გიორგი რურუას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის ინფორმაციით, ეს იყო ხელისუფლების მიერ ორგანიზებული, წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა გიორგი რურუაზე.
„ჩვენ არ გვაქვს არანაირი მოთხოვნა იმიტომ, რომ არ გვაქვს ნდობა გამოძიების მიმართ. გიორგი რურუა საპატიმროში იმყოფება უკვე ერთი წელია უკანონოდ სწორედ გამომძიებლების და პოლიციელების მიერ ჩადენილი დანაშაულის შედეგად. ბუნებრივია მაინც მივიღებთ მონაწილეობას საგამოძიებო მოქმედებებში და არ შევუშლით ხელს გამოძიებას.
ეს იყო ხელისუფლების მიერ ორგანიზებული, წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა გიორგი რურუაზე. ეს დადასტურდა პენინტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეოჩანაწერით, სადაც ჩანს, რომ არანაირი კონფლიქტი ან შელაპარაკება უშუალოდ თავდასხმის მომენტს წინ არ უძღვის. ამ ადამიანებს საერთოდ არ იცნობდა გიორგი რურუა და შესაბამისად, სხვა მოტივი ბუნებაში ვერ იარსებებდა. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ეს ადამიანები მოულოდნელად აღმოჩნდნენ იქ და არჩევნებიდან ერთ დღეში განხორციელდა თავდასხმა. დაზიანებები მიყენებული აქვს სახის არეში”, – აღნიშნა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში, იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ პატიმრების მხრიდან განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე, „მთავარი არხის“ მეწილის, გიორგი რურუას გამოკითხვა მიმდინარეობს.
