ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ექიმი გვირჩევს-რა უნდა ვიცოდეთ ცხვირიდან სისხლდენის შესახებ

ექიმი გვირჩევს-რა უნდა ვიცოდეთ ცხვირიდან სისხლდენის შესახებ

ცხვირიდან სისხლდენის მართვის  ახალი პერსპექტივები  

ცხვირიდან სისხლდენა საკმაოდ ხშირად გვხვდება სამედიცინო პრაქტიკაში, მსუბუქი ფორმიდან დაწყებული (მინიმალური სისხლდენა და თვითშეჩერება) მძიმე შემთხვევის ჩათვლით  (უხვი სისხლის დანაკარგი).რომელიც საფრთხის ქვეშ აყენებს პაციენტის სიცოცხლეს და საჭიროებს  დროულ , კომპენტენტურ სამედიცინო ჩარევას. ყველაზე ხშირად ამ პრობლემას აწყდებიან -ოტოლარინგოლოგები და მოიხსენიებენ ტერმინით  – ეპისტაქსისი, რომელიც ბერძნული წარმოშობის სიტყვაა (ბერძნ. ეპი ზედ, ზევიდან, სტაზო ჩამოვედინები). 

ცხვირიდან  სისხლდენა -ეს არის ნოზოლოგია, რომლის თუნდაც ერთ ეპიზოდთან შეხება ჰქონია ყველა ადამიანს თავისი სიცოცხლის განმავლობაში. ამ პრობლემის განვითარებაზე და მასთან ბრძოლის საშუალებებზე გვესაუბრება ხუჯაძე-გოგნიაშვილის კლინიკის წამყვანი ოტორინოლარინგოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ბატონი გიორგი გოგნიაშვილი

ბატონო გიორგი, ცხვირიდან სისხლდენა  რომელ ასაკობრივ ჯგუფშია უფრო აქტუალური და თუ ახასიათებს სეზონურობა?  

– საერთაშორისო სტატისტიკის მიხედვით, ცხვირიდან სისხლდენა სპონტანურ სისხლდენებს შორის მეორე ადგილზეა. გავრცელება ასაკის მიხედვით ატარებს ბიმოდალურ ხასიათს, პიკებით ბავშვებში  (2-10 წელი)  და მოზრდილებში   (50-80  წელი). ეპისტაქსისის  გავრცელებას სქესის მიხედვით აქვს ტენდენცია –  მამაკაცებში მაღალი გავრცელება ქალებთან შედარებით და ასევე ახასიათებს სეზონურობა, უფრო აქტუალურია შემოდგომის ბოლოს და ზამთრის თვეებში. 

– რა მიზეზებმა შეიძლება გამოიწვიოს ცხვირიდან სისხლდენა., რა ხელშემწყობი ფაქტორები არსებობს?
ცხვირიდან სისხლდენის მიზეზები პირობითად შეიძლება დავყოთ 2 ჯგუფად:  
ადგილობრივი მიზეზები (მაგალითად, ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის გაღიზიანება, სიმშრალე, ზედა სასუნთქი გზების ქრონიკული ინფექცია, ტრავმა, უცხო სხეული,  ქირურგიული ჩარევა ცხვირზე და დანამატ წიაღებზე, ალერგია, ნაზალური პოლიპები. 

სისტემური მიზეზებიდან აღსანიშნავია  მაღალი არტერიული წნევა სისხლის დაავადებები (ჰემოფილია, თრომბოციტოპენია) ლეიკემია, ვილებრანდის დაავადება, თირკმლის და ღვიძლის პათოლოგიები, აგრეთვე ეპისტქსის მიზეზი შეიძლება იყოს სხვადახვა მედიკამენტის რეგულარული მიღება (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, ანტიკუაგულანტები, ანტიაგრეგანტები, ნაზალური სტეროიდები.), ასევე უნდა აღინიშნოს იდიოპათიური ეპისტაქსისი ,როდესაც ყოველთვის ვერ ხერხდება ცხვირიდან სისხლდენის  რაიმე კონკრეტული  მიზეზის დადგენა. ცხვრიდან სისხლდენის მქონე  პაციენტების დაახლოებით 10% ესმევა იდიოპათიური,რეკურენტული ეპისტაქსისის  დიაგნოზი. 

ლოკალიზაციის მიხედვით  ეპიტაქსისი შესაძლოა დაიყოს 2 კატეგორიად- წინა და უკანა ცხვირიდან სისხლდენა. 
ცხვირიდან სისხლდენების 90% აღმოცენდება ცხვირის წინა ნაწილში, ე.წ ლიტლის მიდამოში, კისელბახის წნულიდან. უკანა სისხლდენა ვითარდება 5-10 %  შემთხვევაში ცხვირის ღრუს უკანა მიდამოებიდან  ე.წ.  ვუდრაფის წნულიდან, წინა სისხლდენისგან  განსხვავებით  ხშირად არტერიული  წარმოშობისაა და უფრო უხვი  და ინტენსიურია. 

– მკურნალობის რა ტაქტიკას მიმართავთ ცხვირიდან სისხლდენის დროს?  

– მკურნალობის მიზანს, რა თქმა უნდა, წარმოადგენს პირველ რიგში მწვავე სისხლდენის შეჩერება და განმეორიბითი ეპიზოდების პროფილაქტიკა. ამის შემდგომ უნდა მოხდეს ცხვირიდან სისხლდენის   ძირითადი გამომწვევი მიზეზის დადგენა და  აღმოფხვრა. 

ცხვირიდან სისხლდენის მკურნალობის სტრატეგია დამოკიდებულია ცხვირიდან სისხლდენის ინტენსივობაზე, ჯერადობაზე და ლოკალიზაციაზე. 

მცირე ინტენსივობის დროს საკმარისია ცხვირზე მექანიკური ზეწოლა გარედან და ადგილობრივად ინიშნება  მკურნალობა.  

ასევე ხდება ცხვირიდან სისხლდენის მკურნალობა ელექტროკუაგულაციური მეთოდით. ზემოთაღნიშნული მეთოდების უეფექტობის შემთხვევაში მიმართავენ წინა ან უკანა ტამპონადას. 

რთული შემთხვევების დროს მიმართავენ   ზედა ყბის  არტერიის ანგიოგრაფიულ ემბოლიზაციას,  მაგრამ აღნიშნული მეთოდის ბევრი გვერდითი ეფექტის გამო  ემბოლიზაციის პოპულარულ ალტერნატივად ითვლება დაზიანებული სისხლძარღვის ქირურგიული ლიგირება. 

– ბატონო გიორგი,თქვენ ახსენეთ ცხვირიდან სისხლდენის ადგილობრივი მკურნალობა, გვაინტერესებს რომელ საშუალებებს ანიჭებთ უპირატესობას? 

– წლების განმავლობაში ცხვირიდან სისხლდენას სხვადასხვა ადგილობრივი საშუალებით ებრძოდნენ. დღეს უკვე საქართველოში არსებობს პრეპარატი -ემოფიქსი. ემოფიქსი არის ჰემოსტაზური ბარიერული მალამო, რომელიც გამოიყენება ეპისტაქსისის როგორც მწვავე ეპიზოდების კუპირებისთვის, ასევე განმეორებითი ეპიზოდების პროფილაქტიკისთვის. გარდა სისხლდენის შეჩერებისა, ემოფიქსის მალამო ხელს უწყობს დაზიანებული ცხვირის ლორწოვანის სწრაფ რეგენერაციას და დატენიანებას. 

ანტისეპტიკური თვისების წყალობით  ემოფიქსის მალამო ახდენს ცხირის ლორწოვანის ღია ჭრილობიდან აღმავალი ინფექციის გავრცელების პროფილაქტიკას.  

მალამოს თან ახლავს ცხვირის აპლიკატორი კანულა, რაც მის გამოყენებას პაციენტისთვის კომფორტულს ხდის,  ემოფიქსის მალამო   გამოიყენება ყველა ასაკობრივ ჯგუფში, ორსულებში და მეძუძურ დედებში. 

_____________________________-

ცხვირიდან სისხლდენას (ეპიტაქსისს) ხშირად ერთჯერად და უმნიშვნელო პრობლემად მიიჩნევენ, თუმცა ოტორინოლარინგოლოგი ნინო კვერნაძე ამბობს, რომ ეპიტაქსისი თითქმის ყოველთვის ორგანიზმში რაღაც დარღვევის მანიშნებელია და შესაძლოა რომელიმე კონკრეტული დაავადების სიმპტომიც იყოს. “ეს ყველაფერი არის საყურადღებო, პაციენტი უნდა გასინჯოს ექიმმა და არა მეზობელმა, რადგან ყველას სხვადასხვა, ინდივიდუალური პრობლემის გამო აქვს ცხვირიდან სისხლდენა. ამ მიზეზის დასადგენად კი აუცილებელია ვიზიტი ექიმთან”, – ამბობს ნინო კვერნაძე.

ექიმის განმარტებით, ცხვირიდან სისხლდენა შესაძლოა ცხვირის ლორწოვანას სიმშრალით ან ცხვირის ძგიდეზე სისხლძარღვების ანატომიური განლაგებით იყოს გამოწვეული, ასევე, სისხლმდენი პოლიპის ან ტრავმის გამო. შესაძლოა ეპიტაქსისი განვითარდეს მაღალი ემოციური ფონის დროსაც, ამ დროს ხდება სისხლძარღვების გადავსება, რის გამოც წყდება კაპილარი და ცხვირიდან მოდის სისხლი.

ხშირად ცხვირიდან სისხლდენის მიზეზი მაღალი არტერიული წნევაა. მაღალი წნევა აძლიერებს სისხლის ჭავლს სუსტი კაპილარების კედლებზე და ხეთქავს მათ. გარდა ამისა, არსებობს ვირუსული წარმოშობის სისხლდენები, რომლებიც უმეტესად ბავშვებშია გავრცელებული. ექიმის განმარტებით, ამ დროს შესაძლოა სისხლდენა ყურიდანაც კი განვითარდეს: “პატარებში ხშირია ვირუსული სისხლდენა, უფრო ბაქტერიული რინიტები. გარდა ამისა ცხვირიდან სისხლდენას ბავშვებში ხშირად იწვევს ის, რომ ისინი აწვალებენ ცხვირს. შუა ხნის ადამიანებს კი სისხლდენა უფრო დაავადებების გამო უვითარდებათ. ასაკოვანი ადამიანების ცხვირიდან პერიოდული სისხლდენის მიზეზი კი არის წნევა, მაღალი ემოციური ფონი, ორგანოების დაავადებები და გამომშრალი ცხვირის ლორწოვანა”, – განმარტავს ექიმი.

ეპიტაქსისი ორი სახისაა, იგი შესაძლოა განვითარდეს ცხვირის წინა ნაწილში, ასევე ცხვირის შუა და უკანა ნაწილში. “სისხლდენა, რომელიც ცხვირის წინა ნაწილში ვითარდება, არ არის საშიში, მაგრამ როცა იგი უფრო ღრმაა და ვითარდება ცხვირის შუა ან უკანა ნაწილში, სადაც სხვა ვენები გადის, საჭირო ხდება სპეციალისტის დროული ჩარევა, რათა ადამიანი სისხლისგან არ დაიცალოს და არ დაიღუპოს”, – ამბობს ნინო კვერნაძე. ასეთი სისხლდენა ძირითადად მაღალი არტერიული წნევის დროს ან რომელიმე დაავადების დროს ვითარდება.

ცხვირიდან სისხლდენა წელიწადში ერთხელ არ მიიჩნევა საგანგაშოდ, მაგრამ როცა ადამიანს ასეთი შემთხვევების გამო დისკომფორტი ექმნება, დროა ექიმს მიმართოს. ნინო კვერნაძე ამბობს, რომ ცხვირიდან სისხლდენა, გარკვეული პერიოდულობით, დღეში რამდენჯერმეც კი შეიძლება განუვითარდეს პაციენტს. “ყველა შემთხვევა საყურადღებოა. უყურადღებოდ დატოვებულმა ერთჯერადმა სისხლდენამ შეიძლება უფრო სერიოზული დაავადების დიაგნოსტიკა გამოგიტოვოს”, – ამბობს ის.

ექიმის განმარტებით, ცხვირიდან სისხლდენა, როგორც წესი, რამდენიმე წუთში ჩერდება, თუმცა ყოველთვის ასე არ ხდება და იგი შესაძლოა ნახევარ საათზე მეტ ხანსაც გაგრძელდეს.

ცხვირიდან სისხლდენის დროს არ არის რეკომენდებული თავის უკან გადაწევა და მით უმეტეს დაწოლა, ამ დროს შესაძლოა პაციენტმა სისხლი გადაყლაპოს, რის შედეგადაც კუჭი ივსება სისხლით და იწყება ღებინება. “გარდა არასასიამოვნო გემოსა და შეგრძნებისა, შეიძლება ეს მასა ისევ ცხვირში წავიდეს და უფრო გართულდეს მდგომარეობა”, – ამბობს ექიმი.

იმისთვის, რომ წინა ცხვირიდან სისხლდენა დროულად შეჩერდეს, ექიმის რეკომენდაციით, ადამიანი უნდა იჯდეს და ცხვირის ნესტოებზე დაიდოს ცივი საფენები, ცხვირის ნესტოში, წინა შესასვლელში კი მოითავსოს წყალბადის ზეჟანგში (ე.წ. “პერეკისი”) დასველებული ბამბის ტამპონი. “წყალბადის ზეჟანგი (3%-იანი) სასურველია იყოს ცივი (როცა პაციენტი ინფორმირებულია პერიოდულად სისხლდენაზე მას მაცივარშიც კი უდევს ეს ხსნარი). მას შემდეგ, რაც ე.წ. პერეკისში დასველებულ ტამპონს მოათავსებთ ცხვირის ნესტოში, ცხვირის ფრთაზე დაიდეთ ხელსახოცში გახვეული ყინულის ნატეხი და მიიჭირეთ ხელი რამდენიმე წუთის განმავლობაში”, – ამბობს ექიმი.

იმ შემთხვევაში თუ ეს ცხვირის პირველადი და წინა ნაწილის სიხლდენაა, მაშინ კაპილარი რამდენიმე წუთში დაითრომბება და სისხლდენა გაჩერდება, მაგრამ თუ სისხლდენა ცხვირის უკანა ნაწილში ხდება, მისი შეჩერება მხოლოდ სპეციალური ტამპონის საშუალებითაა შესაძლებელი, რომელიც შიგნიდან, ანუ უკანა ხახიდან თავსდება, ეს კი მხოლოდ ექიმის პრეროგატივაა.

_____________________________

ბავშვებში ცხვირიდან სისხლდენის უხშირესი მიზეზებია ცხვირის მცირე ტრავმები, ზემო სასუნთქი გზების ინფექციები, უცხო სხეული ცხვირის ღრუში, ალერგიული რინიტი, მშრალი ჰაერის ზემოქმედება.

ცხვირიდან სისხლდენა უხშირესად წყდება  ყოველგვარი ჩარევის გარეშე და როგორც წესი არ არის სერიოზული და სიცოცხლისთვის საშიში, თუმცა ის შიშისმომგვრელია როგორც ბავშვისთვის, ისე მისი მშობლებისთვის.

რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა, თუ მათ შვილს ექნება ცხვირიდან სისხლდენა? და რის გაკეთება არ არის სწორი ასეთ დროს?

  • პირველ რიგში ეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე.
  • სთხოვეთ ბავშვს დაჯდეს და ოდნავ წინ გადაიხაროს. ასეთ პოზიციაში მცირდება სისხლის წნევა ცხვირის ვენებში. ეს გარკვეულ წილად ამცირებს სისხლის ნაკადს და ხელს უწყობს სისხლდენის შეჩერებას. წინ გადახრილი პოზიციით კი თავიდან იქნება აცილებული სისხლის გადაყლაპვა და მისი კუჭში მოხვედრა.
  • ცერა და საჩვენებელი თითებით მოახდინეთ ზეწოლა ცხვირის ნესტოებზე. სთხოვეთ ბავშვს ამ დროს ისუნთქოს პირით. გააგრძელეთ უწყვეტი ზეწოლა 10 წუთის განმავლობაში და ამ დროის გასვლამდე ნუ ეცდებით ნახოთ შეჩერდა თუ არა სისხლდენა. ეს დრო საჭიროა სისხლის შედედებისთვის.
  • ცხვირიდან სისხლდენის განმეორების მინიმუმამდე შესამცირებლად სთხოვეთ ბავშვს არ გამოიხოცოს ცხვირი სისხლდენის შეჩერებიდან რამდენიმე საათის განმავლობაში.

რის გაკეთება არ არის სწორი და რეკომენდებული

  • თავის უკან გადაწევა სისხლდენის დროს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლის გადაცდენა სასუნთქ გზებში
  • ცხვირის ძვალზე ზეწოლა
  • ცხვირზე ყინულის დადება
  • ცხვირის ღრუში ტამპონების ჩადება. ამ უკანასკნელის საჭიროებას განსაზღვრავს ექიმი.

როდის გამოვიძახოთ სასწრაფო დახმარება და მივმართოთ ექიმს?

  • როდესაც სისხლდენა გრძელდება 15 წუთზე მეტი
  • როდესაც სისხლდენა ძლიერია
  • როდესაც სისხლდენას თან სდევს ძლიერი სიფერმკრთალე, სუნთქვის გაძნელება, გონების დაკარგვა.
    • ევექსი

ცხვირიდან სისხლდენა

რა უნდა ვიცოდეთ ცხვირიდან სისხლდენის შესახებ

  • ცხვირიდან სისხლდენა შეიძლება განვითარდეს ცხვირის ნაზი სისხლძარღვების მცირე დაზიანების დროსაც კი.
  • ჩვილებში ცხვირიდან სისხლდენა ძალზე იშვიათია.
  • ცხვირიდან სისხლდენა შედარებით ხშირია 1-3 წლის და სასკოლო ასაკის ბავშვებში.
  • ხშირ შემთხვევაში სისხლდენა უეცრად, ერთი ნესტოდან ვითარდება.
  • ღამის განმავლობაში განვითარებული სისხლდენისას ბავშვმა შეიძლება გადაყლაპოს სისხლი და მოგვიანებით აღებინოს ან გამოყოს განავალთან ერთად. ამ უკანასკნელის დროს სისხლს მოშავო შეფერილობა ექნება.
  • სისხლდენების უმრავლესობა ჩერდება თავისთავად რამდენიმე წუთის განმავლობაში.
  • სისხლდენა იშვიათად წარმოადგენს სერიოზული დაავადების ნიშანს.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ეკლესიაში ჩაბუდებული შადიმანები ჩვენს პატრიარქს აუჯანყდნენ“

„ახლა როცა „ეკლესიაში ჩაბუდებული შადიმანები ჩვენს პატრიარქს აუჯანყდნენ!ჩვენი ეკლესიის წინააღმდეგ დაირაზმნენ! „ერთადერთი რაც ქართველ ხალხს ...