ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ეპიდვითარება შესაძლოა კიდევ უფრო დამძიმდეს,მოსალოდნელია სამედიცინო სისტემის კოლაფსი

ეპიდვითარება შესაძლოა კიდევ უფრო დამძიმდეს,მოსალოდნელია სამედიცინო სისტემის კოლაფსი

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე ადასტურებს, რომ უახლოეს პერიოდში გარკვეული შეზღუდვები დაწესდება.

გამყრელიძის შეფასებით, ეპიდვითარებართულია და, შესაძლოა, კიდევ უფრო დამძიმდეს.

“ძალიან სერიოზული მდგომარეობაა ქვეყანაში ეპიდვითარებასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ახალი შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი 3-4 ათასის ფარგლებშია. ჯერჯერობით, მას აქვს კიდევ ტენდენცია აღმასვლის, ანუ იზრდება ყოველდღიური მაჩვენებლები, ამიტომ, ახლა მუშავდება შესაბამისი გეგმა, თუ რა უნდა გაკეთდეს.

ერთის მხრივ, აცრების მაქსიმალური ინტენსიფიკაცია, მაგრამ, ამავე დროს, გარკვეული ღონისძიებების ადმინისტრირების გამკაცრება და შესაძლებელია, ასევე, გარკვეული შეზღუდვების შემოღება, რომ შევაკავოთ ინფექცია,”-აცხადებს გამყრელიძე.


„რატომ არ ვამკაცრებთ რეგულაციებს?“ – 720 ექიმი მთავრობას მიმართავს

https://servedbyadbutler.com/adserve/;ID=180004;size=728×90;setID=459281;type=iframe;click=CLICK_MACRO_PLACEHOLDER
„რატომ არ ვამკაცრებთ რეგულაციებს?“ – 720 ექიმი მთავრობას მიმართავს

„საქართველოს ექიმთა საზოგადოება“, რომელშიც 5600-ზე მეტი წევრია გაერთიანებული, პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილს, ჯანდაცვის მინისტრ, ეკატერინე ტიკარაძეს, NCDC-ს ხელმძღვანელ, ამირან გამყრელიძეს და ინფექციური საავადმყოფოს დირექტორ, თენგიზ ცერცვაძეს მიმართავენ.

ექიმები გავრცელებულ ღია წერილში სამედიცინო სფეროში კოვიდ-ინფექციის გამო არსებულ პრობლემებზე საუბრობენ და ხელმძღვანელ პირებს გამოსავლის გზებსაც სთავაზობენ.

მიმართვაში აღნიშნულია, რომ მოსალოდნელია სამედიცინო სისტემის კოლაფსი, რომლის გადასაჭრელად საჭიროა რიგი შეზღუდვების დაწესება, ხოლო არსებულის მკაცრი აღსრულება და ჯარიმები. გარდა ამისა, მედიკოსები საჭიროდ მიიჩნევენ პაციენტების ონლაინ-მართვის სისტემის მეტ მოქნილობას, ბიუროკრატიული რგოლების გარეშე.

ექიმები თავიანთი კოლეგების გადამზადების აუცილებლობასაც უსვამენ ხაზს, მათ შორის ოჯახის ექიმების მიმართულებით.

გარდა ამისა, მედიკოსები საავადმყოფოებში არსებულ დეფიციტებზე საუბრობენ, როგორც ტექნიკური, ასევე მედიკამენტების კუთხით:

„ექიმები საკუთარი ჯანმრთელობისა და ზოგჯერ სიცოცხლის ფასად ვდგავართ ფრონტის წინა ხაზზე. ჩვენ ვართ ისინი, ვისაც ხვალ მძიმე პაციენტების ბინაზე დატოვება მოუწევთ; ვინც ვერ დავაინტუბირებთ ასაკოვან ხალხს სასუნთქი აპარატების უქონლობის გამო. ჩვენ ვართ ისინი, ვის სახესაც ეს ადამიანები სიცოცხლის ბოლო წამებში დაინახავენ და ვისი თვალებიც ცხოვრებაში არ დაგვავიწყდება; ჩვენ ვართ ისინი, ვინც თქვენ მიერ დაწესებულ რეგულაციებს ყველაზე მძაფრად შევიგრძნობთ და სავარაუდოდ, ხვალ თქვენი ოჯახის წევრის სასთუმალთან ვიდგებით.

ვხედავთ რა, საქართველოს სამედიცინო სისტემის კოლაფსის რეალურ საშიშროებასა და უკვე დღეისათვის არსებულ საწოლფონდის დეფიციტს, მოგმართავთ თხოვნით, გათვალისწინებულ იქნას ქვემოთ ჩამოთვლილი დეტალები და სასწრაფოდ დაინერგოს პრაქტიკაში. ასევე ველით კოლეგიალურ, არგუმენტირებულ, წერილობით პასუხს, რისთვისაც წინასწარ მადლობას გიხდით.

კითხვა პირველი: რა ჰქვია პანდემიის მართვის იმ მოდელს, რომელიც დღესდღეობით საქართველოში ხორციელდება?
თავისი რეგულაციებით, უფრო სწორად კი, რეგულაციებზე კონტროლის არარსებობით ძალიან ჰგავს შვედურ მოდელს, რომელზეც, მოსახლეობისა და კოლეგების გაფრთხილების გარეშე, ვფიქრობთ, არ გადახვიდოდით. ამიტომ ლოგიკური კითხვა ექიმებისაგან, რატომ არ მკაცრდება კონტროლი რეგულაციებზე და რატომ ვართ მოსახლეობისა და ანტივაქსერების გონიერების იმედზე?

რა თქმა უნდა, არ არის ლოკდაუნზე საუბარი და სწორედ რომ გარდაუვალი არ გახდეს, ამიტომ არის ბევრი სხვა ბერკეტის ამუშავება აუცილებელი.

მაგალითად:

● სავალდებულო გახდეს FFP2 და FFP3 პირბადეები ან ერთდროულად 2 სამედიცინო პირბადის ტარება დახურულ სივრცეებში, ტრანსპორტში. გამკაცრდეს კონტროლი და დაჯარიმდეს წესის დამრღვევი, რაც დღევანდელ დღეს არ ხდება, როგორც ყველასთვის ცნობილია;

● აიკრძალოს მრავალრიცხოვანი შეკრებები (მაგ. 10 კაცზე მეტი);

● გადაიდოს ფართომასშტაბიანი კონცერტები და ღონისძიებები (რა ლოგიკით ვრთავთ ამ ტიპის კონცერტის ჩატარების ნებას და ამავე დროს ხალხს მოვუწოდებთ, არ დაესწროს? განსაკუთრებით კი გასათვალისწინებელია, რომ თინეიჯერის ასაკის ახალგაზრდები ასეთ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებენ);

● რესტორნებმა და კაფე-ბარებმა მხოლოდ ღია სივრცეში მიიღონ სტუმრები; მხოლოდ სრულყოფილად აცრილები და პირები ბოლო 72 საათში ჩატარეული PCR-ტესტის ნეგატიური პასუხით იქნენ დაშვებულნი;

● შეიზღუდოს ე.წ. წითელი ზონის ქვეყნებიდან ტურისტების შემოსვლა ან დაუწესდეთ კარანტინი. ყველამ კარგად ვიცით, რომ როგორც ვაქცინაციის, ისე PCR-ტესტების ცნობების პასუხების გაყალბება არცთუ ისე იშვიათია ტურისტებში (განსაკუთრებით მეზობელი ქვეყნებიდან).

● გამკაცრდეს კონტროლი კოვიდ-პასპორტებზე და მათ ვალიდურობაზე.

ეს მოკლე ჩამონათვალია რეგულაციებისა, რომლებიც ლოკდაუნამდე შეიძლება გატარდეს, რომლებიც იყო შარშან ძალაში და კარგი შედეგიც ჰქონდა. 2020 წელს და მიმდინარე წლის დასაწყისში არსებულმა შეზღუდვებმა დიდი როლი ითამაშა კოვიდ სიტუაციის ეფექტურად მართვაში და დღევანდელ დღეს, ასეთი მძიმე ეპიდსიტუაციის ფონზე რატომ არ ვამკაცრებთ რეგულაციებს და კონტროლს რეგულაციებზე?

ვაქცინაციის კამპანია უმნიშვნელოვანესი და გადამწყვეტია, მაგრამ მე-4 ტალღისგან ვეღარ დაგვიცავს, ამიტომ მხოლოდ აცრების იმედად ყოფნა შემდეგი 2-3 თვის განმავლობაში არ მიგვაჩნია მართებულად.

კითხვა მეორე: ეხება ეპიდგამოძიებას, კოვიდ-პაციენტებისა და მათი კონტაქტების იზოლაციაში გადაყვანას, რაც პირველი სამი ტალღის დროს საუკეთესოდ ხორციელდებოდა. ჩვენი ინფორმაციით, როგორც კი პორტალზე აისახება ახალი კოვიდ-შემთხვევა, ცენტრის ეპიდემიოლოგი გადასცემს ინფორმაციას ცენტრის დირექტორს და იწყებს ეპიდ-კვლევას, ურეკავს პაციენტს, უხსნის შექმნილ ვითარებას, იკვლევს მის კონტაქტებს. ჯამურ ინფორმაციას კვლავ გადასცემს დირექტორს, დირექტორი ყოველი დღის ბოლოს გადასცემს ინფორმაციას რეგიონალურ ჯანდაცვის ცენტრს და პოლიციას, აქ ეპიდემიოლოგის მოვალეობა მთავრდება. რეგიონალური ცენტრიდან ინფორმაცია ყოველდღიურად გადაეცემა სამინისტროს და იქიდან მიდის ონლაინ ოჯახის ექიმებთან.

აქედან გამომდინარე, ჩნდება კითხვები: 

1. ამ პროცესში იკარგება დრო, როგორც მინიმუმ 12 საათი, ბევრი შუალედური რგოლია, ხომ არ ჯობს, ეპიდემიოლოგის ინფორმაცია ონლაინ რეჟიმში იტვირთებოდეს რეგიონის ან პირდაპირ სამინისტროს პორტალზე? ეს მოგვცემს პროცესის დაჩქარების საშუალებას.

2. რაც შეეხება პოლიციას. ვფიქრობ იგი ანგარიშვალდებულია ჯანდაცვის სამინისტროსთან, ყოველდღიური ინფორმაცია მიაწოდოს სპეციალურად გამოყოფილ პირს განყოფილებაში ან ჯანდაცვის სამინისტროში, თუ რა საკარანტინო წესების დარღვევას ჰქონდა ადგილი დღის განმავლობაში. მაგალითად, რამდენი ასეთი ჯარიმა იქნა ბოლო თვეში გამოწერილი? აუცილებელია, კანონის სრული სიმკაცრით (ვგულისხმობთ რეგულაციებით გათვალისწინებულ ფულად ჯარიმას) მოხდეს მათი მხრიდან საკარანტინო წესების დამრღვევი პირების დასჯა. აქვე უნდა ვიკითხოთ, რატომ არ ჯარიმდებიან კოვიდ-პაციენტები, რომლებიც ხშირად საღამოობით გარეთ სეირნობენ ან სისხლის ასაღებად მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილდებიან;

უამრავი ასეთი მაგალითი გვაქვს სახეზე. ან რატომ არ ხდება კოვიდ-პაციენტების კონტაქტების რეგულარული კონტროლი? ხომ არსებობს ასეთი რეგულაციები, რატომ არ ხდება მათი კონტროლის უზრუნველყოფა?

3. ონლაინ ოჯახის ექიმები, რომლებიც კოვიდ-პაციენტებთან დარეკვას ვეღარ ახერხებენ გაზრდილი რაოდენობის გამო, ვფიქრობთ, რომ კონტაქტების მოძიებასა და მათ კარანტინში გადაყვანას სრულფასოვნად მოახერხებენ? რატომ არ ვუბრუნებთ ამ უმნიშვნელოვანეს დავალებას ეპიდემიოლოგებს?

4. გახშირდა შემთხვევები, როცა კოვიდ-კონტაქტებს ან საერთოდ არ უკავშირდებიან ან სწრაფი ტესტის აღების შემდეგ მეორე დღეს მუშაობის უფლება ეძლევათ. რას ეფუძნება ეს უკანასკნელი გადაწყვეტილება?

კითხვა მესამე: კოვიდის კლინიკურ მართვას ეხება.

დავიწყოთ ამბულატორიული სექტორით 

1. რატომ არ არის ყველა, უკლებლივ ყველა ოჯახის ექიმი კოვიდის მართვაში ჩართული? რატომ არ ვატრენინგებთ საქართველოში არსებულ ყველა ოჯახის ექიმს და არ ვაძლევთ პაციენტს საშუალებას დაუკავშირდეს თავის, ანუ მისთვის სასურველ ოჯახის ექიმს და თუ ასეთი არ ჰყავს, მხოლოდ იმ შემთხვევაში კოვიდ-ოჯახის ექიმს? ეს ხომ ონლაინ-ოჯახის ექიმებსაც განტვირთავდა და თან პაციენტს კონტაქტი ექნებოდა იმ ექიმთან, რომელსაც მანამდეც ენდობოდა. გარდა ამისა, პაციენტების უმრავლესობა კოვიდ-ოჯახის ექიმთან ერთად მაინც უკავშირდება მანამდე ნაცნობ პჯდ-ს, ისმენს ხშირად ორ განსხვავებულ აზრს, რაც მის დაბნევას და უნდობლობას განაპირობებს.

2. რატომ არ ტარდება რეგულარული ტრენინგები, თუნდაც ვებინარები პჯდ-თვის? თვეში ერთხელ მოხდეს ონლაინ შეხვედრა, კოლეგებისთვის სიახლეების გაცნობა და მათ კითხვებზე პასუხის გაცემა. ეს ხომ მათ გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარებოდა და პაციენტების ჰოსპიტალიზაციის რაოდენობას მკვეთრად შეამცირებდა?! გერმანიაშიც კი, სადაც ექიმებს განვითარების მართლაც საუკეთესო პირობები აქვთ, მათი უმრავლესობა ფლობს ინგლისურს და შეუძლია ინტერნეტით ნებისმიერი ინფორმაციის მოძიება, აქაც კი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმები ოჯახის ექიმებს რეგულარულ კონსულტაციებს უწევენ, ვებინარებს უტარებენ და რატომ არ უნდა ჰქონდეს ამის საშუალება საქართველოში მოღვაწე ოჯახის ექიმს?

3. ჩამოყალიბდეს ბრიგადები 3-4 დღეში ერთხელ ან/და საჭიროების მიხედვით ბინაზე მყოფი პაციენტების მდგომარეობის შესაფასებლად. ამით შემცირდება პაციენტის მხრიდან არსებული ისედაც ემოციური განწყობა, რომელიც თან ახლავს ვირუსის ქონას, შეუმცირდება შიშის ფაქტორი და ამბულატორიული მართვაც ბევრად ეფექტური გახდება.

4. გახშირდა PCR- და სწრაფი ტესტების მცდარი ნეგატიური შედეგები, რაც ერთის მხრივ ტესტის ჩატარების მცდარ ტექნიკას და მეორეს მხრივ დროის თვალსაზრისით, ტესტის აღების არასწორ დაგეგმვას (არ ხდება ავადმყოფობის ხანგრძლივობის/ფაზის გათვალისწინება) უკავშირდება. აუცილებელია ტესტირებაში მონაწილე მედპერსონალის ინტენსიური ტრენინგები.

5. პროტოკოლიდან ამოღებულ იქნას ამბულატორიულ პაციენტებში კომპიუტერული ტომოგრაფია.

a. არ არსებობს მსუბუქ და საშუალო ფორმებში კტ-კვლევის ინდიკაცია. თუ პაციენტის ობიექტური პარამეტრები (სატურაცია, სუნთქვის სიხშირე წუთში) ნორმაშია, ჯერ ერთი, რომ არ ველოდებით ფილტვის ქსოვილის განსაკუთრებულ დაზიანებას და მეორეც, ამ შემთხვევაში თერაპიული თვალსაზრისით ეს ინფორმაცია არაფერს ცვლის, გარდა დასხივების დიდი დოზისა, რასაც პაციენტი ამ გამოკვლევით იღებს. უამრავი ახალგაზრდა ადამიანი და ბავშვიც კი დასხივდა საჭიროების გარეშე ჩატარებული კვლევების გამო ბოლო თვეების განმავლობაში. 15 წლის ბავშვების კტ-დასკვნები გვაქვს წაკითხული, ზოგი ნორმა და ზოგიც 2-ქულიანი დაზიანებით. როგორც ვიცით, ამ კონტიგენტში დასხივების შედეგად განსაკუთრებით იზრდება ლიმფომებისა და სიმსივნეების საშიშროება. ამიტომ განსაკუთრებული თხოვნით მოგმართავთ, სასწრაფოდ ამოღებულ იქნას პროტოკოლიდან კტ-კვლევა მსუბუქ და საშუალო სიმძიმის ანუ ამბულატორიულ პაციენტებში, იგულისხმება როგორც ბინაზე, ასევე კოვიდ-სასტუმროებში მყოფი პაციენტები.

b. უმიზეზო და უმიზნო დასხივების გარდა, კტ-კვლევა ამბულატორიულ პაციენტებში ბევრ ლოჯისტიკურ პრობლემას უკავშირდება. სასწრაფო დახმარების კოლეგები ახდენენ პაციენტების ტრანსპორტირებას, რაც მათ გადატვირთვას და მათლაც მძიმე პაციენტთან დაგვიანებით მისვლას ხელს უწყობს; რადიოლოგი დაკავებულია კვლევის ჩატარებითა და დასკვნის წერით. უდიდესი ალბათობით ბოლო ერთ წელიწადში 80 მილიონიან გერმანიაში იმდენი კტ-კვლევა კოვიდ-პაციენტებში არ ჩატარებულა, რამდენიც საქართველოში.

c. იმ თანხით, რაც ეს, პაციენტისთვის სიმსივნის რისკის გაზრდის გარდა, არაფრის მომცემი კტ-კვლევა ჯდება, ხომ არ ჯობს, 24/7 რომ მუშაობენ, იმ ექიმების დანამატები გასცეთ?

d. ლაბორატორიული ანალიზები ამბულატორიულ კოვიდ-პაციენტებში ჩატარდეს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში და მხოლოდ ბინაზე. შეწყდეს კოვიდ-პაციენტების ქუჩაში გადაადგილება და კლინიკებში რიგებში დგომა. დაჯარიმდეს უკლებლივ ყველა კოვიდ-პაციენტი, რომლიც იზოლაციას დაარღვევს.

გადაუდებელი სასწრაფო დახმარების კოლეგები

1. გადაუდებელი სასწრაფო დახმარების ექიმებს, ისევე როგორც ოჯახის ექიმებს, ჩაუტარდეთ რეგულარული ტრენინგები/ვებინარები.

2. ჰქონდეთ შესაძლებლობა, აუცილებლობის არ არსებობის შემთხვევაში არ გადაიყვანონ პაციენტები კლინიკაში და დატოვონ ამბულატორიულად, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის ექიმმა ტელეფონით დასვა ჰოსპიტალიზაციის ინდიკაცია. სასწრაფო დახმარების ბრიგადა არ უნდა ასრულებდეს მხოლოდ ტრანსპორტის ფუნქციას.

3. ფლობდეს სასწრაფო დახმარების ცენტრი აქტუალურ ინფორმაციას საწოლფონდის შესახებ, რათა სასწრაფოს ექიმები დიდ დროს არ კარგავდნენ საწოლების ძებნაში.

ჰოსპიტალური სექტორი 

1. ისევ და ისევ რეგულარული ტრენინგები ნოზოკომიური გავრცელებისა და მედპერსონალის ინფიცირების თავიდან ასაცილებლად;

2. უდიდესი პრობლემაა ჯერ კიდევ მსუბუქი შემთხვევების ჰოსპიტალიზაცია და სასიცოცხლო მნიშვნელობის საწოლების დაკავება. გამოიყოს ექსპერტთა 2-3 კაციანი ჯგუფი და შემოწმდეს ყველა კლინიკა კვირაში ერთხელ. გაწერის კრიტერიუმები შემუშავებულია, შესაბამისად განსაკუთრებულ პრობლემას, ვფიქრობთ, არ უნდა წარმოადგენდეს;

3. ჰიგიენისტების მიერ რეგულარული კონტროლი; საქართველოში ამ ფუნქციას, როგორც ვიცით ეპიდემიოლოგები ასრულებენ (მაგ. მულტირეზისტენტული ბაქტერიებით პაციენტი მრავალსაწოლიან ოთახში არ უნდა იწვეს!);

4. ამოღებულ იქნას პროტოკოლიდან ასევე ჰოსპიტალიზებულ მსუბუქ და საშუალო სიმძიმის პაციენტებში კომპიუტერული ტომოგრაფია (მიზეზები იხ. ზემოთ). ხაზგასმით მიეთითოს კოლეგებისთვის, რომ ამ ეტაპზე რენტგენოგრაფიაც საკმარისია და კტ მხოლოდ მძიმე ფორმებში ან გაურკვეველ მდგომარეობებში შესაბამისი ინდიკაციით უნდა ჩატარდეს.
ინტენსიური მედიცინის განყოფილებები

1. მომარაგდეს ყველა ინტენსიური განყოფილება HighFlow აპარატებით (თითო განყოფილებაში რამდენიმე მაინც).

2. ისევ და ისევ არსებობენ განყოფილებები, სადაც სისტემა ბევრად უფრო ნაკლებ ჟანგბადს იძლევა, ვიდრე ეს დაყენებულია კოლეგების მიერ. მაგ. 100%-ის ნაცვლად 70%. რატომ ვერ მოხერხდა დღემდე ამ პრობლემის კორექტურა?

3. საქართველოში არსებობს 3 ეკმო-ს აპარატი. რამდენიმე კოვიდ-პაციენტი გადაყვანილ იქნა ეკმო-ზე, ეს ნიშნავს, რომ ნამდვილად მონდომებული კოლეგები გვყავს და გვაქვს რესურსი, დავნერგოთ ეს მეთოდი. რატომ ვერ მოხერხდა რამდენიმე 4-5-კაციანი, ექიმებითა და ექთნებით დაკომპლექტებული გუნდის გაგზავნა ეკმო-ზე სპეციალიზებულ ცენტრებში ჰოსპიტაციაზე? ამის ორგანიზება განსაკუთრებულ პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს, თუ საქართველოს ჯანდაცვა მოინდომებდა და დააფინანსებდა.

ვაქცინაცია

● აუცილებლად მიგვაჩნია ვაქცინაციის აქტიური კამპანია, განსაკუთრებით რეგიონებში/რაიონებში. ამის უზრუნველსაყოფად, სასურველია შეიქმნას მობილური ჯგუფები, რომლებიც რეგიონებში რეგულარულად შეხვდებიან ადგილობრივ მოსახლეობას, გასცემენ მათთვის აქტუალურ კითხვებზე პასუხს, აუხსნიან ვაქცინაციის არსსა და სასიცოცხლო მნიშვნელობას (უკლებლივ ყველა რეგონში და არა მხოლოდ ერთში).

● მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაუტარდეს ვაქცინაციაში მონაწილე ყველა კოლეგას ტრენინგები, ისევე როგორც თბილისში ტარდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და აუცილებელია ალერგოლოგების ჩართულობა.

● მაქსიმალურად გაიზარდოს ვაქცინაციის ცენტრების რაოდენობა.

● ვაქცინაციაზე მისული პაციენტის გამობრუნების შემთხვევაში წერილობით მიეცეს ექიმის ახსნა-განმარტება, თუ რა მიზეზით ვერ მოხერხდა და აუცილებელი გახდა აცრის გადადება; მითითებულ იქნას შესაბამისი რეკომენდაციები.

● დაწესდეს ჯარიმები აცრაზე დარეგისტრირებული და არგამოცხადებული პირებისთვის.

● დაწესდეს გარკვეული შეზღუდვები არავაქცინირებული პირებისთვის; მაგალითად, არ დაიშვან დახურულ სივრცეებში (რესტორნები, კაფე-ბარები), თავშეყრის ადგილებზე.

● განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭოს სამედიცინო პერსონალის ვაქცინაციას. არავაქცინირებულ მედპერსონალს შეეზღუდოს პაციენტთან კონტაქტის უფლება.

/primetime.ge/

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს უჩივის-საქართველო რუსეთი არ არის

როგორც ცნობილია „ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს უჩივის მასზე არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო. „ პოპულარულ სერიალში ნონა ...