ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „მადლობ უფალო, საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია,ღმერთმა ინებოს, რომ მომზადებული შევხვდეთ მაცხოვრის მეორედ მოსვლას“ – ილია მეორე

„მადლობ უფალო, საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია,ღმერთმა ინებოს, რომ მომზადებული შევხვდეთ მაცხოვრის მეორედ მოსვლას“ – ილია მეორე

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში
მირქმის დღესასწაულზე პატრიარქმა სამებაში იქადაგა

მირქმის დღესასწაულზე პატრიარქმა სამებაში იქადაგა

Posted by TV Imedi on შაბათი, 15 თებერვალი, 2020
მირქმა

პატრიარქმა მართლმადიდებლებს მირქმის დღესასწაული მიულოცა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩვენთან არს ღმერთი. გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს, მირქმას. ეს არის იმდენად დიდი დღესასწაული, რომ წმინდა მამები ამბობენ, აღდგომის ტოლია. აღდგომა, სულიერი აღდგომა მოგმადლოთ უფალმა. დღეს არის შეხვედრა ძველი და ახალი აღთქმის. დღეს არის შეხვედრა და განახლება ერისა. წყალობა ღვთისა და სასუფეველი ცათა იყოს თქვენთან. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, ღმერთმა ინებოს, რომ მომზადებული შევხვდეთ მაცხოვრის მეორედ მოსვლას.

მირქმა, ანუ მიგებება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი სხვანაირად აღნიშნავს, თანამედროვე ქართულად რომ გადმოვთარგმნოთ, გულში ჩახუტებას, ანუ გულზე მიკვრას. ვინ მიიკრეს გულში? რატომ მიიკრეს გულში? აი, ამაზე უნდა ვისაუბროთ.

ქრისტეს შობამდე სამი საუკუნით ადრე ეგვიპტის მეფემ პტოლემეოს ფილადელფოსმა მოისურვა, რომ წმიდა წერილი, ანუ ძველი აღთქმის წიგნები ებრაულიდან ბერძნულ ენაზე გადაეთარგმნათ. საქმეს შეუდგნენ მაშინდელი განსწავლული ადამიანები. ისინი იყვნენ სამოცდათორმეტი და განაწილებული ჰქონდათ ეს წიგნები. ერთ-ერთი იყო მათ შორის, კეთილმსახური ადამიანი – სვიმეონი, რომელსაც ესაია წინასწარმეტყველის წიგნი შეხვდა. წმიდა ესაია წინასწარმეტყველი ერთ ადგილას ასეთი რამეს სწერს: “აჰა, ესერა, მიუდგეს ქალწული და შვეს ძე და უწოდიან სახელი მისი ემმანუელ”(ეს. 7,14). ეს სიტყვები სვიმეონს დიდად დააეჭვებს და გაიფიქრებს: “თუ ქალწულია, როგორ უნდა შვას ძეო”. ის იყო დააპირა სიტყვა “ქალწულის” შეცვლა “დედაკაცით”, რომ უცაბედად გამოეცხადება ანგელოზი და აუწყებს მას, რომ: “სვიმეონ, გწამდეს, რაც წერია და საკუთარი თვალით იხილავ, როგორ აღსრულდება ეს სიტყვები, რამეთუ არ მოკვდები, სანამ არ იხილავ ქალწულისაგან შობილ მაცხოვარს”.

აი, ასეთი ამბავი უძღვის მირქმის დღესასწაულს წინ. ეს ხდებოდა, როგორც გითხარით დაახლოებით სამი საუკუნით ადრე ვიდრე ქრისტეს შობამდე. ხოლო უკვე იესო ქრისტეს შობის შემდგომ, როდესაც ის ორმოცი დღის შესრულდა, სჯულისმიერი წესის მიხედვით ოჯახში შობილი პირველი შვილის, პირველი ბიჭის სახელზე უნდა მიტანილიყო შესაწირავი ტაძარში.

ღვთისმშობელმაც, მართალ იოსებთან ერთად აღასრულა სჯულის განწესება და იერუსალიმის ტაძარში მივიდა მსხვერპლის შესაწირად. სწორედ ამ დროს მოხდება საოცარი რამ; როგორც კი შევიდნენ ტაძარში, მათკენ გამოემართება ღრმად მოხუცებული, უკვე სამ ასწლეულს გადაცილებული, ჩვენ მიერ ზემოთ ნახსენები სვიმეონი. ის სვიმეონი, რომელსაც ანგელოზმა აუწყა, რომ სანამ არ იხილავ ქალწულისაგან შობილ კაცობრიობის მხსნელს, მანამდე იცოცხლებო. წარმოიდგინეთ ახლა თქვენ სვიმეონის სულიერი მდგომარეობა. ის ხომ სამ საუკუნეზე მეტი ხნისაა. რაოდენ დაუძლურებული, მოხუცებული, გატანჯული და გათანგული იქნებოდა იგი ამ ცხოვრებისგან?! რამდენ თაობას გამოივლიდა?! რამდენ ტკივილსა და მწუხარებას გადაიტანდა?!

მოხუცი და მრავალტანჯული სვიმეონი ანგელოზისგან ნაუწყები ყრმის მოვლინების მოლოდინით ცხოვრობს; მუდმივად ტაძრის წიაღში მყოფობს და გაფაციცებით იყურება ტაძრის კარიბჭისკენ. ერთხელაც, სწორედ დღევანდელ დღეს, ტაძარში შემოდის ღვთისმშობელი ყრმა იესოთი ხელში; დაინახავს მას მოხუცი სვიმეონი და სულიწმიდის შთაგონებით მაშინვე ამოიცნობს მასში სამყაროს შემოქმედს და იმ ყრმას, რომლის მოვლინებაზეც იყო დამოკიდებული მისი ამ ქვეყნიდან გასვლა. სვიმეონი დიდი სიხარულით შეეგებება მაცხოვარს, გულში ჩაიკრავს მას და აღტაცებისგან შემდეგ სიტყვებს წარმოთქვამს: „აწ განუტევე მონა შენი, მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით”(ლკ. 2,29). აი, დადგა ჟამი ჩემი განსვენებისაო: „რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარება შენი”(ლკ.2,30). ვინც უნდა მეხილა, ვისი სასწაულებრივად ქალწულისაგან შობა ვერ ვირწმუნე, აწ უკვე მოსული და განხორციელებულია. ეს, ერთი მხრივ, იყო სასჯელი ურწმუნოების გამო და მეორე მხრივ, უდიდესი პატივი, რამეთუ მაცხოვარს უნდა შეხვედროდა და უნდა განედიდებინა იგი: „რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარება შენი, რომელი განუმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა. ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა და დიდებად ერისა შენისა ისრაელისა”(ლკ. 2,30-32). ანუ ის ნათელი მარტო სვიმეონისთვის ხომ არ მოევლინა?! არამედ ყოველთა წარმართთა ზედა და ყოველსა ზედა ისრაელსა. განუზომელია მართალი სვიმეონის სიხარული. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ წარმოთქვამდა იგი ამ სულისშემძვრელ სიტყვებს, რომლითაც საკუთარი აღსასრულსაც მოასწავებს და მაცხოვრის შობასაც. შემდგომ სულიწმინდით მეტყველი სვიმეონი ღვთისმშობელს მიმართავს: „თვით შენსაცა სულსა განვიდეს მახვილი, რათა განცხადნენ მრავალთაგან გულთა ზრახვანი”(ლკ. 2,35). ამით ღვთისმშობელს ეუწყა ის უსაზღვრო მწუხარება, რისი მომსწრეც შეიქმნებოდა იგი საკუთარი მხოლოდშობილი ძის ჯვარცმისა და ტანჯვა-წამების სახით.

ამის შემდგომ მართალი სვიმეონის შესახებ აღარაფერს წერს წმიდა წერილი, თუმცა როგორც თავად მისმა ბაგეებმა წარმოთქვეს და საეკლესიო გადმოცემა გვასწავლის, მან მალევე მიაბარა სული უფალს.

აი, ასეთ სასწაულთან არის დაკავშირებული მირქმა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, ანუ გულში ჩახუტება მისი მხცოვანი იოსებისაგან. თუმცა წმიდა წერილი ყრმა იესოს ტაძარში მიბრძანების ამბავს ამით როდი ასრულებს. სვიმეონის გარდა, იესოს ტაძარში ელოდებოდა ერთი მოხუცი ქალბატონი, ანნა წინასწარმეტყველი, ასული ფანოელისი, ტომისაგან ასერისა. ამ ქალბატონს თურმე შვიდი წელი უცხოვრია მეუღლესთან ერთად, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ არ განშორებია ტაძარს და თავის ცხოვრებას მარხვასა და ლოცვაში ატარებდა. ის უკვე ოთხმოცდაოთხ წელს იყო მიღწეული. წმიდა ანნა სვიმეონის მსგავსად მაცხოვრის მოსვლას ელოდებოდა. სწორედ ესოდენ სიწმინდის გამო ისიც ღირსი შეიქმნა მაცხოვრის ხილვისა და მკლავთა ზედა მირქმისა.შემდგომ ამისა, წმიდა ანნა ქადაგებდა და ახარებდა მაცხოვრის განხორცილებას „ყოველთა, რომელნი მოელოდეს გამოხსნასა იერუსალიმს შინა”(ლკ. 2,38). ამრიგად, ამ სასწაულთან არის დაკავშირებული დღევანდელი დღე. იმ უდიდეს სიხარულთან, რომელიც მიიღო მართალმა სვიმეონმა სამსაუკუნენახევარი ლოდინის შემდგომ და წმიდა ანნა წინასწარმეტყველმა საოცარი წმიდა ცხოვრების შედეგად. მათი მოლოდინის აღსრულებით კი ჩვენ მოგვესწავა ორი რამ: ერთი ის, რომ ღვთისმშობელი მარადის ქალწულია და მეორე ის, რომ კაცობრიობას მოევლინა მაცხოვარი.

ღმერთმა ქნას, რომ ჩვენც ასეთივე მოლოდინი გვქონოდეს ღმერთისა, რადგან ყოველი ჩვენი ტაძარში მოსვლა, ეს არის ასევე ქრისტესთან შეხვედრა. სიხარულით უნდა მივეგებებოდეთ ხოლმე ყოველ დილას, რადგან ყოველი დღე ხომ უფალთან შეხვედრის ახალი მოლოდინია. აი, ამ სიხარულით უნდა წარმოვთქვამდეთ ხოლმე ლოცვას, რამეთუ სწორედ ამ შემთხვევაში ხდება ჩვენი გულის კარის გაღება მაცხოვრისადმი და მაშინ უკვე ჩვენ კი არ ჩავიკრავთ მას, არამედ ის მიგვიღებს, ჩაგვიკრავს და მოგვმადლებს თავის უსაზღვრო მადლს.

ღმერთმა მრავალს დაგასწროთ, გაგაძლიეროთ და მაცხოვრისადმი ყოველდღიური მოლოდინით გვამყოფოს, ხოლო მასთან მოლოდინის სიხარული არასდროს გამქრალიყოს ჩვენ გულებში!

ჩვენთან არს ღმერთი!”

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„მგონი ყველა გავგიჟდებით, ვინც ცოცხლები დავრჩებით-დახმარებების გაცემაც მთავრდება, 20 წლის ნალოლიავები ფონდიც გაკოტრდა..“

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში დავით კინწურაშვილი–საქველმოქმედო ფონდი “მომავლის გზა”დამფუძნებელი „მგონი ყველა გავგიჟდებით ვინც ცოცხლები დავრჩებით😢😢😢ერთი დღე ...