ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ფსორიაზი ადამიანის კანის ერთ-ერთი გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა, საქართველოში მისი გამოვლინება უმთავრესად სტრესის ფონზე ხდება

ფსორიაზი ადამიანის კანის ერთ-ერთი გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა, საქართველოში მისი გამოვლინება უმთავრესად სტრესის ფონზე ხდება

ფსორიაზი ადამიანის კანის ერთ-ერთი გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა. მას თან სდევს კანის აქერცვლა და ანთებითი ცვლილებები. დაავადება მოიცავს თითქმის მთელ სხეულს, ამავდროულად, ის გადამდები არაა. ფსორიაზის დაავადების შესახებ გვესაუბრება დერმატო-ვენეროლოგი ქეთევან მანაგაძე:

ფსორიაზი“ფსორიაზის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია. ამის გამო, შეუძლებელია ამ დაავადების სრულად განკურნება. მაგრამ თუ პაციენტი ჩაიტარებს მედიკამენტოზურ მკურნალობას, დაიცავს დიეტას, ფსორიაზი არ გამწვავდება. შესაძლებელია პროცესის შეჩერება და ავადმყოფი თითქმის განკურნებულად ჩათვლის თავს. ურჩი პაციენტების შემთხვევაში კი, როგორც ხალხშია გავრცელებული მოსაზრება, ფსორიაზი მოურჩენელი დაავადებაა.

ფსორიაზი შეიძლება შეგვხვდეს ნებისმიერი სქესისა და ასაკის ადამიანში. დღეს ისეთ გარემოში ვცხოვრობთ, რომ არსებობს რიგი ხელშემწყობი ფაქტორები, რის საფუძველზეც თავს იჩენს ეს დაავადება. საქართველოში მისი გამოვლინება უმთავრესად სტრესის ფონზე ხდება. ჩემი დაკვირვებიდან გამომდინარე, ცხინვალისა და განსაკუთრებით, აფხაზეთის ომის შემდეგ ხშირი იყო კანის ამ დაავადების გამოვლინება იმ პაციენტებში, რომელთაც ამ დრომდე მსგავსი რამ არ ჰქონიათ.

სამედიცინო ლიტერატურის თანახმად, აღნიშნული დაავადება საზღვარგარეთ, უმთავრესად, საფრანგეთსა და ამერიკაშია გავრცელებული. ამერიკაში მის წარმოშობას ხორცით კვებას უკავშირებენ, საფრანგეთში კი – ჭარბი სასმელის მიღებას.”

ქალბატონო ქეთევან, როგორ ვრცელდება და რა ფორმით იჩენს თავს ფსორიაზი?

ფსორიაზი მემკვიდრეობითაც გადადის, თუ დედ-მამა ამ დაავადების მატარებელია, შვილზე მისი გადასვლის შესაძლებლობა გაცილებით დიდია. ფსორიაზი ორსულობის დროსაც შეიძლება დამოუკიდებლად გამოვლინდეს, მშობიარობის შემდეგ კი პაციენტს სრულად გაუქრეს. ანუ ზუსტად წარმოშობის მექანიზმი არაა ცნობილი.

კანის დაავადებადაავადება ძირითადად ვლინდება მოწითალო ფერის ლაქებისა და პაპულების სახით (პატარა გამონაყარი), რომელთაც ქერქი, სქელი ფენის სახით, ისე სწრაფად უჩნდებათ, რომ პაციენტმა და, მითუმეტეს, ექიმმა შეუძლებელია მისი ნახვა მოასწროს. ცხადია, ავადმყოფი ექიმთან მალე არ მიდის. ქავილი კი მაშინ მიმდინარეობს, როცა პროგრესირებს თვითონ დაავადება.

ლაქები და პაპულები ნელ-ნელა იზრდება, შეიძლება გაერთიანდეს, ხოლო ქერქი, რომელიც ქატოსებრია, შეიძლება ჩამოიფცქვნას. მოგვიანებით შუაში ჩნდება რგოლები, რომლებიც გაიშლება, ერთმანეთს შეუერთდება და რვაკუთხედის, გვირილის, ან სხვადასხვა ფორმებს იღებს. ის შეიძლება მოედოს მთელ ორგანიზმს, განსაკუთრებით კი იმ ადგილებს, სადაც კონტაქტი მეტია: იდაყვებზე, მუხლებზე, თმიან არეში… შეიმჩნევა წარბების, ფრჩხილების დაზიანება… შეიძლება გამოიწვიოს სახსრების მწვავე ტკივილი.

დაავადება გადამდები არ არის. პაციენტების ნაწილს ის ზამთარში, ან ზაფხულში უმწვავდებათ. იშვიათადაა შემთხვევები, როცა დაავადება მთელი წლის განმავლობაში ვლინდება. ცხადია, შესაძლოა ამ პერიოდში საერთოდ არ გაქრეს ეს ელემენტები, მაგრამ ზოგიერთი ადამიანი უკვე ნაკლებად აღიქვამს მას. შესაბამისად, მას ზაფხულის, ან ზამთრის ფსორიაზს ვუწოდებთ.

როგორ მიმდინარეობს ფსორიაზის მკურნალობა?

მკურნალობა აუცილებლად დიეტით უნდა დავიწყოთ, მოვაწესრიგოთ კვება. გამოირიცხოს ალკოჰოლი, მწარე, მჟავე, ხორცი კი – ნაკლებად მივიღოთ. პაციენტებს ამ დროს ვუნიშნავთ ღვიძლის პროტექტორს. შესაბამისად, ყურადღება უნდა გავამახვილოთ ღვიძლის მოვლაზე. ამასთან, არსებობს მალამოები, რომლის შემცველობა ქერქის დარბილებასა და მოცილებას იწვევს.

თანამედროვე მკურნალობაში არის ძალიან კარგი პრეპარატების ნაკრები, რომელიც მოქმედებს და გარეგნულად კარგად ასუფთავებს კანს. თუ ამას შინაგანად მიეხმარება ადამიანი, დაიცავს დიეტას, მიიღებს ამ პრეპარატებს, ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში კარგად იქნება. მყავს რამდენიმე პაციენტი, რომლებიც აღნიშნულ წესებს სრულად იცავენ.

ფსორიაზით დაავადებული პაციენტებისთვის კარგია ზღვა, წყლის აბაზანების მიღება, კარგად მოქმედებს გოგირდოვანი აბანოები. მკურნალობის ასეთი მეთოდის ჩატარებისას ადამიანები თავისუფლდებიან, შესაბამისად, ნაკლებად მწვავდება ფსორიაზიც.

წყარო: „ამბიონი“

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ეთერშია ”კური”-გვამცნობს ქიბარსალიზებული ხმა“

  „ფრიად სანდო წყაროები ირწმუნებიან, რომ საბოლოოდ გადაწყვეტილა ”კურიერის” წამყვანთა ვინაობა. მას ქიბარ ხალვაში და ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com