ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „კუპრავა წამოხტა – „მე, ამ საქმიდან, თანამდებობას ველოდები, ძმაოო! “- გადამეკეტა მაშინ, გადამეფარა თვალზე რაღაც, ერთი წავუთაქე კიდეც….“-ზაზა სარალიძე

„კუპრავა წამოხტა – „მე, ამ საქმიდან, თანამდებობას ველოდები, ძმაოო! “- გადამეკეტა მაშინ, გადამეფარა თვალზე რაღაც, ერთი წავუთაქე კიდეც….“-ზაზა სარალიძე

„დეტალურად მოგიყვებით, რა მოხდა ჩემსა და კუპრავას შორის“ – ზაზა სარალიძის სკანდალური ინტერვიუს სრული ვერსია!

         ზაზა სარალიძის აღსარება!   (ნაწილი მეოთხე)

 

 

გაგრძელება, დასაწყისი იხილეთ

პირველი ნაწილი

მეორე ნაწილი

მესამე ნაწილი

 

ზაზა სარალიძე:          

–         რას გაიგებ, თამო, ვინ ვისკენაა, ვინ ვისი მომხრეა, ვინ რას ხლართავს და ვის უჭერს სინამდვილეში მხარს, როგორ გაიგებ? ფაქტი არის ერთი, რუსთავი 2 -ის ერთ-ერთმა წამყვანმა ჟურნალისტმა გამაფრთხილა, არ ესაუბრო ამ ტელეფონით ხელისუფლების წარმომადგენლებსო.

–         ვინ გაჩუქათ ტელეფონი? ნაციონალია?

–         ტელეფონი კუპრავამ მაჩუქა. მართალია, მისთვის სხვას მიუცია, მაგრამ – ეს მერე გავიგე, კუპრავამ თავის საჩუქრად მაჩუქა. არ ვიცი, ვინ მისმენდა იმ ტელეფონით, დღემდე არ ვიცი, მაგრამ – ხელისუფლება ისედაც მისმენდა და ასედაც, თან ზუსტად ეგ გამაფრთხილეს, ამ ტელეფონით, ხელისუფლებას ნუ ესაუბრებიო, ე.ი. ვიღაც სხვა ისმენდა ჩემს საუბარს, ვიღაც სხვა და არა ხელისუფლება.

–         ყველას აინტერესებს რა მოხდა შენსა და კუპრავას შორის.

–         ვიცი და მოგიყვები ახლა. ხომ გითხარი, დღეს მინდა ყველაფერი მოვყვე, აღარ ვისაუბრებ მეტად ამ თემაზე.

კუპრავა ჩემი საუკეთესო ძმაკაცის ცოლის დეიდაშვილია, ადრეც ვიცნობდი, ჩემი შვილის მკვლელობის მერე კი არ გამიცვნია? როგორც პოლიტიკოსი ისე კი არ მოსულა ჩემთან. ვიცნობდი წლები.

სიმართლეს გეტყვი, ბევრი მეუბნებოდა, არ მიმეცა უფლება კუპრავასთვის და სხვა ნაციონალებისთვის ჩემს გვერდით დადგომის უფლება, მაგრამ მე არც ვფიქრობდი მაშინ მაგაზე და სიმართლე რომ ვთქვათ, არც მაინტერესებდა. ერთადერთი, რაც მაინტერესებდა, იყო სამართლის პოვნა.

გახსოვთ, ალბათ, კუპრავა რომ მიკროფონს მივარდა და იყვირა, მე და ზაზა ვრჩებით მეგობრებად და არა თანამებრძოლებად.

მოგიყვებით ახლა, რა უძღვოდა მაგ სიტყვებს წინ:

ერთი-ერთზე ვისხედით მე და კუპრავა კარავში. ეს ის პერიოდია, ბოდიში და, თავზე რომ გადაიჯვეს, გინდა თუ არა მთავრობა გადადგესო! დავისვი, მომისმინე, ბიძია, სისტემის შეცვლას რომ ვითხოვ, ვინაა სისტემა, მთავრობა არაა? სისტემა თუ შეიცვლება, მთავრობის შეცვლა არ გამოდის? მთავრობა გადადგეს, რომ იძახით – ეგ ისე ჟღერს, რომ რევოლუციას ვითხოვთ, ასე გაიგებს ხალხი და ეგ არ მინდა-მეთქი.

წამოხტა – მე, ამ საქმიდან, თანამდებობას ველოდები, ძმაოო!

გადამეკეტა მაშინ, გადამეფარა თვალზე რაღაც, ერთი წავუთაქე კიდეც და მანდ დამთავრდა კუპრავას მიმართ ჩემი ნდობა. მეტიც, ყველას მიმართ დამთავრდა ჩემი ნდობა მაგ დღეს, ყველას ეჭვის თვალით ვუყურებდი უკვე. მართალია, ვიცოდი და ვგრძნობდი, რომ მიყენებდნენ და ყველა რაღაცას ელოდა ჩემს გვერდში დგომისგან – სულელი კი არ ვიყავი, მაგრამ – რაღაც გინდოდეს და ეს რაღაც, თუნდაც სისტემის შეცვლა იყოს ახლით – სხვაა და თანამდებობას რომ ელოდები, ჩემი მოკლული შვილის სისხლით და რომ მავალდებულებ, ისე მოვიქცე მეც, რომ შენ ეს თანამდებობა უეჭველად მოგცენ – მაგას უკვე რა დავარქვა აღარ ვიცი!

თუ გახსოვთ, კარვების დადგმის ნებართვა რომ მოვიპოვეთ, როგორც იქნა. აი, ზუსტად მაგის მერე დაიჭირეს კუპრავა. კი არ დაიჭირეს, უფრო სწორედ, ინსცენირებული იყო ეგაც, დააჭერინა თავი.

მომდის მესიჯი „ვოთსაფში“ კუპრავასგან და ეგრევე მომდის მეორე მესიჯი – ბოდიში, შემეშალა.

რა ეწერა ახლა პირველ მესიჯში: შოკში ვარ, აღარ ვიცი, რა გავაკეთო. ხალხი გვაკლდება, აღარ ვიცი, როგორ გავუძღვე. მირჩიე რამე. ამ მესიჯს წერდა სხვას და შეცდომით გამოაგზავნა ჩემთან. ანუ, ვიღაცის დირექტივებს ასრულებდა ხო? ვიღაცის მითითებებს ასრულებდა. დარწმუნებული ვარ, ეს ვიღაც, ვის მითითებებსაც ასრულებდა, საქართველოში არ არის, საქართველოში მყოფ კაცს არ წერდა კუპრავა ამ მესიჯს. არ იცოდა კუპრავამ, მართლა აღარ იცოდა, რა და როგორ გაეკეთებინა. არც იმან იცოდა, როგორც ჩანს, ვისაც მითითებები უნდა მიეცა და ადგა და დააჭერინა. რა ვიფიქრო, აბა, სხვა, რატომ არ დამკითხეს მე კუპრავას საქმეზე, თუნდაც? მაგრამ, კუპრავამ მაგ მესიჯამდეც გამოუტანა თავის თავს განაჩენი. მოვყვები მაგასაც.

მოკლედ, გადაწყდა, რომ ოპოზიციის ყველა ლიდერს უნდა შევხვედროდი. შევხვდით. ოპოზიციის ყველა ლიდერი მოვიდა, ყველა პარტია იყო ოპოზიციური, ყველა მოსული იყო, რომ მხარდაჭერა გამოეხატა და უნდა გვესაუბრა, რა ფორმით.

მე კი ვიცი, მე კი ვიტყვი, ვინაა ჩემი შვილის მკვლელების ხელის დამფარებელი და კი ვიტყვი, ვინ უნდა გადადგეს, მაგრამ რატომ უნდა გადადგეს, სამართლებრივად მე ამას ისე კარგად ვერ ჩამოვაყალიბებდი, როგორც ეგენი.

შევთანხმდით, რომ მეორე დღეს ყველანი მოვიდოდნენ აქციაზე და იქ გავაკეთებდით პირველ განცხადებებს, რომ ყველა ოპოზიციური პარტია მხარს მიჭერს და მერე დავსხდებოდით და ვისაუბრებდით გეგმებზე.

ადგა კუპრავა და ოპოზიციის ლიდერებს გამოუცხადა, ჩვენი გაერთიანების შემთხვევაში, მე უნდა მაღიაროთ, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერადო.

უკვე ის საუბარი მომხდარი იყო კარვის, და იცოდა ჩემი აზრი, თანამდებობებზე და ლიდერობაზე, მაინც თქვა. დანაწილებული ჰქონდა თანამდებობები. კუპრავა პრემიერი უნდა გამხდარიყო, მისი მეგობრები მინისტრები. შს მინისტრიც არჩეული ჰყავდა – ვიღაც ჯიმი.

მოვითმინე, ხმა არ გამიღია, ოპოზიციას მიმართა და იმათ გადაეწყვიტათ. კი მივხვდი, რომ ამით კუპრავამ მეც გამომიტანა განაჩენი და თავის თავსაც – მაგრამ, რაღა აზრი ჰქონდა რამის თქმას.

მეორე დღეს 2 საათზე უნდა მოსულიყვნენ. ეს ის დღეა, როცა ვაკის პარკში კონტრაქცია იმართება. მე არ ვუყურებდი ვაკის აქციას კონტრაქციას – მე ვუყურებდი, როგორც აქციას, სადაც სამართალს ითხოვენ და ვისაც არ უნდა მოეთხოვა სამართალი, სულ ერთი იყო, ნაცს, თუ ქოცს, მე ყველა იმ აქციაზე მივიდოდი. მით უფრო, რომ იმ აქციაზე, ვაკის აქციაზე იყო ჩემი ქალიშვილი, ჩემი შვილის ძმაკაცები.

ორი საათია და ოპოზიციის ლიდერები არ ჩანს, ვეკითხები კუპრავას, სად არის ოპოზიცია? დაიბნა, გაწითლდა, ძლივს ამოიბლუკუნა: – ლეიბორისტების ოფისში იკრიბებიან და მერე მოვლენო!

ლეიბორისტების ოფისში იკრიბებიან რა, პურმარილი მაქვს და ერთად უნდა მოვიდნენ? დაპატიჟებული მყავს? რად უნდოდა მაგას ერთად შეკრება და ისე მოსვლა? ჩემთან ვერ შეიკრიბებოდნენ? მაგრამ, სასაუბრო ჰქონდათ, ჩემს გარეშე ჰქონდათ სასაუბრო. ე.ი. მე კი არ ვიყავი მთავარი, ჩემი საქმე კი არ იყო მთავარი, თავისი საქმე ჰქონდათ, თავისი დარდი ჰქონდათ. ავდექი და წავედი ვაკის პარკში.

კი გაგიჟდა კუპრავა, სად მიდიხარო და კიდევ გავიმეორებ, უკვე მომხდარი ჩავლილი იყო კარვის ამბავი და ვიღას ჰქონდა კუპრავას ნდობა! წავედი ვაკის აქციაზე, მივედი, იმ ხალხთან, ვინც მეგონა სიმართლეს ითხოვდა და სამართალს და ახლა ისინი დამესივნენ.

მაინც ვერ გავიგე რას ითხოვდა ეს ხალხი ჩემგან, კონკრეტულად ჩემგან რას ითხოვდა? რა უნდოდათ მე რომ გამეკეთებინა? უნდოდათ, რომ მარტო ვყოფილიყავი? კი, ბატონო, მიაღწიეს, აგერ ვარ, მარტო!

რომ ეთქვათ, შე, ტალახიდან ამოთრეულო, სოფლიდან ჩამოთრეულო გლეხოო – ვეტყოდი, კი, ბატონო, ეგ ვარ, მართალია-თქო, მარა, არ ვარ ეს ნაციონალი და ვერავინ იტყვის, ვერ ნახავთ ვერც ერთ ჩემს განცხადებას, სადაც მე ნაციონალების მხარდაჭერისკენ მოვუწოდებ ვინმეს! გლეხი ვარ, ჩვეულებრივი გლეხი და გლეხს აქვს ორი სიმდიდრე – მიწა და შვილი. მიწას წაართმევ – შვილი ვერ ეყოლება, შვილს წაართმევ – მიწა რა ჯანდაბად უნდა. გლეხის ამ ორ სიწმინდეს არ უნდა შეეხო. იქ, ვაკის აქციაზე, მართლა ცუდად გავხდი უკვე და სახალხო დამცველმა რომ შემომთავაზა, მოდი, სახლში წაგიყვანო, ავდექი და წამოვედი სახლში, რომ ცოტა დამესვენა და მეფიქრა. თუმცა, არ დამიმთავრებია ამით ცდა. ვაგრძელებდი.

მივუბრუნდები კუპრავას, რომელიც არაერთ ტყუილში მყავდა უკვე გამოჭერილი, მაგალითად, ერთხელ დასავლეთში სხვისი მანქანით მივდიოდი, ვხედავ თბილისისკენ მოდის კუპრავა, რომელიც დასავლეთში იყო, დავურეკე, ვეტყვი, რომ გვერდი ჩამიარა-თქო, მიპასუხა: – ოჯახთან ერთად ბათუმში ვარ ახლა ზღვაზეო. აღარ მითქვამს აღარაფერი. რატომ მეუბნებოდა ამდენ ტყუილს, დღემდე არ ვიცი. ან, მეფისტოლა კაცს შევხვდიო, რომ იკვეხდა, ვის გულისხმობდა, არც ეგ ვიცი – აღარც მაინტერესებდა უკვე.

ერთხელ პანკისში მივდიოდით, ვახას სანახავად. გაუგია კუპრავას, დამირეკა, მეც მინდა წამოსვლაო. არ გვქონდა მანქანაში ადგილი. მაშინ, საწვავის ფული მასესხე და წამოვალო. ვასესხე რა, მივეცი საწვავის ფული, ჩავედი პანკისში და უკვე იქ დამხვდა, როგორ ჩამასწრო, დღემდე არ ვიცი. ადრეც მყავდა შემჩნეული, რომ მიწერდა, მუდმივად ორი ტელეფონით დადიოდა.

სუფრასთან ვსხედვართ, რაღაც ინფორმაცია გავხსენი და იმას განვიხილავთ და მომე ტელეფონი, მეც ვნახავო, ინტერნეტი არა მაქვსო – მითხრა. დავაპირე მიცემა და მერე გამახსენდა, რომ ინტერნეტიც სულ აქვს და სასაუბროც, ორივე ტელეფონზე. არ მივეცი ტელეფონი, მაინტერესებდა, რას იზამდა. ხელი წაიღო ჯიბისკენ, მეც წამოვდექი ზუსტად მაგ დროს და უკვე პირდაპირ და გარკვევით დავინახე, როგორ გამორთო ჩამწერი ტელეფონზე და მერე გახსნა ინტერნეტი. არაფერი მითქვამს, გავიღიმე და დავჯექი. არაფერზე არ ვსაუბრობდით იმ სუფრასთან ისეთს. რატომ იწერდა, ვისთვის იწერდა, ვერ გავიგე. თან სად იწერდა? ქისტები რომ ოჯახში შეგიშვებენ, ფეხსაცმლის გახდის გარეშე და ოჯახის ქალები რომ სუფრას გაგიშლიან – დამთავრებულია, ოჯახის წევრივით გიყურებენ, ჩათვალე და ვის გვიწერდა?

მიხვდა, რომ გაიშიფრა და ადგა და წავიდა.

სუს-ი იქნებოდა მიტინგზე და ისინი დაუშენდნენ კვირიკაშვილს ბოთლებსო, რომ მკითხა ერთხელ – არაფერი სუს-ი და კუდი იქ არ იყო, ჩემი თვალით მაინც არ მქონდეს ნანახი, ჩემი ყურით არ მქონდეს მოსმენილი, რომ კუპრავას დავალებით ესროლეს ბოთლები კვირიკაშვილს ზუსტად და არა გახარიას. ვინც არ უნდა მოსულიყო, ვისაც იცნობდა და არ იცნობდა, ყველა მოგზავნილი იყო, ჩემს სისხლზე და ხორცზე, ჩემს ნათესავებზე მითხრა, ჩემს ძმაკაცებზე და დაქალებზე, ეგენი მოგზავნილები არიანო. სულ რომ მტერი ყოფილიყო, ყველას მივიღებდი, ვინც იტყოდა, რომ სარალიძეს სამართალი ეკუთვნის და უნდა მიიღოს. ირაკლი კაკაბაძეს უნდოდა მოსვლა, უნდოდა ესაუბრა გირგვლიანზე, რობაქიძეზე, სარალიძეზე და მაჩალიკაშვილზე და არ მოვუშვებთო, უთქვამთ… ისეთ ხალხს არ უშვებდნენ ჩემამდე, ზოგი გავიგე, ზოგი გვიან გავიგე. საერთო ჩათი გვქონდა და ერთხელ იქ დაწერა, ეს აქციაზე არ მოვუშვათო, ვიღაცაზე და გავგიჟდი, კიდევ თავისას რომ იმეორებდა და სულ გავაუქმე ის ჩათი! – რად მინდა დაცვა, ვისგან მიცავ? ხალხისგან მიცავ? აბა, თუ მომკლავენ, ეგ მადარდებს? – სულ ამას ვეუბნებოდი, მაგრამ…

– ვიცი, რომ ფულზეც იყო საუბარი…

–  გზადაგზა მოკლედ მოვყვები ფულის თემასაც, ეგ იმდენად ბინძური საკითხია, არც მინდა შევეხო. რამდენი ფული მოუტეხიათ… ზაფხულის აქციაზე მშივრები ჰყოლიათ ბიჭები. ვერ ვკითხულობდი, არ ვიცოდი, ნამდვილად. მერე ოპოზიციამ თქვა, ზაფხულის აქციები ამდენი ათასი დაგვიჯდაო, გეტყვი, ბოლო მაგასაც რამდენი ათასი დაუჯდათ, თურმე. ვერც მაგას მივხვდი, რა დაუჯდათ, ვინ დაუჯდათ, რაში გადაიხადეს ფული, ვის გადაუხადეს – არც მიკითხავს.

რაც აგზავნიდნენ და რასაც ატანდნენ და რასაც ხელზე აძლევდნენ კიდევ სხვა იყო. მე თუ ვინმე რამეს მაძლევდა, მივდიოდი და პირველ რიგში ვახას ვუყოფდი და მერე იმ ხალხს, ვინც იქ 24 საათი იდგა. ვახას ყოველთვის ჩემზე მეტად უჭირდა, თუნდაც იმიტომ, რომ მე მშობლები მადგას თავზე, ახლობლები, მეგობრები, ნათესავები მყავს ამ ქალაქში და ვახას არა. ბარემ მალხაზზეც ვიტყვი – არასოდეს არაფერში გავამტყუნებ და ვერც ვერავინ გაამტყუნებს. რასაც თავად გადაწყვეტს, ისე უნდა მოიქცეს, თავისი გზა უჩვენებს. იმას რომ ამბობენ, ღიად უჭერს ახლა ნაციონალურ მოძრაობას მხარსო, რაა მერე? რომც დაუჭიროს? ე.ი. ამ ადამიანმა იქ ნახა ის ძალა, რითიც გაუწევს წინააღმდეგობას. ანალოგიურად, რასაც მე ვაკეთებდი, მინდოდა არ მინდოდა, ის ხალხი, ყველა საჭირო იყო. ამის შემდეგ გადავწყვიტე მივსულიყავი ყველა ოპოზიციის შეხვედრაზე ხალხთან, წინასაარჩევნოდ რომ ჰქონდათ შეხვედრები ხალხთან. მოვყვები რა მითხრეს და შემომთავაზეს გაერთიანებული ოპოზიციის შეკრებაზე, იმასაც მოვყვები, რა მოხდა „ქართული ოცნების“ ოფისში, როგორ დავუპირისპირდი კალაძეს და რას ვნანობ, მოგიყვებით, როგორ გამომაპარეს ევროპული საქართველოს შეკრება საერთოდ და ვინ გამომაპარა, როგორ მბლოკავდნენ, რომ ხალხს არ შევხვედროდი. როგორ მივწერე, ყველა ახალგაზრდული, აპოლიტიკურ ორგანიზაციას და რას მპასუხობდნენ.

მოგიყვებით, რა მიპასუხა, როგორ ერთნაირი პასუხები გამცა ზურაბ ჯაფარიძემ და შალვა შავგულიძემ, როცა მათთან მივედი, მოვუყევი ჩემი ისტორია და დახმარება ვთხოვე. გაგიჟდებით, მათ პასუხებს რომ მოისმენთ. გამოვყოფ სამ პოლიტიკოსს, ნიკა მელიას, გიორგი ვაშაძეს და ელენე ხოშტარიას და მაგას გეტყვი, რატომ გამოვყოფ ამ სამს.

და მერე რომ იტყვიან, რატომ დადექი ნაცებთანო, ყველას ვინც ამას მეუბნებოდა, ხომ ვპასუხობდი, მაშ, მოდით, თქვენ დადექით და მხოლოდ ის მოვითხოვოთ, რაც მე და მალხაზს გვინდა – სამართალი-თქო. სად იყვნენ მერე ეს ხალხი, სად არიან? სიმართლე ისაა, რომ სააკაშვილი და ივანიშვილი შეთანხმებულად მოქმედებენ და ერთმანეთს ასულდგმულებენ. სააკაშვილმა და ივანიშვილმა შეთანხმებულად დაიჭირეს და გაწირეს კუპრავა, ზუსტად იმ განცხადების გამო, რომ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერობა და პრემიერობა უნდოდა. ასევე დაიჭირეს ერთად სააკაშვილმა და ივანიშვილმა დავით კირკიტაძეც, რომელმაც ისე იაქტიურა, უცებ ისეთი ლიდერობა გამოიჩინა, ისეთ საფეხურზე ავიდა – შეეშინდათ, ახალი ძალის გამოჩენის. დაიჭირეს და მიატოვეს ციხეში.

თუ გახსოვთ, არჩევნების დროს, ნიკა მელიამ, შეფარულად, მაგრამ გააკრიტიკა სააკაშვილი – გარდა ამისა, ნიკა მელიამ ნახტომი გააკეთა უცებ და მისგანაც მომავალი ლიდერი დაინახეს და ამიტომ დაიჭირეს. ივანიშვილი კი არ წყვეტს მარტო ამათ დაჭერას, ერთად მოქმედებს ივანიშვილი და სააკაშვილი. არავინ უნდა გამოჩნდეს ასპარეზზე ამ ორის გარდა – ეგ უნდათ.

იცოდა გვარამიამ, რომ ამაზე და კიდევ ბევრ რამეზე ვისაუბრებდი და ამიტომ არ დამაცადა საუბარი.

ასე დაწვრილებით არა, მაგრამ ვაპირებდი იმ ეთერით ამ ამბების მოყოლას.

გვარამია ყველანაირად ცდილობდა, მოთმინებიდან გამოვეყვანე, ცდილობდა, ის მეთქვა, რაც მას აწყობდა.

ვერ გამომიყვანდა გვარამია მოთმინებიდან, რაც მე ამ წლების მანძილზე გავუძელი, გვარამია რას დამაკლებდა, მაგრამ სანამ მე სტუდიაში შევიდოდი, თუ გახსოვთ, პატრიარქი მოიხსენია ცუდად და მაგან გადამიყვანა ჭკუიდან. არავის სარწმუნოებას არ ვეხები. მე მიყვარს ჩემი პატრიარქი. პატრიარქი რომ არა, არ ვიცი რა მოგვივიდოდა. ძალიან ხშირად ესიზმრება ნათიას. როცა პატრიარქიდან სახლში ვბრუნდებით, ორივე დიდ ძალას ვგრძნობთ. ეს უფლისგან მომავალი ძალაა. ამას ვერ გავექცევი, ფაქტებით გვიმტკიცებს უფალი, რომ ჩვენს გვერდითაა. არავის მივცემ უფლებას ჩემს სარწმუნოებას და ჩემს პატრიარქს აუგად შეეხოს….

 

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

მეოთხე ნაწილის დამატება:

ადამიანი დაგვიკავშირდა, ვისაც წვდომა ჰქონდა სარალიძის საქმეზე, ვინც დათუნა სარალიძის დაჩეხილ ცხედართან იდგა, როცა მის ტანისამოსს ჩხრეკდნენ, ვისაც იმ ტყვიების ფოტოები აქვს ნანახი, რომელიც სკოლის საპირფარეშოში აღმოაჩინეს:

–  ეს იყო პატარა ყვითელი ტყვიები, ლარიან მაღაზიებში რომ სათამაშო იარაღები იყიდება, მართლა ლარი რომ ღირს, იმ იარაღის ტყვიები იყო. ამ საქმეში, არანაკლები ბრალი მიუძღვის კონფლიქტის დაწყებაში, სუბელიანის მეგობარს, ჩ…. ძესაც, რომელსაც აღარავინ ახსენებს რატომღაც… კადრები რომ ნახოთ, როგორ გარბის ყველა, თავქუდმოგლეჯილი, როგორ ტოვებს ორ დაჩეხილ ბიჭს მარტო, გული გაგისკდებათ, არ იფიქრებთ, რომ ადამიანები გარბიან… მხოლოდ კალანდია მოდის დინჯად, მას უკვე გააზრებული აქვს, რომ ნელი ნაბიჯებით უნდა იაროს, რომ ზედმეტი ყურადღება არ მიიქციოს.

დადუნაშვილი მარტო გამოდის ეზოდან, მერე ვეღარ ახერხებს სიარულს, ეცემა და გამვლელი უჭერს თავს… სარალიძე დაჩეხილი, მარტო აგდია ეზოში… და ყველა გარბის, ორივე მხარე, მათ შორის, დადუნაშვილის და სარალიძის მეგობრებიც… და მერე ჩვენებები როგორ შეცვალეს და რა გააკეთეს, ეს კიდევ ცალკე თემაა. ამბობენ, პნევმატური იარაღი იქნა გამოყენებულიო, სუბელიანიც იმართლებდა თავს, ჩემს შვილს პნევმატური იარაღი დაემუქრნენო და ეს სათამაშო იარაღიც პნევმატურია კი, რომელიც ლარიან მაღაზიაში შეგიძლიათ იყიდოთ ნებისმიერში და რომელიც, ალბათ, ყველა ბავშვს ჰქონია და რომლის ტყვიაც, ფეხზე მოხვედრილი, ვერ გაზიანებს. ეს ყვითელი ტყვიები, სკოლის საპირფარეშოში იპოვნეს და სუბელიანმაც და ჩ…ძემაც, კარგად იცოდნენ, რა იარაღზე იყო საუბარი და იყო თუ არა ეს იარაღი, დააზიანებდნენ, თუ არა ამ იარაღით… და რა თქმა უნდა, სარალიძე გავლითაც კი არ ყოფილა მაგ დროს საპირფარეშოში… როცა დაჩეხილი, სისხლისგან დაცლილი სარალიძის ნივთებს ჩხრეკდნენ, არ დავმალავ, ბიჭებს ჩვენებებშიც უწერიათ, რომ ვერც ერთი ვერ უყურებდა სარალიძეს უემოციოდ, ყველა ერთხმად ნატრობდა, ოღონდ ამ ბიჭის ტანისამოსში რამე აკრძალული ნივთი არ აღმოეჩინათ… ვერაფერი იპოვნეს… საფულე გახსნეს და… არასოდეს დამავიწყდება, საფულეში „ლოვეს ნაკლეიკები“ ედო... შეხედავდი, ფიზიკურად დიდი, კაცის სხეული, ლამის და საფულეში, „ლოვეს ნაკლეიკები“… ამბობენ, რომ ყველა სათამაშოთი შეეძლო თამაში, ყველა ასაკის ბავშვთან შეეძლო თამაში. რამდენადაც დიდი იყო, იმდენად პატარა გული ჰქონდა და მგრძნობიარე. არ ვიცი, მერე რა მოხდა, მაგრამ – ისიც მართალია, რომ კალანდიას მამა იმ დღეებში ცემეს პოლიციის განყოფილებაში, ყველა შეძრული იყო ბავშვების დაჩეხვით და კალანდიას მიერ შვილის გადამალვის მცდელობით…

თითქოს თავიდან, სუბელიანიც არ გეგმავდა ამ დონის გაყალბებას, რადგან ჩვენებები თავიდან, ჩვეულებრივად იწერებოდა… მერე, ამბობენ, რომ კალანდიას და სუბელიანის პატივცემული სიმამრი ჩაერია საქმეში და ზემოთ გადაწყდა ეს ამბავი… მერე სუბელიანიც იძულებული გახდა ჩამჯდარიყო, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, სამხილების გადამალვის გამო მოუწევდა ჩაჯდომა… ფაქტი ერთია, იმ ღამეს არ დაწყებულა გაყალბება, გაყალბება, მინიმუმ 24 საათის მერე დაიწყო… პირველივე საღამოდან რომ დაწყებულიყო საქმის გაყალბება, სუბელიანი იმ სამხილებსაც არ დატოვებდა, რაც დარჩა…

„ალია“, თამო კეშელავა

 

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„შვილებს დედები დაავიწყდათ… იციან, რომ ჰყავთ დედა, სადღაც ძალიან შორს-ფულის მანქანა ემიგრანტი დედები“(ვიდეო)

გამარჯობა საქართველოვ! მე შენი მიწის შვილი ვარ, იმ მიწის, სადაც დავიბადე და პირველად “დედა” დავიძახე; ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com