ჭია“; მაგრამ, რაც არ უნდა ვთქვათ მის გარეშე საზოგადოების ფუნქციონირება შეუძლებელია. რისთვის სჭირდება ადამიანს ფული?

პირველი – არსებობისათვის შეიძინოს სურსათი, სახლი, დაიკმაყოფილოს სულიერი მოთხოვნილება, შეიძინოს ცოდნა, გაზარდოს ბავშვები, დაეხმაროს სხვას.

მაგრამ, როცა იმაზე მეტი ფული უგროვდება, რაც მის აზროვნებათა–საჭიროებას ცილდება, ის იწყებს ფიქრს, თუ რითი იყოს სხვისგან გამორჩეული და სწორედ ამ დროს ჩნდება არაფრისთვის „საჭირო“ ნივთები; სწორედ ამ დროს, განსხვავებულობის ძიებაში, იწყება აზროვნების გამრუდება, რომელიც აისახება ხელოვნებაში, ადამიანის ქცევაში, სექსუალურ ცხოვრებაში და ასე შემდეგ. და, ამ უკანასკნელ გარემოებიდან გამომდინარე ჩნდება კითხვა: ამ დროს არის თუ არა ადამიანი ბედნიერი? ოცდამეერთე საუკუნის საზოგადოება გადაჭრით იტყვის – არის. და, ამ თავის კატეგორიულ „არის“, დაამატებს: ცხოვრებას რეალურად შეხედე და აღიარე, რომ „ხელის ჭუჭყის“ გარშემო ტრიალებს მთელი საზოგადოება. უნდა დავეთანხმო?

რას იტყვით მკითხველო? ჩემი პასუხი ასეთია: ფული საჭიროა და ფული ადამიანურ ურთიერთობაზე მოქმედებს, ამ გავლენას ვერ ვუარყოფთ და, გეთანხმებით იმაშიც, რომ ეს ასე არ უნდა იყოს, რამეთუ ადამიანური გრძნობები ყველაფერზე მაღლა უნდა იდგას, თორემ ჩამოყალიბდება ფულის საზოგადოება, თუ ის უკვე არ ჩამოყალიბებულა. ერთადერთი, რასაც ფული ვერ ბილწავს ეს ღმერთია, თუმცა გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ღმერთის სახელით ხალხს ყვრნის და ამის ხარჯზე აკეთებს დიდ ფულს, იცით ალბათ ქრისტეს მიერ ვაჭრების დარბევა – როცა დაინახავს, რომ მის სახლში ებრაელებს ყიდვა–გაყიდვა გაუმართავთ. დიახ, ღმერთს არ აინტერესებს ვის რამდენი ფული აქვს, მას მხოლოდ შენი სულის სიწმინდე აინტერესებს, მხოლოდ ღმერთი გვაფასებს რეალურად, ღმერთი სიკეთეა და ის ყველა ჩვენთაგანშია, მთავარია ის დავინახოთ. საზოგადოების ერთ ნაწილს, სამწუხაროდ მცირე ნაწილს, არ მოწონს ის ფილმები და გადაცემები, რომელსაც ჩვენი ტელევიზია გვთავაზობს, არ მოსწონს ქართველი პოლიტიკოსები და ის „ფასეულება“, მაგალითად ნახატები, მუსიკა, სიმღერები და ქცევის თანამედროვე „ნორმები“, რომელიც ამჟამად აღიარებულია და რეალურ ფასეულებას არ წარმოადგენს, მაგრამ რა უნდა ქნას საზოგადოების ამ მცირე ნაწილმა, ის იძულებულია არსებული უზნეობა მიიღოს და უნებლიეთ ყალბი თამაშის მონაწილე ხდება, მაგალითად შევესწარი ორი მეგობრის შეხვედრას და მათ დიალოგს: – გამარჯობა, – გაუმარჯოს. ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და გადაეხვივნენ:

– როგორ ხარ? ბავშვები როგორ არიან? – მადლობა, ძალიან გაგვიჭირდა, უფროსი ვაჟი უმუშევარი დარჩა. – ნუ გეშინია ყველაფერი კარგად იქნება.

– შეგიძლია ხუთასი ლარი მომცე? – არა. – აბა მაშინ რას მეკითხები როგორ ვარ. და, მეგობარზე გაბრაზებული სწრაფად შეტრიალდა და წავიდა. დიახ, ჩემო მკითხველო ფული ბევრი რამის განმსაზღვრელია. აი, მე ჩემს ნათესავებს მაშინ ვახსოვდი, როცა ვჭირდებოდი, ახლა აქეთ მდებენ ბრალს და მსაყვედურობენ: „რატომ არ გვნახულობ“

– ასე ყალიბდება ყალბი საზოგადოება ანუ ფულის საზოგადოება; საზოგადოება, რომელიც არა მხოლოდ საქონელს აფასებს ფულით, არამედ ურთიერთობის საჭიროებას – ეს არის ფულის საზოგადოება – შენთან ურთიერთობას ვამყარებ მაშინ, როცა შენგან სარგებელს ველი, ან ჩემგან არაფერს მოითხოვ და ეს ურთიერთობა გახდა ნორმა, მაგრამ რა არის ურთიერთობის ნორმა? მაგალითად: წარსულში გლადიატორების ბრძოლა და არენაზე კაცის მოკვლა მაშინდელი საზოგადოებისათვის ნორმად ითვლებოდა, მამას მიყავდა თავისი შვილი ამ სანახაობაზე, ერთად უცქერდნენ და ცქერიდან სიამოვნებას ღებულობდნენ და ეს მაშინ მისაღები ანუ ნორმა იყო და ამ სანახაობაში დაუფიქრებლად იხდიდნენ ფულს, ახლაც დაახლოებით იგივე ხდება, ადამიანები სიამოვნებით იხდიან ფულს, რომ უცქირონ რინგზე ორი მოკრივე როგორ ამტვრევენ ერთმანეთს თავ–პირს და ამას შეარქვეს სპორტი, მაგრამ იმაზე არავინ არ ფიქრობს ასაკში შესულ მოკრივეს რა დაავადებები განუვითარდება მიყენებული ნოკაუტის შედეგად, ან ავიღოთ თუნდაც ძალიან უწყინარი სპორტი – ტანვარჯიში, ამ სახეობაში დაკავებულ სპორტსმენების უმეტესობას, ასაკში კუნთების კანკალი უნვითარდებათ, მაგრამ ეს ფულის საზოგადოებაა და ასაკში შესული სპორტცმენები არავის აღარ აინტერესებს, რადგან ის აღარ იყიდება.

მსგავსი ურთიერთობის ნორმები თითქმის ყველა სფეროშია განვითარებული და მისი განვითარების საფუძველი არის ის, რომ ჩვენი მართვა იყოს ადვილი, ჩვენში ვგულისხმობ მათ ვინც იცის რა არის რეალური ფასეულობა. ყოველივე ზემოთ წაკითხულის შემდეგ აუცილებლად გაგიჩნდებათ კითხვა: როგორი უნდა იყოს საზოგადოება? პასუხი: საზოგადოება უნდა იყოს ობიექტური ანუ მისი შემადგენელი ადამიანები ერთმანეთთან ურთიერთობას ამყარებენ ურთიერთსარგებლიანობის თანაბარ პრინციპზე ანუ „მე მაშინ ვხვდები მოკრივე თუ ეს ჩემი მოწოდებაა და ჩემი შერკინება შენში არ აღძრავს ძალმომრეობის და დაუნდობლობის სურვილს და შენ ჩემი შერკინების სანახავად მოდიხარ იმიტომ, რომ შეაფასო შერკინება“.

ამ შემთხვევაში მაყურებლის მიერ გადახდილი ფული არ წარმოადგენს საქონლის ღირებულების განმსაზღვრელს, ეს სიმართლეა რამეთუ ფულს იმ ადამიანის სახე აქვს ვის ხელშიც ის იმყოფება. ფულის გამო ხდება ღალატი, წინაპრების მიწის გაყიდვა, უდანაშაულოს დაპატიმრება, ყველაზე დიდი დანაშაულია როცა საკუთარ თავს ღალატობ; ალბათ ხშირად გინახავთ ხანში შესული მდიდარი ადამიანის გვერდზე ახალგაზრდა, ლამაზი ქალბატონი, ამ ქალბატონის გადაწყვეტილება დაკავშირებულია ფულთან და არა იმ გარემოებასთან, რომ ეს ხანში შესული მამაკაცი უყვარს ან საინტერესო პიროვნებაა. ეს, და სხვა უმგვანო ნორმები ჩამოაყალიბა ფულის საზოგადოებამ. ქვის ხანაში სხეულის სიშიშვლე სირცხვილს არ წარმოადგენდა, რადგანსც ეს იყო ბუნებაში არსებული ნორმიდან გამომდინარე, ხოლო თანამედროვე გარემოში სიშიშვლე სირცხვილია, მითუმეტეს მაშინ, როცა ფულის გამო იხდიან, ეს დაახლოებით ისეთივე გრძნობა, როცა გოიას ნახატს – „შიშველი მახა“ კარის ჭუჭრუტანიდან უყურებ და უყურებ საგამოფენო დარბაზში როგორც ხელოვნების ნიმუშსს –

მაშასადამე ყველა გადაწყვეტილება და ხედვა ჩვენს გონებაშია. ფულის საზოგადოება თავგამოდებით შრომობს, რომ ჩვენი ყურადღება გადაიტანოს გამრუდებულ ფასეულობებზე და ცდილობს მის ობიექტურ აუცილებლობაში დაგვარწმუნოს, მაგალითად ქორწინება ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის მიხედვიდაც ქონება წინასწარ გადანაწილებულია, რაც განქორწინების შემთხვევაში პრობლემებს ხსნის, სინამდვილეში ესაა მთავარი პრობლემა, რამეთუ თავშივე ეს ქორწინება განწირულია განქორწინებაზე, ვინაიდან შეყვარებულები ამაზე (ხელშეკრულება) არ ფიქრობენ და მათი გაერთიანება ზეცაშია ღმერთის მიერ გადაწყვეტილი და ნორმა სწორედ ეს არის.

მუსულმანურ სამყაროში გაზრდილი ქრისტიანისათვის მრავალცოლიანობა ნორმა ხდება, ხოლო ქრისტიანულ სამყაროში მცხოვრებ მუსულმანისათვის ერთ ცოლიანობა იდეალიზმია. მაშასადამე შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ გარემოება ქმნის ნორმას და, შესაბამისად, ამაში დიდ როლს თამაშობს საზოგადოება. ეროვნული ტრადიციები, სარწმუნოება, სამშობლოს ცნება, წინაპრების მიწა ფულის საზოგადოებისათვის მეორეხარისხოვანია, ისინი ამბობენ: „მიწა რატომ არ უნდა გაიყიდოს უცხოელზე თუ ეს შემოსავალს მოგვცემს?! რა, ზურგზე აიკიდებს და თან წაიღებს?“ დიახ, ფული ყველაზე საშიში იარაღია, ამ იარაღით, თუ ის უსვინდისო საზოგადოების წარმომადგენელთა ხელშია, ერების განადგურება და “რადიციული რელიგიების (ქრისტიანული, მუსულმანური, ბუდისტური და ა.შ.) დანგრევაა შესაძლებელი~ ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ინჟინერ–გეოლოგი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ–კორესპოდენტი, პუბლიცისტი ვაჟა კაკაბაძე

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს უჩივის-საქართველო რუსეთი არ არის

როგორც ცნობილია „ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს უჩივის მასზე არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო. „ პოპულარულ სერიალში ნონა ...