ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / იუნკრების სისხლიანი დილა (ვიდეო) „ტაბახმელასთან გაუნძრევლად იწვნენ იუნკრები- მიძინებული, უწვერული შენი ბიჭები“…

იუნკრების სისხლიანი დილა (ვიდეო) „ტაბახმელასთან გაუნძრევლად იწვნენ იუნკრები- მიძინებული, უწვერული შენი ბიჭები“…

ქართველ იუნკერთა სასწავლებლის, უფრო ზუსტად კი, ქართული სამხედრო სკოლის შექმნის იდეა, მენშევიკური მთავრობის სამხედრო სამინისტროს ეკუთვნოდა. ამ იდეის გახორციელება იმ დროის ბრწყინვალე მხედართუფროსს, გენერალ გიორგი კვინიტაძეს დაევალა. სახელი “იუნკერები” სკოლის კურსანტებს რუსული არმიიდან ინერციით გადმოჰყვა. სასწავლებელში მოხვედრა გასაუბრებისა და ფიზიკური შემოწმების შედეგად ხდებოდა. სწავლების კურსი ორ წელს მოიცავდა – პირველ წელს საერთო სამხედრო საქმეს, ხოლო მეორე წელს სპეციალიზებულ საგნებს ასწავლიდნენ.

სამხედრო სკოლის სახელი და მისი მნიშვნელობა არ გამოჰპარვიათ საქართველოს დაუძინებელ მტრებსაც. ამის დასტურია 1920 წლის მაისის დასაწყისში განხორციელებული თავდასხმა. აზერბაიჯანის იოლი გასაბჭოებით გათამამებული ბოლშევიკები წითელი დროშის აღმართვას საქართველოშიც ესწრაფვოდნენ. წითელ ხიდზე წამოწყებული იერიშის პარალელურად დაგეგმილი იყო ამბოხის მოწყობა თბილისშიც. გეგმის თანახმად, ბოლშევიკთა რაზმებს პირველ რიგში, სამხედრო სკოლა უნდა განეიარაღებინათ, შემდეგ კი, ხელში ჩაეგდოთ მთავრობა. ამ გაბედული გეგმის განხორციელება თავზეხელაღებულ ბოლშევიკს, სამეგრელოს წითელი რაზმების მეთაურს, საშა გეგეჭკორს ჰქონდა დავალებული. თავდასხმა 2 მაისს, ღამით მოხდა. რამდენიმე ათეულმა ბოლშევიკმა თავდაპირველად მოახერხა მძინარე იუნკრების დატყვევება და იარაღის საცავის ხელში ჩაგდება. თუმცა, პოლკოვნიკ ალექსანდრე ჩხეიძის გამბედავი ქმედების შედეგად იუნკრებმა მალევე მოახერხეს გუშაგთა განიარაღება და კონტრიერიშზე გადასვლა. საბოლოოდ, სკოლამ თავდასხმა ღირსეულად მოიგერია. შეტაკების შედეგად მოკლეს 3 თავდამსხმელი, სამი დატყვევებული ბოლშევიკი კი, მეორე დღეს სკოლის ეზოში საჯაროდ დახვრიტეს. იუნკერთაგან დაიღუპა ერთი და დაიჭრა ერთი კურსანტი. რამდენიმე საათის შემდეგ იუნკერთა სიმამაცეზე მთელი თბილისი ლაპარაკობდა. თავდასხმის მოგერიება სამხედრო სკოლას მთავრობის თავმჯდომარემ, ნოე ჟორდანიამ პირადად მიულოცა. თუმცა, ნამდვილი დიდება ახალგაზრდა ოფიცერთა ქართულ სასწავლებელს ავადსახსენებელი 1921 წლის თებერვლის მიწურულს ელოდა.

კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლები

სამხედრო სკოლამ საბრძოლო დავალება ახლად დანიშნული მთავარსარდლის, გენერალ კვინიტაძისაგან 17 თებერვალს მიიღო. დავალების მიხედვით, ორ ათეულამდე ოფიცერს, იუნკერთა ასეულსა და ნაცვალთა ათასეულს, მოწინააღმდეგე კოჯორსა და შავნაბადას მონასტერს შორის არსებულ ფრონტზე უნდა შეეკავებინა. მებრძოლთა ეს რაოდენობა ამ მონაკვეთის ეფექტურად დასაცავად აშკარად მცირე იყო, მაგრამ გენერალ კვინიტაძეს არანაირი რეზერვი არ გააჩნდა. ყველაფერი იუნკერთა სიმამაცესა და უნარზე იყო დამოკიდებული. იუნკერები საბრძოლო დავალების შესასრულებლად და თბილისის მისადგომების დასაცავად 17 თებერვალს დილითვე გაეშურნენ. თბილისის ქუჩებში ხალხი ცრემლითა და ყვავილებით მიაცილებდა თხელ პალტოებში გამოწყობილ, მწყობრი ნაბიჯით მიმავალ 20-23 წლის ბიჭებს. პირველი “წითელი” იერიშების მოგერიება მამაც იუნკერებს საბრძოლო პოზიციებზე ასვლისთანავე მოუწიათ. იუნკერთა პოზიციების გარღვევა მეთერთმეტე არმიამ ვერც ბაქოელი კურსანტებისა და ვერც პირველი ქართველი კომკავშირელის, ბორის ძნელაძის გარჯის შედეგად მოახერხა. ქართველი მეომრები სალ კლდესავით აღიმართნენ კოჯორ-ტაბახმელას მიდამოებში. ზედიზედ რამდენიმე იერიშის მოგერიების შემდეგ, იუნკრები კონტრიერიშზე გადავიდნენ და თბილისის კარიბჭემდე იოლად მოღწეულ მტერს მნიშვნელოვანი სიმაღლეები გამოჰგლიჯეს ხელიდან. ერთ-ერთი კონტრიერიშის დროს, იუნკერთა შეტევა სერიოზულად შეაფერხა მოხერხებულ სიმაღლეზე განლაგებულმა მოწინააღმდეგის ტყვიამფრქვევის ცეცხლმა. იუნკრებმა გადაწყვეტილება სწრაფად მიიღეს და პირდაპირი იერიშით გაემართნენ წითელარმიელთა ავადმოგრიალე “მაქსიმისაკენ”. მოიერიშეებს მალევე გამოეყო მაშინდელ თბილისში ფეხბურთის საუკეთესო მოთამაშე და შეუდარებელი მორბენალი, 22 წლის შალვა ერისთავი. მან თვალის დახამხამებაში აირბინა აღმართი, ტყვიითა და ხიშტით განგმირა შემოგებებული მტერი და საკუთარი სხეულით დაადუმა “მაქსიმის” ლულა. შალვა ერისთავის ეს გმირობა იმ დღეებში მთელ საქართველოს მოედო. მოგვიანებით კი მას მხოლოდ ქართული ემიგრაციის წრეებში იგონებდნენ. საბჭოთა პროპაგანდამ ოცი წლის შემდეგ მთელ მსოფლიოს მოსდო წითელარმიელ მატროსოვის ანალოგიური თავდადება.

საბედისწერო ბრძანება

საბედისწერო ბრძანება თბილისის დატოვების შესახებ, 24 თებერვალს ღამით გაიცა. იუნკრები მცხეთისაკენ დახეული ჯარების არიერგარდს იცავდნენ. ბათუმამდე უკან დახევისას ისინი არაერთხელ ჩაერთვნენ ბოლშევიკებთან შეტაკებაში. საბოლოოდ, მარტის მიწურულს, ბათუმიდან გემით სტამბულში ჩავიდნენ, იქიდან კი საბერძნეთის, საფრანგეთისა და პოლონეთის სამხედრო სასწავლებლებში გადანაწილდნენ. ბევრმა მათგანმა გმირული ბრძოლის მაგალითები ჩაწერა უცხო ქვეყნების ისტორიაში.

26 თებერვალს, თბილისის გასაბჭოების მეორე დღეს, ქალაქის მოსახლეობამ რუსთაველის პროსპექტზე დიდი სამგლოვიარო პროცესია მოაწყო. წინ მოჰქონდათ შავი კუბოები, რომლებშიც ქართველ ჭაბუკთა გვამები ესვენა, ხოლო უკან, ნელი ნაბიჯით მდუმარე და თავჩაქინდრული ხალხი მოაბიჯებდა. “ეს სანახაობა იმდენად ტრაგიკული იყო, რომ გაოცებასთან შეერთებული მოკრძალების გრძნობას იწვევდა კომუნისტებისა და წითელარმიელების რიგებში და ახალ ადმინისტრაციას აზრადაც არ მოსვლია ამ პროცესიისათვის ხელი შეეშლა” იხსენებდა ამ ტრაგიკული მოვლენების შემსწრე გერონტი ქიქოძე. დღევანდელი პარლამენტის შენობის ქვეშ დღემდე განისვენებენ კოჯორ-ტაბახმელაზე დაღუპული ათი იუნკერი და 20 წლის მოწყალების და მარო მაყაშვილი. მათგან ერთ-ერთი, ტყვიამფრქვევისაგან დაფლეთილი შალვა ერისთავის სხეულიცაა.

ერთ-ერთი მათგანი ჩოხატაურელი იუნკერი,  22 წლის მაკარ სოლომონის ძე ბურჭულაძე იყო, რომლის მშობლიურ სოფელ სამებაში გადმოსვენება მთელმა სოფელმა1927 წელს ბოლშევიზმის პირსისხლიან ხანაში შეძლო.

მაშინ ლენინურმა რევკომმა სამშობლოსათვის თავდადებული გმირის ობელისკიანი საფლავის განადგურების დადგენილება მიიღო. ეს ამბავი შეიტყო სოფლის მაშინდელმა დირექტორმა სეფე ბურჭულაძემ, რომელმაც ღამით ყველა ფეხზე დააყენა. დილით კი სოფლის სასაფლაოზე მისულ ბოლშევიკებს სამასი კაცი დაახვედრა წინ. მომხვდურმა უკან დაიხია და საფლავი კიდევ ერთხელ გადარჩა. მისი განადგურების პირველი მცდელობა 1923 წელს იყო, როცა ბოლშევიკებმა საფლავის ობელისკი დაცხრილეს. მემორიალურ დაფას ტყვიის კვალი ახლაც ამჩნევია. როგორც ამბობენ, გასროლა სისასტიკით გამორჩეულმა წითელმა მეთაურმა ობოლაძემ მოახდინა. მასვე მიუღია “მტრების” ადგილზე დახვრეტის მანდატი, რასაც დიდი გულმოდგინებითაც ასრულებდა, თურმე. მოგვიანებით გურიაში ჩადენილ მკვლელობებისა და ხალხის აწიოკების გამო ობოლაძე ოზურგეთში მოკლეს.

ეროვნული გმირის საფლავის დაცვა ძალიან ძვირად დაუჯდა სოფელ სამების მკვიდრ მოსახლეობას, რომელიც ყოველ ჯერზე საშინელი რეპრესიებით ისჯებოდა. კონტრევოლუციური საქმიანობის ბრალდებით ბევრი დახვრიტეს, მრავალიც გადაასახლეს. ზოგმა კი გაქცევით უშველა თავს და სოფელი განახევრდა კიდეც, მაგრამ. ხალხის თავგანწირვას ღვთის სასწაულებრივი მადლი მოჰყვა და საფლავი გადარჩა.

გმირი

მაკარი ბურჭულაძე 1899 წელს დაიბადა. 1918 წელს, თბილისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, სწავლა მოსკოვის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე განაგრძო, მაგრამ არ დაუმთავრებია. 1921 წელს სამშობლოში დაბრუნდა, საარტილერიო ნაწილში ჩაირიცხა და მტერს კოჯორთან დახვდა. აი რას წერდა იგი მამას ფრონტიდან:

“უსაშინლესი ჯოჯოხეთია. რუსები უმოწყალოდ გვიტევენ ცეცხლითა და მახვილით. თავის წამოწევა არ შეიძლება. ტყვიამფრქვევი ცელავს ყველაფერს, ჩვენ კი ვაზნები გამოგველია. შევსება არ ჩანს. მეორე დღეა, ლუკმა არ აგვიღია. რა ლომივით ბიჭები დაეცნენ, ძნელია ატანა.

მამა, შენ ხომ იცი ჩემი ხასიათი. საქართველოს მტრების სიძულვილი შენ ჩამინერგე ბავშვობიდანვე. საფუძვლიანად კი რუსეთში ყოფნისას შემძულდა იგი. ჯერჯერობით ცოცხალი ვარ, ვნახოთ რას მოიტანს მომავალი.

იარაღი გვინდა, იარაღი! ცარიელი ხელებით რა უნდა გააკეთო. იყინება ყველაფერი. ქარბუქი ძვალსა და რბილში გადის. ტანსაცმელი მაინც გვქონდეს შესაფერი. დარწმუნებული ვარ, გავიმარჯვებთ.

დედას ეს წერილი არ წაუკითხო! გარედანაც ვაწერ გაფრთხილებას. არ დამიჯერებ, როცა გიამბობ, რა გასაჭირს ვიტან სამშობლოსთვის.

შენი მაკარი, 22 თებერვალი, 1921 წელი”.

ორი დღის შემდეგ შეუპოვარ გმირს გულში ტყვია მოხვდა, რომელმაც ჯერ ჯიბეში შენახული დედის ფოტოსურათი გახვრიტა, თითქოს დედა შვილს წინ გადაეფარაო. მაკარის ოჯახს გვერდით მთელი სოფელი ამოუდგა. სეფე ბურჭულაძის ვაჟი ვლადიმერი კი მაკარის მამას ცხედრის მოსაძებნადაც გაჰყვა. იუნკერთა გაყინული სხეულები ძნელი ამოსაცნობი გამხდარიყო, მაგრამ მაკარი დედის ფოტოსურათით იცნეს და სოფელში გადაასვენეს. სამშობლოსათვის თავდადებული დიდი პატივით დაკრძალეს. მადლიერმა თანასოფლელებმა გმირს სამმეტრიანი ობელისკიც დაადგეს, რომლის პატარა საცავში, როგორც რელიქვია, შეინახეს იუნკერის სისხლიანი ტანსაცმელი, წერილები და დედის ნატყვიარი ფოტოსურათი. მარმარილოს მემორიალურ დაფაზე კი შემდეგი წარწერა ამოტვიფრეს: “1899 / 5 / I – 1921 / 24 / II. აქ განისვენებს სტუდენტი მაკარ სოლომონის ძე ბურჭულაძე, რომელიც გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე კოჯორი-ტაბახმელას მიმართულებით სამშობლოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში. დაუვიწყარი იქნება მისი სახელი”.

მაშინ სოფლის სასაფლაოზე წმინდა სამების სახელობის ძველი ტაძარი იდგა. მაკარი მის გვერდით დაკრძალეს და ობელისკიც აღმართეს. ქვის სამმეტრიანი სვეტი ქვისავე ჯვრით გვირგვინდებოდა და ერთ პატარა საცავს ითავსებდა, რომელშიც წამებული იუნკერის პირადი ნივთები ინახებოდა. მემორიალური დაფის ზემოთ, სავარაუდოდ სახატე უნდა ყოფილიყო. ბოლშევიკების თავდასხმების შედეგად ჯვარი დამტვრეულია, სახატე ცარიელია, დაფა ნატყვიარია, ხოლო საცავი გაძარცული.

აღარც ის ძველი სამების ტაძარი დგას, რომელიც ბოლშევიკებს ჯერ უმღვდელოდ დაუტოვებიათ, მერე სატუსაღოდ გადაუქცევიათ და საფლავის დამცველები შიგ შეუყრიათ, ბოლოს კი მთლიანად დაუნგრევიათ.

 ინტერნეტმასალებზე დაყრდნობით მოამზადა ნინო ბერძენიშვილმა

„გურიანიუსი“

1921 წლის 23 თებერვალს კოჯორთან და ტაბახმელასთან ერთმანეთის მიყოლებით იხოცებოდნენ დაახლოებით ჩვენი საბჭოთა დროინდელი სკოლის ასაკის პირტიტველა ქართველი ბიჭები, იუნკრები –  სიმბოლო იმისა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.

1921 წლის 23 თებერვალს თბილისში ჯერაც კიაფობდა იმედი, რომ ყველაფერი დაკარგული არ იყო. ტაბახმელადან და კოჯრიდან ყველას სცემდა სისხლის სუნი, მაგრამ მაინც ვერავინ წარმოიდგენდა, რომ 25 თებერვალი ჯარის მიერ დატოვებული დედაქალაქისთვის წითლად გათენდებოდა.

გავიხსენოთ ისტორიულ წყაროებში შემონახული აღწერა იმისა, თუ რა ხდებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან 1921 წლის 23 თებერვალს:

„1921 წლის 23 თებერვალი, შუადღის 3 საათისთვის სტუდენტობა თავს იყრის უნივერსიტეტის პირველ აუდიტორიაში, შენობა ვეღარ იტევს ხალხს, მიტინგი გადაიტანეს უნივერსიტეტის ეზოში. აქ ქართული მოსწავლე-ახალგაზდობის სულიერი მამა და მათი უსაყვარლესი ადამიანი ივანე ჯავახიშვილი მათ მიმართავს:

“შვილებო!  ჩემო მოვალეობაა მე თქვენ წიგნისა და კალმისაკენ მოგიწოდოთ, მაგრამ, ერის ცხოვრებაში არის ისეთი მომენტები როცა საჭიროა ყველაფერი განზე გადადო და იარაღით ხელში მტერს მიეგებო. და აი, მე დღეს თქვენ იარაღისკენ მოგიწოდებთ!“

მაგრამ, სამწუხაროდ, ივანე ჯავახიშვილის ნაცვლად, მაშინდელი საქართველოს ხელისუფლების სათავეში იყვნენ ისეთი პირები, რომლებმაც რეალობას გვიან გაუსწორეს თვალი. დღეს ყველამ იცის, როგორ შეუცხადებია და არ დაუჯერებია ნოე ჟორდანიას რუსეთის არმიის საქართველოში შემოჭრა და როგორ წამოუძახებია: ვერ დავიჯერებ, ლენინი მე არ მომატყუებდაო.

მაგრამ ცოტამ თუ იცის, რა უთხრა გენერალმა გიორგი კვინიტაძემ მაშინდელი მთავრობის ერთ–ერთ წარმომადგენელს, როცა მან, ფერდაკარგულმა მოახსენა, შინდისი დავკარგეთო: „შინდისი კი არა, თქვენ სინდისი დაკარგეთ!..“

დღევანდელი გადასახედიდან თქმა ადვილია, მაგრამ მაინც უნდა ითქვას, რომ გენერალმა კვინიტაძემაც მაშინ, შესაძლოა, სამხედრო თვალსაზრისით გამართლებული, მაგრამ ფსიქოლოგიური კუთხით გაუმართლებელი გადაწყვეტილება მიიღო, როცა თბილისის დატოვების განკარგულება გასცა. ამ გადაწყვეტილებამ მორალურად გატეხა არმიაც და ხალხიც. მთავრობა ჯერ ქუთაისში, შემდეგ კი ბათუმში გადავიდა. ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ 16 მარტს თურქები ბათუმში შევიდნენ და მოითხოვეს იქ მყოფი ქართული ჯარის განიარაღება. 1921 წლის 17 მარტს საქართველოს დემოკრატიულმა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ემიგრაციაში წასვლის შესახებ.

რუსეთის სცენარი 1921 წელსაც ისეთივე იყო, რაც ამ იმპერიას საერთოდ, ოდითგანვე ახასიათებდა: „წითელი არმია საქართველოში უნდა შემოსულიყო ვითომ საკუთარი მთავრობის წინააღმდეგ აჯანყებული მუშების დასახმარებლად. აჯანყების ადგილად შეირჩა ლორეს ნეიტრალური ტერიტორია, რომელიც 1918 წლიდან სადავო იყო საქართველოსა და სომხეთს შორის. 1921 წლის 11 თებერვალს ლორეს რუსულ სოფლებში დაიწყო პროვოკაციული აჯანყება.

წინასწარი გეგმის მიხედვით 16 თებერვალს საქართველოში შეიქმნა „ საქართველოს რევოლუციური კომიტეტი (რევკომი)” რომელსაც ვითომ უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს მშრომელთა აჯანყებისთვის. რევკომში შედიოდნენ: ფილიპე მახარაძე (თავმჯდომარე), მამია ორხელაშვილი, შალვა ელიავა , საშა გეგეჭკორი, და სხვები .

იმავე დღეს, 16 თებერვალს რევკომმა დახმარების თხოვნით მიმართა საბჭოთა რუსეთს.  რუსეთის აგრესია მაინც ვერ შეინიღბა, რადგან წითელმა არმიამ საქართველოს საზღვრები 15 თებერვალს გადმოლახა, ხოლო საქართველოს რევკომის თხოვნა 16 თებერვალს გაიგზავნა.

საქართველოში შემოიჭრა სომხეთს და აზერბაიჯანში მდგარი XI წითელი არმია. საბჭოთა რუსეთმა საქართველოს კიდევ ორი მხრიდან შემოუტია: სოჭის რაიონიდან აფხაზეთში და მამისონის უღელტეხილიდან ქუთაისისკენ. ძალები აშკარად არათანაბარი იყო. მდგომარეობას ართულებდა ისიც, რომ თურქეთმა სამხრეთ დასავლეთ საქართველოში არტაანსა და ართვინში ჯარების შეყვანა დაიწყეს. საქართველოს მთავრობამ ეს ტერიტორიები დათმო.

მიუხედავად ასეთი ფართომაშტაბიანი აგრესიისა, რუსეთი საქართველოს ომს მაინც არ უცხადებდა. რუსების დიპლომატია საქმეს ისე წარმოაჩენდა, თითქოს აჯანყებულებს რევკომი ხელმძღვანელობდა, ხოლო XI წითელი არმია საქართველოში აჯანყებულთა დასახმარებლად იყო შესული (შეუძლებელია 2008 წელი დასაკუთარი ქვეყნის მოქალაქეების დაცვის“ საბაბით წარმოებული შეტევები არ გაგახსენდეს – ..).“

1921 წლის 15-16 თებერვლიდან საქართველოს ჯარები საზღვრებზე გამართული ბრძოლების შემდეგ თბილისისკენ იხევდნენ. 18 თებერვალს დაიწყო წითელი არმიის იერიში თბილისზე. თბილისის ასაღებად ჯერ კიდევ 11 თებერვალს დაძრული რუსეთის მე-11 წითელ არმიას ქართული ჯარი, სახალხო გვარდია და მოხალისეები თბილისის მისადგომებთან გადაუგდნენ წინ. ცხარე ბრძოლები გაიმართა კოჯრისა და ტაბახმელის მიდამოებში. მტერი წინ ვერ მოიწევდა. ომი უფრო და უფრო სისხლისმღვრელი ხდებოდა.

იუნკრები საბრძოლო დავალების შესასრულებლად და თბილისის მისადგომების დასაცავად 17 თებერვალს დილითვე გაეშურნენ. თბილისის ქუჩებში ხალხი ცრემლითა და ყვავილებით მიაცილებდა თხელ პალტოებში გამოწყობილ, მწყობრი ნაბიჯით მიმავალ 20-23 წლის ბიჭებს. პირველი ‘წითელი’ იერიშების მოგერიება მამაც იუნკერებს საბრძოლო პოზიციებზე ასვლისთანავე მოუწიათ.

იუნკერთა პოზიციების გარღვევა მეთერთმეტე არმიამ ვერც ბაქოელი კურსანტებისა და ვერც პირველი ქართველი კომკავშირელის, ბორის ძნელაძის გარჯის შედეგად მოახერხა. ქართველი მეომრები სალი კლდესავით აღიმართნენ კოჯორ-ტაბახმელას მიდამოებში. ზედიზედ რამდენიმე იერიშის მოგერიების შემდეგ, იუნკრები კონტრიერიშზე გადავიდნენ და თბილისის კარიბჭემდე იოლად მოღწეულ მტერს მნიშვნელოვანი სიმაღლეები გამოჰგლიჯეს ხელიდან. ამ ბრძოლების დროს, იუნკერები ენითაუწერელ გმირობებს სჩადიოდნენ.

სამწუხაროა, რომ დღემდე არ გახმაურებულა ერთ-ერთი იუნკერის, შალვა ერისთავის გმირობა, რომელმაც წითელარმიელ მატროსოვამდე ოცი წლით ადრე საკუთარი სხეულით დაფარა მოწინააღმდეგის ტყვიამფრქვევის ლულა. ერთ-ერთი კონტრიერიშის დროს, იუნკერთა შეტევა სერიოზულად შეაფერხა მოხერხებულ სიმაღლეზე განლაგებულმა მოწინააღმდეგის ტყვიამფრქვევის ცეცხლმა. იუნკრებმა გადაწყვეტილება სწრაფად მიიღეს და პირდაპირი იერიშით გაემართნენ წითელარმიელთა ავადმოგრიალე ‘მაქსიმისაკენ’.

მოიერიშეებს მალევე გამოეყო მაშინდელ თბილისში ფეხბურთის საუკეთესო მოთამაშე და შეუდარებელი მორბენალი, 22 წლის შალვა ერისთავი. მან თვალის დახამხამებაში აირბინა აღმართი, ტყვიითა და ხიშტით განგმირა შემოგებებული მტერი და საკუთარი სხეულით დაადუმა ‘მაქსიმის’ ლულა. შალვა ერისთავის ეს გმირობა იმ დღეებში მთელ საქართველოს მოედო. მოგვიანებით კი მას მხოლოდ ქართული ემიგრაციის წრეებში იგონებდნენ. საბჭოთა პროპაგანდამ ოცი წლის შემდეგ მთელ მსოფლიოს მოსდო წითელარმიელ მატროსოვის ანალოგიური თავდადება.

საბედისწერო ბრძანება თბილისის დატოვების შესახებ, 24 თებერვალს ღამით გაიცა. იუნკრები მცხეთისაკენ დახეული ჯარების არიერგარდს იცავდნენ. ბათუმამდე უკან დახევისას ისინი არაერთხელ ჩაერთვნენ ბოლშევიკებთან შეტაკებაში. საბოლოოდ, მარტის მიწურულს, ბათუმიდან გემით სტამბულში ჩავიდნენ, იქიდან კი საბერძნეთის, საფრანგეთისა და პოლონეთის სამხედრო სასწავლებლებში გადანაწილდნენ. ბევრმა მათგანმა გმირული ბრძოლის მაგალითები ჩაწერა უცხო ქვეყნების ისტორიაში.

ქართველთა თავგანწირული წინააღმდეგობის შედეგად 20 თებერვალს მე-11 წითელი არმია უკუგდებულ იქნა. 22 თებერვალსაც გაიმართა ბრძოლა, მაგრამ ოკუპანტებმა მიზანს ამჯერადაც ვერ მიაღწიეს. 23 თებერვალს თბილისში საყოველთაო გლოვა გამოცხადდა: დიდი პატივით დაკრძალეს ბრძოლებში დაღუპულები, მათ შორის, ცნობილი ქართველი პოეტის კოტე მაყაშვილის 20 წლის ქალიშვილი, მარო, რომელიც მოხალისეთა რაზმში იბრძოდა.

სხვათა შორის, შემორჩენილია ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქართული კინოჩანაწერი, რმელშიც არის კადრები, თუ როგორ შემოჰყავთ იუნკრებს თბილისში წითელი არმიის დატყვევებული ჯარისკაცები… მსგავსად იმისა, ძველ რომში ტრიუმფის დროს რომ ჩამოატარებდნენ ტყვებს.

24 თებერვალს კრიტიკული სიტუაცია შეიქმნა. მტერმა შევსება მიიღო, ქართულ ჯარს კი რეზერვები აღარ გააჩნდა. საქართველოს დემოკრატიულმა მთავრობამ დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან დახმარება ვერ მიიღო. მიუხედავად თავდადებული ბრძოლისა და დიდი შემართებისა, ქართველები დამარცხდნენ:

„24 თებერვალი ზარბაზნების გრიალით გათენდა, 20 ნაბიჯს იქით აღარაფერი სჩანს. ჩვენები ყოველ მტკაველ მიწას ზედ აკვდებიან… თოვლი გაწითლდა, გვამები მოძრაობას ანელებენ, ხელჩართული ბძოლები არ წყდება, „ურა“ და „ვაშა“ ერთმანეთში ირევა.

20 წლის იუნკრები ერთგული არიან თბილისის ქუჩებში ჩუმათ დადებული ფიცისა: „ბოლშევიკები ჩვენს გვამებზე გადმოივლიან!“ გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! უკანასკნელად იძახიან გულგანგმირული ახალგაზდები და მხიარულად ეხუტებიან ცივი გვამებით მშობლიურ მიწას…“

26 თებერვალს, თბილისის გასაბჭოების მეორე დღეს, ქალაქის მოსახლეობამ რუსთაველის პროსპექტზე დიდი სამგლოვიარო პროცესია მოაწყო. წინ მოჰქონდათ შავი კუბოები, რომლებშიც ქართველ ჭაბუკთა გვამები ესვენა, ხოლო უკან, ნელი ნაბიჯით მდუმარე და თავჩაქინდრული ხალხი მოაბიჯებდა. ‘ეს სანახაობა იმდენად ტრაგიკული იყო, რომ გაოცებასთან შეერთებული მოკრძალების გრძნობას იწვევდა კომუნისტებისა და წითელარმიელების რიგებში და ახალ ადმინისტრაციას აზრადაც არ მოსვლია ამ პროცესიისათვის ხელი შეეშლა” – იხსენებდა ამ ტრაგიკული მოვლენების შემსწრე გერონტი ქიქოძე.

გარდაცვლილი იუნკრები დიდი პატივით დაკრძალეს ეკლესიის ეზოში, იქ, სადაც ახლა საქართველოს პარლამენტის შენობა მდებარეობს, მაშინ კი პირქუში ეკლესია, „სობორო“ იდგა.  იუნკრების ღვაწლის დაფასება და მათი ხსოვნის უკვდავყოფა ქართველებმა მხოლოდ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ დავიწყეთ. ხელისუფლების გადაწვეტილებით, კოჯორში, სადაც ისტორიული ბრძოლა გაიმართა, მემორიალი გაიხსნა, ხოლო ყოველი წლის 23 თებერვალი იუნკერთა ხსენების დღედ გამოცხადდა, თბილისის საკრებულომ კი იუნკრების გმირობის უკვდავსაყოფად ძველი თბილისის რაიონში მდებარე იმ ქუჩას, სადაც მემორიალი დგას, იუნკერის ქუჩა უწოდა.

საქართველოში საბჭოთა არმიის აჩრდილი დღესაც დადის, რამდენიმე ძირძველ მიწას კი, იმედია, დროებით, სწორედ ეს აჩრდილი დაეპატრონა.

ჯერაც არაა ჩავლილი საფრთხე, რომ 23 თებერვალი იუნკერთა ხსენების დღიდან ისევ საბჭოთა არმიის შექმნის დღედ იქცეს, ხოლო თბილისში წელიწადის რომელიმე დღე სწორედ ისე, 1921 წლის იმ 25 თებერვლის მსგავსად გათენდეს…

ზაზა აბზიანიძეს ერთი საოცარი, სულისშემძვრელი ლექსი აქვს დაწერილი იუნკრებზე. ამ ლექსზე თეა-ჭინჭარაული-ჩეფმენის არცთუ ცნობილი სიმღერაც არსებობს, რომელსაც თავად თეა ასრულებს. დღეს სწორედ ამ ლექსსა და სიმღერას წარმოგიდგენთ. ლექსს თან ვურთავთ 1921 წლის თებერვალში დაღუპული ქართველი იუნკრების სიას.

იუნკრები

ალბათ დახედე –

გადათვალე ყველა უკლებლივ,

ტაბახმელასთან გაუნძრევლად იწვნენ იუნკრები.

მიძინებული, უწვერული შენი ბიჭები,

სად მიდიოდი,

მათ საფლავებს რომ აბიჯებდი?

ან რა უთხარი მათ ჩურჩულით, დაბრუნებისას:

“მაპატიეთო”, თუ მხოლოდღა – “ძილი ნებისა”…

საით წაგიყვანს ახლა მათი შუქი უქრობი,

ვის განარიდებ?

ვის ეძმობი?

ვის ემუქრები?

ვისთან იომებ?

ვის დაუთმობ?

ვის მიენდობი?

აქ შენგან პასუხს ტაბახმელის ელის ფერდობი,

სადაც ერთ მწკრივად,

როგორც წინათ,

დგანან უკლებლივ –

შენი დამცველნი,

შენი ძენი,

შენი იუნკრები.

(ზაზა აბზიანიძე)

1921 წლის თებერვალში დაღუპული იუნკრების სია:

ალექსანდრე ახვლედიანი

პლატონ დოლიძე

შალვა ერისთავი

პავლე იაკობაშვილი

ლევან კანდელაკი

ოთარ ლორთქიფანიძე

მიხეილ ლოლუა

ილია ჯანდიერი

იოსებ ჯანდიერი

არჩილ ჯანდიერი

გიორგი ანდრონიკაშვილი

გიორგი ზედგინიძე

გიორგი იაშვილი

ვახტანგ ისკანდერაშვილი

ივანე კერესელიძე

რევაზ ფავლენიშვილი

ივანე ჯამასპიშვილი

გრიგოლ კიკიანი

პალიკო ბეშქენაძე

ნიკოლოზ ზანდუკელი

ნიკოლოზ სტურუა

მიხეილ თუმანიშვილი

ნიკოლოზ კალანდარიშვილი

გენო ქარუმაძე

ვანო მუჯირიშვილი

სანდრო მუჯირიშვილი

ჯიშკარიანი

ირაკლი თოიძე

ბესარიონ კემულარია

არჯევან ანანიაშვილი

გაბრიელ გეხტმანი

მიხეილ იოსელიანი

გერონტი არჩვაძე

მარო მაყაშვილი

 

 

 

 

მოამზადა ლანა გაბუნიამ

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

მიმართვა ევროკავშირს- „მოგიწოდებთ ევროპის და შესაბამისად საქართველოს გადარჩენის მიზნით, აქტიურად ჩაერთოთ საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში“-ვაჟა კაკაბაძე

მიმართვა ევროკავშირს „ბიზანტიის იმპერიის დაშლამ, რადიკალურად შეამცირა დასავლეთ სახელმწიფოების გავლენა აღმოსავლეთ სახელმწიფოებზე, იგივე და, შესაძლოა, ...