ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „სარკოზი-მედვედევის ხელშეკრულება, რომელიც ჯერ კიდევ არ შესრულებულა

„სარკოზი-მედვედევის ხელშეკრულება, რომელიც ჯერ კიდევ არ შესრულებულა

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

saaka

2008 წლის 12 აგვისტოზე, როდესაც ევროკავშირის იმჟამინდელი თავმჯდომარე, საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი თბილისში ჩამოვიდა, რუსეთის ავიაცია ჯერ ისევ ბომბავდა საქართველოს ტერიტორიებს და ვრცელდებოდა არაერთი ცნობა ქართული სოფლებიდან ქართველების დევნისა და მათთან ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ.

სარკოზი თბილისში მოსკოვიდან ჩამოვიდა და თან რუსეთის პრეზიდენტთან შეთანხმებული გეგმა ჩამოიტანა, რომელსაც,ოფიციალური ინფორმაციით, გარკვეული ცვლილებების შემდეგ, საქართველომ – 15 აგვისტოს, ხოლო რუსეთმა 16 აგვისტოს მოაწერეს ხელი. მიუხედავად ამისა, დოკუმენტი ცნობილია 12 აგვისტოს ხელშეკრულების სახელით, რომელსაც ხშირად და სხვადასხვა დონეზე სარკოზი-მედვედევის ექვსპუნქტიან გეგმასაც უწოდებენ.

მოსკოვიდან ღამით ჩამოსული, აეროპორტიდან ის პირდაპირ პრეზიდენტ სააკაშვილთან მოსალაპარაკებლად გაემართა და რთული საუბრის შემდეგ ასეთი განცხადება გააკეთა:

„სავსებით ნორმალურია, რომ რუსეთს სურს დაიცვას თავისი ინტერესები და რუსების ინტერესები რუსეთის შიგნით, ისევე როგორც რუსულენოვანი მოსახლეობისა რუსეთს გარეთ… და ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, ვგულისხმობ საერთაშორისო თანამეგობრობას, გვსურს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის გარანტიის შექმნა”.

მედვედევთან უკვე შეთანხმებულ ხელმოსაწერ დოკუმენტს, საქართველოს პრეზიდენტმა მხოლოდ სამი დღის შემდეგ, გარკვეული ცვლილებების შეტანის მერე, 15 აგვისტოს მოაწერა ხელი. ხელმოწერას წინ უსწრებდა შეერთებული შტატების მაშინდელ სახელმწიფო მდივანთან, კონდოლიზა რაისთან, თბილისში გამართული ოთხსაათნახევრიანი საუბარი. იმ დღეს ითქვა, რომ საქართველომ ხელი მოაწერა საფრანგეთის შუამავლობით მომზადებულ დოკუმენტს რუსეთსა და საქართველოს შორის ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე.

თუმცა, როდესაც მეორე დღეს რუსეთის ხელმოწერის ჯერი დადგა, კრემლმა განაცხადა, რომ ხელი მოაწერა საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტების მიერ ერთობლივად მომზადებულ გეგმას, რომელიც ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებდა ქართულ და ოსურ მხარეებს და რომელზეც ხელმოწერა საქართველოს სეპარატისტული რეგიონების ლიდერებმაც დატოვეს. კრემლის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 16 აგვისტოს ხაზგასმით აღნიშნა, ჩვენ სააკაშვილის მიერ შემოკლებული და გადაკეთებული დოკუმენტისთვის ხელი არ მოგვიწერია, ჩვენ ხელი სარკოზი-მედვედევის შეთანხმებას მოვაწერეთო. ამით რუსეთი ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტს აგვისტოს ომში რუსეთი არა აგრესიულ მხარედ, არამედ კონფლიქტის დარეგულირების მსურველ ძალად ჰყავდა წარმოდგენილი.

12 აგვისტოს შეთანხმება 8 სექტემბერს კონკრეტული ნაბიჯების დაგეგმვით დაზუსტდა და სწორედ ამ დოკუმენტის გათვალისწინებით შემოვიდნენ საქართველოში ევროკავშირის მეთვალყურეები. თუმცა, იმ დროისთვის კრემლს საქართველოს სეპარატისტული რეგიონები უკვე დამოუკიდებელ ქვეყნებად ჰყავდა აღიარებული. მსოფლიო ლიდერები სამშვიდობო შეთანხმებების შესრულებას რუსეთს სხვადასხვა ტრიბუნიდან მუდმივად, მაგრამ ჯერ ისევ ამაოდ შეახსენებენ.

 

მხარეთა 2008 წლის 12 აგვისტოს მედვედევის-სარკოზის გეგმით გათვალისწინებული იყო, რომ რუსეთს შემდეგი ვალდებულებები უნდა შეესრულებინა;

1 – შეიარაღებულ ძალთა გაყვანა

ყველა რუსული საჯარისო შენაერთის ფოთიდან სენაკამდე 5 ბლოკ-საგუშაგოდან მაქსიმუმ 7 დღის ვადაში გაყვანა, 8 სექტემბერს ხელმოწერილი იმ სამართლებრივი დოკუმენტის გათვალისწინებით, რომელიც ითვალისწინებს აფხაზეთის წინააღმდეგ ძალის არ გამოყენების ვალდებულებას.

რუსული სამშვიდობო ჯარების სრული გაყვანა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმდებარე ზონებიდან და მათი დაბრუნება იმ პოზიციებზე, სადაც ისინი შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებამდე იმყოფებოდნენ.

2 – საერთაშორისო სადამკვირვებლო მექანიზმები

UNOMIG-ის საერთაშორისო დამკვირვებლები გააგრძელებენ თავიანთი მანდატით განსაზღვრულ საქმიანობას მათი პასუხისმგებლობის ზონებში იმავე რაოდენობრივი შემადგენლობითა და განლაგების სქემის მიხედვით, როგორც იყვნენ 2008 წლის 7 აგვისტოს, ვიდრე გაეროს უშიშროების საბჭოს შესაძლო მომავალი გადაწყვეტილება არ შეიტანს რაიმე ცვლილებას.

ეუთოს საერთაშორისო დამკვირვებლები გააგრძელებენ თავიანთი მანდატით განსაზღვრულ საქმიანობას მათი პასუხისმგებლობის ზონებში იმავე რაოდენობრივი შემადგენლობითა და განლაგების სქემის მიხედვით, როგორც იყვნენ 2008 წლის 7 აგვისტოს, ვიდრე ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს შესაძლო მომავალი გადაწყვეტილება არ შეიტანს რაიმე ცვლილებას.

უნდა დაჩქარდეს მოსამზადებელი ღონისძიებები, რათა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთის მიმდებარე ზონებში განლაგდნენ საკმარისი რაოდენობის დამატებითი დამკვირვებლები, რათა მათ ჩაანაცვლონ რუსული სამშვიდობო ჯარები 2008 წლის 1 ოქტომბრამდე, ამ დამკვირვებელთაგან არანაკლებ 200 გამოაგზავნის ევროკავშირი.

ევროკავშირი, როგორც ძალის არგამოყენების პრინციპის გარანტორი არსებული სადამკვირვებლო მექანიზმების გარდა, დამატებით აქტიურად ამზადებს სადამკვირვებლო მისიის განლაგებას.

3 – საერთაშორისო დებატები (მოლაპარაკებები)

მედვედევ-სარკოზის მიერ ხელმოწერილი 2008 წლის 12 აგვისტოს 6-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული საერთაშორისო მოლაპარაკებები დაიწყება 2008 წლის 15 ოქტომბერს ქ. ჟენევაში. მოსამზადებელი საუბრები დაიწყება უკვე სექტემბერში.

ისინი ძირითადად შეეხება:

– რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოების ღონისძიებებს;

– ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულთა საკითხი,  საერთაშორისო დონეზე აღიარებული პრინციპებისა და პოსტ-კონფლიქტური დარეგულირების პრაქტიკის საფუძველზე;

– მხარეთა ერთობლივი თანხმობით დამატებით, ნებისმიერი სხვა საკითხი.

გავრცელებულია 2008 წლის 10 სექტემბერს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.

საერთაშორისო საკითხების ექსპერტ სოსო ცინცაძე „მეტრონომთან“ ამბობს, რომ მედვედევი-სარკოზის ხელშეკრულება არ არის ბიბლიური დოგმა, რომელიც შეიძლება სულ არსებობდეს. ცინცაძის განცხადებით, ყველა ხელშეკრულებას ვადა გასდის, მითუმეტეს 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულება დროში გაწერილი არ ყოფილა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ხალხს სათესლე მასალა შემოეჭამა,500 ლარიანი ვაუჩერები გამოყონ“

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში „ხალხს ამ მძიმე გაზაფხულის ფონზე სათესლე მასალა შემოეჭამა, სანამ სეზონია 500 ლარიანი ...