ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „…ვთქვი,  სოხუმი დაეცა… და ყველა ერთხმად ატირდა…“

„…ვთქვი,  სოხუმი დაეცა… და ყველა ერთხმად ატირდა…“

 

 1993 წელი, 27  სექტემბერი, იმ დროს  თავდაცვის სამინისტროს  პრესამსახურში ვმუშაობდი. და  უცებ რაღაც საშინელება მოხდა…ყველა ტელეფონი ერთად აწკრიალდა.

 ისინი, ვინც მაშინ  თავდაცვაში იმყოფებოდა, ყველა პანიკაში იყო… დერეფნებში გარბი-გამორბოდნენ და  ყველა ერთ ფრაზას  იმეორებდა…სოხუმი დაეცა…სოხუმი დაეცა…

 რეკავდნენ ყველგან- პრესამსახურშიც …

 უცხოეთის ყველა ტელევიზია სოხუმის აღებას და აფხაზეთის ომის  ტრაგედიას  გადმოსცემდა…. 

რეკავდნენ ტელეფონები…

 რეკავდნენ, დედები, მამები…. და-ძმები, ნათესავები…

თავდაცვის  სამინისტროს ეზოს  თბილისელები მოაწყდნენ,ჯარისკაცების ახლობლები… ყველას თავისი ედარდებოდა…იყო საყოველთაო გლოვა…

ვინ დაიღუპა და ვინ გადარჩა?...

  ყველა ყველასგან პასუხს ითხოვდა,  არავინ იცოდა  რა მოხდა… (არადა, სამშვიდობო ხელშეკრულების თანახმად,  ეს არ უნდა მომხდარიყო) – რა თქმა უნდა არც პრესამსახურის ჟურნალისტებმა  ვიცოდით, ვისთვის  რა პასუხი გაგვეცა….

იმ ღამეს არ ეძინა თბილისს… ან ვის დაეძინებოდა…

რაღაც სამარისებური სიჩუმე იდგა.., დიდი უბედურების შემდეგ რომ დაისაგურებს ისეთი…  მეორე დღეს  მეომრების მშობლები  შვილების  შესახებ ინფორმაციას ითხოვდნენ, მაგრამ  ზუსტი ინფორმაცია არ არსებობდა...

რამდენიმე  დღის  შემდეგ, თავდაცვის სამინისტროში  დაღუპულთა  არასრული  სია გამოაკრეს- არც კი მინდა  დაღუპულთა დედების   სახეების გახსენება… ეს იყო ენით აღუწერელი ტკივილი…

 მოდიოდნენ და ტიროდნენ, ჩუმად, ისე, რომ არავის აწუხებდნენ…

დაღუპულთა შორის ბევრი დედისერთა იყო… დედის ბოლო იმედი..დაღუპული მეომრებისთვის გამოსათხოვარი წერილები   დაწერა  მე მთხოვეს  (როგორც პრესამსახურის ჟურნალისტს) ეს წერილები  პრესაში  იბეჭდებოდა… ამას როგორ არ გავაკეთებდი იმათთვის,  ვინც სამშობლოს შესწირა თავი, ვცდილობდი,  რაც შეიძლება ლამაზი სიტყვებით   და ეპითეტებით მომეხსენიებინა  დაღუპული ბიჭები, მათი გმირობია ამბავი-დამეწერა ისეთი რამ, რაც  მათ გმირულ სულს შეეფერებოდა… ვწერდი და ვტიროდი, ან როგორ შემეძლო გულგრილად დამეწერა  19-20 წლის ბიჭებზე, რომლებსაც  ომმა სიცოცხლე მოუსწრაფა…

 მოგვიანებით თავდაცვაში  უგზო-უკვლოდ დაკარგული მეომრების სიაც გამოაკრეს- მასში დაღუპულებიც იგულისხმებოდა… და იყო დედების და მამების გლოვა, ცრემლები… უიმედობა… 

27 სექტემბერის ღამე სამსახურში გავათენე, სახლში დილით მივედი,  რადგანაც იმ დროს ინფორმაციის ვაკუუმი იყო,  ყველა მე  მელოდებოდა,  თუ რა ამბავს მივიტანდი თავდაცვიდან…

…ვთქვი,  სოხუმი დაეცა… და ყველა ერთხმად ატირდა…

  იყო საშინელი გლოვა და ტკივილი…. სუხუმის დაცემის  დღე, ძალიან ტრაგიკული  დღეა  ყველა ჩვენგანისთვის და სრულიად საქართველოსთვის….

ეთერ ბალაძე

 

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„პროკურატურა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის კანტორაა“-მამუკა ხაზარაძე

  საქართველოს პროკურატურა ჩემთვის არის ძალიან არაკომპეტენტური, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის კანტორა. შესაბამისად, იცით, რომ საქმე ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com