ახალი ამბები
Home / ანალიტიკური მასალები / ვისწავლოთ ყაზახეთისგან

ვისწავლოთ ყაზახეთისგან

„ამთავითვე ვიტყვი: სხვისი გამოცდილების გაზიარება და სხვისგან სწავლა სათაკილოდ არ მიმაჩნია. ხაზს ვუსვამ – სწავლა და არა მიმბაძველობა-იმიტაცია. სამწუხაროდ, მეტწილად, სწავლის ნაცვლად სწორედ მიმბაძველობას ვეწევით სახელმწიფო დონეზე. ყაზახები – პირიქით, სწავლობენ, მათ შორის ჩვენგან, იმ ნაწილში, სადაც  წარმატებულნი აღმოვჩნდით. საქართველოში სხვადასხვა დროს რამდენიმე დელეგაცია ჩამოვიდა საქართველოს გამოცდილების შესასწავლად. მათ აინტერესებდათ ჩვენი იუსტიციის სისტემისა და პოლიციის რეფორმები. რატომ არ შეიძლება, რომ ჩვენც ვისწავლოთ ყაზახეთისგან – პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყნისგან, რომელმაც დიდი რყევების, სისხლისღვრისა და მეზობლებთან კონფლიქტების გარეშე მოახერხა ახალი ტიპის სახელმწიფოს აშენება და საკუთარი მოსახლეობისთვის სავსებით დამაკმაყოფილებელი ცხოვრების პირობების შექმნა? 
ამ შენიშვნის დაწერისკენ მიბიძგა ყაზახეთის ახალი პრეზიდენტის, ყასიმ-ჟომარტ ტოკაევის მიმართვამ ერისადმი (www.akorda.kz/ru/addresses/addresses_of_president/poslanie-glavy-gosudarstva-kasym-zhomarta-tokaeva-narodu-kazahstana). პრეზიდენტმა ხალხს ამცნო, რომ ქვეყანა გადადის სოციალური მოდერნიზაციის ახალ ეტაპზე. ეს არ ნიშნავს 180-ლარიან პენსიაზე 20 ლარის დამატებას, ეს ბევრად უფრო მეტია და შორს გათვლილი პროცესი. გარდა იმისა, რომ პრეზიდენტი ტოკაევი აქცენტს აკეთებს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე, სახელფასო ფონდების ზრდაზე, ეკონომიკის დივერსიფიკაციაზე, რათა სახელმწიფო ბიუჯეტი მეტწილად აღარ იყოს დამოკიდებული წიაღისეული რესურსებიდან შემოსულ ფულზე, პრეზიდენტი დიდ ყურადღებას აქცევს ახალგაზრდობის პრობლემებს, რადგან ყაზახეთში ახლა დემოგრაფიული ბუმია, მოსახლეობის რაოდენობა ურყევად იზრდება, ბევრი ახალგაზრდა კი (წელიწადში დაახლოებით 21 ათასი სკოლადამთავრებული) ვერ ახერხებს უმაღლეს ან პროფესიულ სასწავლებლებში მოხვედრას. პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ეს კატეგორია ახალგაზრდებისა ხშირად ავსებს კრიმინალების ან მარგინალების რიცხვს, ამიტომ იგი გამოდის ინიციატივით, მოხდეს ინდივიდუალური მიდგომა და ყველა სკოლადამთავრებულის უნარი და ნიჭი გამოვლინდეს და ახალგაზრდის პროფესიული დაკვალიანება.
ტოკაევის სტრატეგიის ღერძი, მისი მიმართვის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, არის „ძლიერი პრეზიდენტი – გავლენიანი პარლამენტი – ანგარიშვალდებული მთავრობა“. პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ეს ფორმულა არის სახელმწიფოს სტაბილობის საფუძველი. ამ საფუძველზე კი შესაძლებელია ხელისუფლებისა და საზოგადოების დიალოგი, ჭეშმარიტი სამოქალაქო საზოგადოების შექმნა ნაცვლად მოჩვენებითის. არ გამოვა არანაირი „სამოქალაქო საზოგადოება“ სოციალური სამართლიანობისა და ეკონომიკური კეთილდღეობის გარეშე. ეს ელემენტარული ჭეშმარიტება მაინც ვისწავლოთ ჩვენი მეგობარი ყაზახეთისაგან.

გულბაათ რცხილაძე

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

25 წლის მირანდა სხილაძე ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ბუნებრივი აირით დაიღუპა

  დიდი ტრაგედია ზესტაფონში, ბუნებრივი აირით დაღუპული ქალი, მირანდა სხილაძეა. ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ახალგაზრდა ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com