ახალი ამბები
Home / Uncategorized / ვინ არიან ჩვენი ქალაქის გმირები?-ისე არაფერი უხდება თბილისს, როგორც კოლორიტები

ვინ არიან ჩვენი ქალაქის გმირები?-ისე არაფერი უხდება თბილისს, როგორც კოლორიტები

„რა თქმა უნდა, უჩვეულოა თბილისობის დღესასწაულის ასე აღნიშვნა. ჩვენს უძველეს და ულამაზეს ქალაქს არაფერი უხდება ისე, როგორც ზეიმი, შემოდგომის სიჭრელე, ბავშვების ჟრიამული, მტკვარზე ტივით მოსეირნე სტუმრები, ხილით დატვირთული დახლები, მშრომელი ადამიანების მიერ საქართველოს ყველა კუთხიდან მოზიდული ნობათი და რაც მთავარია, მხიარული, ბედნიერი სახეები ქალაქის ქუჩებში. სამწუხაროდ, დღეს ამ ფორმატით ვხვდებით ერთმანეთს. გილოცავთ თბილისობას ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ეს ქალაქი! ვულოცავ მათ, ვინც ქმნიდა თბილისის ისტორიას, ვინც დღეს ზრუნავს მის ყოველდღიურობაზე და ამით ქმნის მომავალს! განსაკუთრებით მინდა მივულოცო წლევანდელი თბილისობა ადამიანებს, რომლებიც ახლა უცნაურ ვირუსს ებრძვიან. მინდა გავამხნევო ისინი და ვუთხრა, რომ მარტო არ არიან ამ ბრძოლაში. მათ გვერდით არის სახელმწიფო და მათ გვერდით არიან ქართველი მედიკოსები, რომლებიც არასდროს მარცხდებიან.არაფერია იმაზე საპატიო მისია, იდგე ადამიანების სიცოცხლის სადარაჯოზე. ყველაფერი უფერულდება, როდესაც საქმე ეხება ადამიანთა ჯანმრთელობას და მათ უსაფრთხოებას. სწორედ იმის გაცნობიერება, თუ რამხელა პასუხისმგებლობა გვაკისრია ერთმანეთის მიმართ, გვაძლევს ძალას და შემწეობას, ერთად გავუმკლავდეთ სირთულეებს და დავინახოთ სინათლის სხივი იქ, სადაც აქამდე ვერ ვხედავდით, ან უბრალოდ არ გვინდოდა გვეძებნა. არ არსებობს ადამიანურობის უფრო ძლიერი და თვალსაჩინო გამოხატულება, ვიდრე სურვილი – უანგაროდ იზრუნო სხვებზე, დახმარების ხელი გაუწოდო მას, ვისაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება.იყო თბილისელი, ისევე როგორც სხვა ქალაქის მცხოვრები, პირველ რიგში, ნიშნავს იყო ჰუმანური, გიყვარდეს სხვა და გესმოდეს შენი როლი, საერთო, უკეთესი ყოფის შექმნაში. ადამიანები, რომლებსაც დღეს საპატიო თბილისელის წოდება მინდა გადავცე, სწორედ ის ხალხია, ვინც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ფორმით დაგვანახა, თუ როგორ შეიძლება გიყვარდეს შენი ქალაქი, შენი ქვეყანა და რაც მთავარია, შენი ხალხი.ტიტული ხომ საბოლოოდ მხოლოდ ფორმალობაა, რომლის უკან ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რამ დგას – გულიდან წამოსული მადლობა მთელი ქალაქისგან, ქვეყნისგან, და რაც მთავარია, ხალხისგან.თქვენ მიერ გაწეულ ღვაწლს და შრომას დაფასება სჭირდება. ეს არა მარტო ჩვენი სურვილია, არამედ – მოვალეობაცაა. დიდ მადლობას გიხდით ყველას სახელით და როგორც ამ ქალაქის მერი და ერთი, უბრალო ადამიანი, ვამაყობ, რომ თქვენს გვერდით ვცხოვრობ.როდესაც მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და შევხვდი ბატონ ამირან გამყრელიძეს, მან მეგობრულად მითხრა, რომ არასოდეს სახელმწიფოსგან არცერთი ჯილდო არ მიმიღია და ძალიან მეუხერხულებაო, მაგრამ მე, როგორც ამ ქალაქის მერს, ამ ქვეყნის შვილს, არ მქონდა უფლება, არ მიმეღო ეს გადაწყვეტილება, რადგან ეს ადამიანები, მათ უკან მდგომი ყველა თანამშრომელი, იმხელა საქმეს აკეთებენ ჩვენი ქვეყნისთვის, რომ მათი დაფასება უბრალოდ, აუცილებელია.და ბოლოს, საპატიო თბილისელის წოდება გადაეცემა ადამიანს, რომელიც ადამიანებს არა მედიკამენტებით, არამედ სიტყვით კურნავს. ეს არის კაცი, რომელსაც ძალიან უყვარს ლიტერატურა და გვასწავლის, რომ ადამიანი ადამიანისთვის დღეა; რომ დედამიწას სიყვარული ატრიალებს და სულში გაფურჩქნილი სიყვარულის ყვავილი არა ყაყაჩო, არამედ კაქტუსია, რათა ჩხვლეტით გვაგრძნობინოს სიცოცხლის ძალა.

ჩემთვის დიდი პატივია საპატიო თბილისელად დავასახელო გურამ დოჩანაშვილი. იმედი მაქვს, ბატონი გურამი ახლა ტელევიზორის ეკრანიდან გვადევნებს თვალს. მინდა, ვუსურვო მას ჯანმრთელობა და ხანგრძლივი სიცოცხლე“-კახა კალაძის ფეიბუქგვერდიდან.

2020 წლის საპატიო თბილისელის წოდება ქართველ კლასიკოსს, მწერალ გურამ დოჩანაშვილსა და პანდემიასთან მებრძოლ ცხრა ექიმს მიენიჭა.

მათ შორისაა: დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე, მისი მოადგილე პაატა იმნაძე, ინფექციური პათოლოგიების, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების გამგე მარინა ენდელაძე, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია, თბილისის აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის იგივე რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი ლევან გოფოძე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი ლევან რატიანი; თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის ინფექციურ განყოფილებათა კათედრის ხელმძღვანელი ელზა ვაშაკიძე, აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ლაშა ტალახაძემ მსოფლიო რეკორდი დაამყარა!

ქართველმა გოლიათმა ლაშა ტალახაძემ მოსკოვში, ატაცში 222 კგ ასწია, ევროპის ჩემპიონის ოქრო მოიგო და მსოფლიო ...