ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / პროვოკაცია თრუსოს ხეობაში

პროვოკაცია თრუსოს ხეობაში

ახალი პროვოკაცია და საფრთხეები, რომელსაც საქართველო რუსეთიდან თრუსოს ხეობაში უნდა ელოდოს – დღეს დილას  ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ კობში, ძველი სასაფლაოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი ე.წ. ოსური დროშა და ხელნაკეთი ხელყუმბარა არსებული საფრთხეების  ნათელი მაგალითია -ამის შესახებ „რეზონანსთან“ ანალიტიკსოები აცხადებენ.

ადგილობრივი მოსახლეობა კი „რეზონანსთან“ ყვება, რომ მათ მსგავსი დროშები სოფელ კობში არაერთხელ უნახავთ. აღსანიშნავია, რომ ხეობაში ოსების საფლავებია, სადაც, სავარაუდოდ, სწორედ ე.წ. ოსეთის დროშები ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ნახეს.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრი, ჟურნალისტი ლაშა ბერულავა, რომელიც შემთხვევის ადგილას იმყოფებოდა, „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ , სავარაუდოდ, დროშის ტარი დანაღმული  იყო და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს ინფორმაცია დამალა. ადგილზე მისულ ჟურნალისტს  ფოტოების გადაღების საშუალებას   სწორედ ამის გამო არ აძლევდნენ.

ბერულავა ამბობს, რომ ასევე, თვითნაკეთი ხელყუმბარა ტურისტულ ჩანთაში იყო მოთავსებული, რომელიც  სასაფლაოზე იდო.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს სასაფლაო  სავარაუდოდ, ქართველის არ არის და იქ ერთ-ერთი ადგილობრივი ოსია დამარხული, რომლის ოჯახიც ჩრდილოეთ ოსეთში ცხოვრობს.

„თრუსოს ხეობაში მორიგი გასვლის დროს შეგხვდნენ რუსულენოვანი ევროპელი ტურისტები, რომლებმაც გვითხრეს, რომ სოფელ კობში, ერთ-ერთ სასაფლაოსთან პოლიცია იყო მობილიზებული და ტურისტებს იქ გადაადგილებისკენ თავის შეკავებას ურჩევდნენ.

„ჩვენ მაშინვე იქით გავემართეთ. როგორც კი მივედი, ფოტოების გადაღება დავიწყე. დავინახე პლასმასის ჯოხები ერთმანეთზე როგორ იყო გადაბმული. სავარაუდოდ, დროშა იყო ზედ დამაგრებული.

„პოლიციამ მაშინვე გადაღება ამიკრძალა. შეეშინდათ, რომ დროშის დაფიქსირება არ მომესწრო. მერე განვუმარტე, რომ ჟურნალისტი ვიყავი და ხელს აღარ მიშლიდნენ.

„ვფიქრობ, ეს იყო კარგად გამიზნული პროვოკაცია და მათ იცოდნენ, რომ ტურისტები ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროშას ვერ იცნობდნენ და არ შეეხებოდნენ. ამიტომ მათ ქართველების აფეთქება ჰქონდათ გამიზნული. იცოდნენ, რომ  ქართველი  დროშის ჩამოსახსნელად მივიდოდა.

„ეს იყო ტურისტად მისული პირი, რომელმაც რუსების დავალება შეასრულა. თრუსოს ხეობაში სიტუაცია საკმაოდ საფრთხილოა, რუსების აქტიური გადაადგილება შეინიშნება. ამას ადგილობრივები ჩემთან საუბარშიც ადასტურებენ. ჩვენ ვაპირებთ დრონებით იქ ასვლას და დაბანაკებას. მშვიდობიანი გზით გვსურს რუსების მოძრაობის გაკონტროლება და შეფასება“, – აცხადებს ბერულავა „რეზონანსთან“.

კავკასიოლოგი მამუკა არეშიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ეს არის პროვოკაცია და არა სამხედრო ოპერაცია. მისი თქმით, როგორც ჩანს, ერთ-ერთი ოსი თავისი წინაპრის საფლავზე იყო მისული და მოახდინა დემონსტრირება, რომ ვითომ ეს ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოს ტერიტორიაა.

ანალიტიკოსი ამბობს, რომ ახლა ოსებმა ახლი იდეოლოგია მოიგონეს, რომ თითქოს „აღმოსავლეთ ოსეთი“ არსებობს.

კავკასიოლოგი ამბობს, რომ თავად ამის მომფიქრებლები არ არიან და როგორც ჩანს, ეს კრემლში გადაწყდა. არეშიძე გამორიცხავს, რომ ტერიტორია დანაღმული ყოფილიყო. ის ფიქრობს, რომ ეს მხოლოდ ქართველების გასაღიზიანებლად დაგეგმილი პროვოკაციაა.

„ეს არის ოსის მიერ გაკეთებული, რომლემაც რუსების დავალება კარგად შეასრულა. თრუსოს ხეობაში არის ოსური საფლავები, სადაც იქ ადრე მცხოვრები ადგილობრივი  ოსები არიან დაკრძალული. შეიძლება ეს ჩრდილო ოსეთიდან ტურისტად გადმოსული ადამიანი ყოფილიყო.

„კობის  და თრუსოს ხეობის ოსები ჩრდილო კავკასიაში ცხოვრობენ. ისინი, ბორჯომის ხეობისგან განსხვავებით, 90 წლებში არავის გაუყრია, სოცილურ-ეკონომიკური პირობების გამო თავად წავიდნენ. რუსებს აქვთ შექმნილი ამ ხალხისგან გაერთიანება, რომლსაც „დარიალი“ ჰქვია. არ არის გამორიცხული, რომ ეს რომელიმე მათი წევრისგან იყოს გაკეთებული.

„ჩვენები, როგორც ვიცი, მესაზღვრეების რაოდენობის გასაზრდელად ინფრასტრუქტურასაც აგებენ. წლების განმავლობაში ამ ხეობის ძალიან დიდი სივრცე უკონტროლო იყო. იქვე არის ურუსტას უღელტეხილი, რომლიდანაც ზაფხულის პერიოდში სამხრეთ ოსეთიდან შემოსვლა პრობლემას არ წარმოადგენს.

„კობიდან მლეთამდე შორს არ არის, მლეთის უკან კი მდებარეობს ფერდობი, რომლის იქითაც ე.წ. სამხრეთ ოსეთია. ზოგიერთ რუკაზე, რომლიც ოსებმა გაავრცელეს, ეს ფერდობიც კი მათ შემადგენლობაში შედის. ეს საკმაოდ რთული ადგილია და განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება“, – აცხადებს არეშიძე „რეზონანსთან“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  ყაზბეგის რაიონის სოფელ კობში, სასაფლაოზე ნაპოვნი ხელყუმბარა საბრძოლო მდგომარეობაში არ იყო მოყვანილი. შსს-ს ცნობით, აღმოჩენილი საბრძოლო მასალა დაილუქა და ექსპერტიზაზე გადაიგზავნა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე (მკვლელობის მომზადება) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა) მუხლებით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას, თითქოს სოფელ კობში, სასაფლაოს ტერიტორიაზე აღმართული იყო ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროშა.

თრუსოს ხეობაზე პრეტენზია კი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ  ჟენევის მოლაპარაკებების 44-ე შეხვედრაზე გამოთქვა. მათი ინფორმაციით,  „ბოლშევიკების გადაწყვეტილება საქართველოსთვის ოსეთის აღმოსავლეთ ნაწილის გადაცემის შესახებ, უკანონოა და ანექსიას წარმოადგენს“.

სააგენტო „რეს“-ის მიერ 27 ივნისს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დე ფაქტო ხელისუფლება „აღმოსავლეთ ოსეთად“ მიიჩნევს თრუსოს ხეობას და კობის ქვაბულს, რომლებიც „ოსი ხალხის ნების გარეშე ბოლშევიკებმა უკანონოდ მოგლიჯეს ახლადშექმნილი საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის სასარგებლოდ“.

ისტორიკოსი მალხაზ ვახტანგიშვილი, რომელმაც ცოტა ხნის წინ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია საქართველოს ტერიტორიაზე ოსთა განსახლების და ქართულ-ოსური ურთიერთობების შესახებ, აცხადებს, რომ  ე.წ. აღმოსავლეთ ოსეთი არ არსებობს.

ისტორიკოსი ამბობს, რომ  არანაირი ოსური კვალი არ არსებობს არათუ დუშეთის და არაგვის ხეობაში, არამედ ე.წ. სამხრეთ ოსეთშიც. მისი განცხადებით, ისტორიულ ჭრილში ოსებს არ აწყობთ, რომ ეს პაექრობა შედგეს, რადგან არანაირი დოკუმენტი არ გააჩნიათ, მაგრამ ცდილობენ რუსეთის დახმარება გამოიყენონ და მაქსიმალურად მეტი ტერიტორია მიითვისონ.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

დარეჯან მეფარიშვილი:. „ სააკაშვილის შვილი „ჩერდაკში“ აღარ ცხოვრობს…? სააკაშვილს შევახსენებ რა თანხები გაფლანგა..“

 ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ხელისუფლებაში ყოფნის დროს გაფლანგულ ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com