ახალი ამბები
Home / Uncategorized / ”ივანიშვილს შევარდნაძის ბედი მოენატრება”

”ივანიშვილს შევარდნაძის ბედი მოენატრება”


ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების შესახებ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი საუბრობს.
– ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების საკითხს კიდევ ერთი ამერიკელი კონგრესმენი შეუერთდა. როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ ეს პროცესი და რაზეა დამოკიდებული ეს?
– პროცესი ყურადღება მისაქცევია. ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორ მოიქცევა ივანიშვილი. სანქციებზე საუბრიდან ვითარება გადავიდა სანქციების კანონპროექტზე, გადავა თუ არა კანონპროექტიდან მის რეალიზაციაზე, ეს ივანიშვილზეც არის დამოკიდებული. ამიტომ პროცესი არის პოზიტიური ჩვენთვის, ქართული დემოკრატიისთვის.
რაკი ჩვენ საქართველოში უკვე 30 წელია, არ გვყოფნის რესურსი სრულფასოვანი დემოკრატიისთვის, ამიტომ გარედან გვჭირდება დახმარება და ბევრს დასჭირვებია. კარგია, რომ საქართველო კვლავ რჩება დასავლეთის ინტერესებში. საქართველო და არა მისი რომელიმე ხელისუფალი. შევარდნაძესაც არ აპატიეს, რომელსაც გაცილებით იცნობდა და აფასებდა დასავლეთი.
– მთავარი საკითხი – განხორციელდება თუ არა ეს, უკავშირდება თუ არა 8 მარტის შეთანხმების ორივე პუნქტს, როგორც საარჩევნო ცვლილებებს, ასევე პოლიტპატიმრების თემას?
– ბუნებრივია, ერთ-ერთი კომპონენტი ესეც არის. კატალიზატორი სწორედ ეს არის, როდესაც სანქციებზე საუბრის პროცესი გადადის სანქციების რეალურად დამუქრებაზე.
– თუმცა, კითხვა ჩნდება, როგორ შეიძლება განხორციელდეს ეს? ივანიშვილს ექნება დაცვის მექანიზმები, რომ არ დაექვემდებაროს მას, წინააღმდეგ შემთხვევაში ალბათ წავიდოდა დათმობაზე.
– კი, იფიქრებდა. არის საუბრები, რომ აი სხვაგან განათავსებს ფულს, დამალავს და ა. შ., მაგრამ არ უყვარს მას ფულის დაკარგვა. პოსტსაბჭოთა მილიარდერებს არ უყვართ იაფად ნაშოვნი ფულის დაკარგვა.
– თუმცა, არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას ფული შენახული აქვს ოფშორებში და ა. შ.
– გასაგებია, მაგრამ როდესაც მიზანში ამოღებული ხდება ივანიშვილი, ესეც ძალიან დიდი დისკომფორტია მისთვის, რბილად რომ ვთქვათ.
– პოლიტპატიმრების თემა დღეს უკვე გაჩერებულია და ამაზე „ოცნების“ წარმომადგენლები გვიმტკიცებენ, რომ ეს არ ყოფილა შეთანხმების თემა. ამ პროცესს როგორ უყურებთ?
– ივანიშვილს პირობის შესრულება ამ საკითხზეც მოუწევს. მე ასე ვვარაუდობ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შევარდნაძეს რაც მოუვიდა, ისიც კი ექნება სანატრელი.
– ოპოზიციაშიც ხომ არ არის გარკვეული კრიზისი? ამაზე ღიად მიანიშნა გუბაზ სანიკიძემ, რომელმაც ისაუბრა ამაზე. ხომ არ არის სამუშაო გასააქტიურებელი ოპოზიციურ ფლანგზე?
– არ ვიცი, რას გულისხმობდა გუბაზ სანიკიძე. ოპოზიციური პარტიები შექმნილ ვითარებაში, პრინციპში, ადეკვატურები არიან. მე მიმაჩნია, რომ ოპოზიცია მოძებნის ნორმალურ ფორმებს სათანამშრომლოდ საარჩევნო პროცესში.
– კონსოლიდაცია აღარ ჩანს ბოლო პერიოდში. რატომ?
– ძალიან ნორმალური პროცესი მიმდინარეობს ოპოზიციაში.
– ანუ აგრძელებთ კონსულტაციებს, უბრალოდ, ის არ ჩანს?
– ეს კონსულტაციები სხვადასხვა თემებზეა დამოკიდებული. ოპოზიცია ხომ არ აპირებს ერთიანი ბლოკით კენჭისყრას?! ოპოზიცია აპირებს ერთმანეთთან მჭიდრო თანამშრომლობას და 73 იქნება მაჟორიტარული ოლქი თუ 30, ამის მიხედვით გადაწყდება თანამშრომლობის მასშტაბი – 73 ოლქზე იქნება შესათანხმებელი თუ 30-ზე, ამიტომ ეს ნორმალური პროცესია.
– ფეისბუქმა დაბლოკა „ოცნებასთან“ და ნაცმოძრაობასთან დაკავშირებული ყალბი ანგარიშები. „ოცნების“ კონტექსტში ამაზე დიდი ხანია საუბარია, მაგრამ სიახლე იყო ენმ-თან მიმართებით. თქვენ არ გაგიჩინათ ამ საკითხმა კითხვები?
– მე ვფიქრობ, რომ ნაციონალურ მოძრაობას და მის ლიდერებს ეყოფათ იმის უნარი, რომ ადეკვატურად შეაფასონ ეს ვითარება. განუზომლად დიდია პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზე, მაგრამ არც რომელიმე ოპოზიციურ ძალასთან დაკავშირებული ხალხის მოხვედრაა კარგი ამ შავ სიაში. ამიტომ, მე ველოდები, რომ ნაციონალური მოძრაობა უფრო მკაფიო პასუხს გასცემს ამ საკითხს.
– ამ თემაზე მამუკა მდინარაძემ გვითხრა, რომ კოკა ყანდიაშვილს ოფიციალურად კავშირი არ ჰქონია „ოცნებასთან“. ამაზე როგორია თქვენი შეფასება?
– „ქართულ ოცნებასთან“ არაო, მაგრამ „ქართული ოცნების“ მთავრობასთან კიო. მდინარაძის განცხადების შემდეგ ისეთმა გაწონასწორებულმა ადამიანმა, როგორიც თამარ ჩუგოშვილია, თქვა, რომ შოკში ჩამაგდოო. მისი ყოფილი თანაგუნდელები ადასტურებენ, რომ პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში ბოლო დრომდე მჭიდროდ თანამშრომლობს კოკა ყანდიაშვილი „ქართულ ოცნებასთან“.
– თქვენ როცა იყავით კოალიციაში, ყანდიაშვილს მაშინაც ასეთი გავლენა ჰქონდა?
– არა, ჩვენ დროს მას არ ჰქონდა ასეთი გავლენა, თუმცა ის იყო მთავრობაში 2013 წლიდან და კოალიციაში ღარიბაშვილის ფლანგის წარმომადგენელი იყო და მაშინდელი „ტროლები“ და „ბოტები“ ძირითადად რესპუბლიკელებისა და თავისუფალი დემოკრატების წინააღმდეგ მუშაობდნენ. მას შიდა კოალიციით აქვს დაწყებული „ტროლობა“ და „ბოტობა“.
– კოალიციის დაშლაზე მუშაობდა?
– არა, ჩვენ ივანიშვილის შეკვეთით პირველი დღეებიდანვე გვერჩოდა. საერთოდ, ივანიშვილი თავისი ხალხით გვერჩოდა. სანამ კოკა ყანდიაშვილი გამოჩნდებოდა, სხვა ხალხი იყო ამით დაკავებული. ეს ივანიშვილის მართვა-გამგეობის ჩვეულებრივი მოდელია.
– რატომ ხდებოდა ასე? მაშინ რატომ გამოგიცხადათ ნდობა ივანიშვილმა? პირველები იყავით რესპუბლიკელები და თავისუფალი დემოკრატები, ვისთანაც თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. რა ახსნა აქვს ამას?
– უჩვენოდ არ შეეძლო და ჩვენი უკონტროლობაც მისთვის მიუღებელი იყო. მით უმეტეს, მერე და მერე მიერთებული ხალხი სულ ეუბნებოდა, რომ რესპუბლიკელები, ლიბერალები და ცუდიაო ეს. მერე „ასავალ-დასავალის“ ხალხი მოძლიერდა ივანიშვილის კარზე, ეს მისი მართვა-გამგეობის სტილია. დაყავი და იბატონეს პრინციპი.
სხვათა შორის, ქვეყნის შიგნით საკითხებიც, არჩევნები ჩვენს ზურგზე გადადიოდა და თავისუფალი დემოკრატების, ასევე ძიძიგურის და სხვების, ვისაც საარჩევნო გამოცდილება ჰქონდათ. მდინარაძე-თალაკვაძე მაშინ საერთოდ არ იყვნენ იქ და ვოლსკიმ კიდევ არჩევნები არ იცოდა და ის არც პირველ ეშელონში იყო და არც მესამეში. ასე რომ, გასაგებია. ჩვენ გარეშე ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც ქვეყნის გარეთ ვერ გაიმართებოდა ივანიშვილი წელში. გახელისუფლების კვალდაკვალ კი მას სჭირდებოდა ბალანსი, ის ძირითადად შავბნელი ძალებით ცდილობდა ჩვენს დაბალანსებას და ბოლოს სულ შავბნელი ძალების ამარა დარჩა და რომელი რომლის ტყვეობაშია, ძნელი გასარკვევია – ივანიშვილი მისი გარემოცვის თუ პირიქით.

ახალი თაობა

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ვინ ააგორა ცილისმწამებლური სკანდალი მეუფე გიორგი ჯამდელიანის წინააღმდეგ?- „გამოვათრევთ ბოკერიას და ვაგებინებთ საჯაროდ პასუხს“(ვიდეო)

Posted by Sandro Breg on ორშაბათი, 25 მაისი, 2020 „არასამთავროები ცდილობენ მეუფე გიორგი ჯანდელიანის წინააღმდეგ ...