***
“როდის შევძლებ საქართველოში დაბრუნებას?” – კითხვა, რომელსაც მოკლული ემიგრანტი მხატვარი თურმე ყველაზე ხშირად უსვამდა საკუთარ თავს
ფოტო:თამარ მოდებაძე
მის შესახებ საქართველოში ძალიან მცირე წრემ თუ იცოდა, თუმცა, როგორც მისი ემიგრანტი მეგობრები ამბობენ, მისი შემოქმედებით სულ უფრო და უფრო ბევრი ადამიანი ინტერესდებოდა უცხოეთში. ისიც იმედს არ კარგავდა, რომ ოცნებას აიხდენდა, შეაგროვებდა იმდენ ფულს, რომ დაბრუნდებოდა სამშობლოში და საკუთარ სახელოსნოს გახსნიდა. სამწუხაროდ, ოცნება არ აუხდა. თამარ მოდებაძის სახელი და გვარი სამშობლოში მხოლოდ მისი სასტიკი მკვლელობის შემდეგ გაიგეს.

“შენ აქ რა გინდოდა, უპრეტენზიო, მოკრძალებულო გენიოსო, ახლა სამოთხეს შეერევა შენის სულის ფერთა
პალიტრა, – ჩვენგან სათანადოდ ვერდაფასებულო”, – წერენ მხატვრის მეგობრები. უნიჭიერეს მხატვარს სხვაც ბევრი განუხორციელებელი ოცნება დარჩა. იგი, ისევე როგორც ქართველ ემიგრანტთა უმრავლესობა, ემიგრაციაში ეკონომიკური სიდუხჭირის გამო წავიდა და წარმოუდგენლად რთულ პირობებში მუშაობით მიაღწია აღიარებას.

მისი ნახატებით ევროპაში სულ უფრო და უფრო ინტერესდებოდნენ. თამარ მოდებაძე სამდღიანი
გაუჩინარების შემდეგ ქალაქ ნეაპოლში, მეგობრის ბინაში იპოვეს ნაწამები. მხატვრის ერთ-ერთი მეგობარი, რომელიც ასევე ამ ქალაქში ცხოვრობს, მკვლელობის ვერსიისა და მხატვრის ცხოვრების რთული პირობების შესახებ ცრემლით საუბრობს:
“ხშირად ამბობდა წუხილით, ხატვისთვის ადგილი არ მაქვსო, ერთ ციცქნა ოთახში მოხუცთან მუშაობდა და ასეთ პირობებში შედევრებს ქმნიდა… აბა, სად ხატავ – მეთქი ერთხელ ვკითხე, გამათბობელზე ვაყრდნობ ჩარჩოს, გადავჭიმავ ტილოს და ასე ვხატავო”.
თამარ მოდებაძის ნახატიფოტო: თამარ მოდებაძის ნახატი
fb

დუშეთში – დედულეთში დაიბადა, მამა კი ჭიათურელი ჰყავდა და სკოლაც ჭიათურაში დაამთავრა. როგორც თვითონ ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში, მშობლები პედაგოგები იყვნენ, მამა ხატავდა, სწორედ მისი გავლენით დაიწყო ხატვა.

როგორც ირკვევა, მისი ნახატები არაერთხელ გახდა იტალიელი პოეტისა და მწერლის დანიელა ფერაროს შთაგონების წყარო, რომელმაც თამარ მოდებაძის ნახატებზე შექმნილი ლექსები და თხზულებები ალბომადაც გამოსცა და “პოეტური ფიქრები” უწოდა. მის შემოქმედებას ვრცელი სტატია მიუძღვნა პარმის უნივერსიტეტის პროფესორმა რებეკა როსეტიმ, რომელმაც მისი ნახატი “ხუთი განზომილება” ლეონარდო და ვინჩის ხელწერასა და ხედვას შეადარა.

თამარ მოდებაძის ფერწერული ტილოებით დაინტერესდა დანიის ხელოვნების მუზეუმი, სადაც ქართველი მხატვრის ნამუშევარმა “მისტიკური მზერა” დიდი ინტერესი გამოიწვია. ეს ნახატი ევროპის ხელოვნების მუზეუმშია დაცული და “საუკეთესო ნამუშევართა კოლექციაშია” შეტანილი.
‘მისტიკური მზერა’ – თამარ მოდებაძის ნახატიფოტო: ‘მისტიკური მზერა’ – თამარ მოდებაძის ნახატი
fb

ვიდრე იტალიაში ჩავიდოდა სამუშაოდ მანადე 9 წლის განმავლობაში კვიპროსში ცხოვრობდა, სადაც გამოფენის მოწყობაც შეძლო.

“ქართველი ვარ და ქართველად დავრჩები. ჩემი ქართული ბუნება და ხასიათი ვერც იტალიამ შეცვალა და ვერც კვიპროსმა. ყოველთვის ვოცნებობდი, რომ ჩემ ქვეყანაში საკუთარი სახელოსნო მქონოდა და იქ მემუშავა”, – ამბობს ის ერთ-ერთ ინტერვიუში და კითხვაზე: – რომელია კითხვა, რომელსაც საკუთარ თავს ხშირად უსვამთ? – პასუხობს:
როდის შევძლებ საქართველოში დაბრუნებას?”. წყარო
თამარ მოდებაძის ნახატი, რომელიც ლიკა ქავჟარაძის ხსოვნას მიუძღვნაფოტო: თამარ მოდებაძის ნახატი, რომელიც ლიკა ქავჟარაძის ხსოვნას მიუძღვნა
fb

“იცით ყველაზე მეტად ვინ ხედავდა მის ნიჭს და აფასებდა? ისევ ის მოხუცი ქალბატონი, რომელსაც უვლიდა. საბრალო, როგორც შეეძლო, ისე უწყობდა ხელს. წარმოგიდგენიათ, ამ ნახატების ავტორი ადამიანის სულიერი მდგომარეობა რა შორს იყო მის რეალურ ცხოვრებასთან… ხანდახან ვფიქრობ, დროზე დატოვა ეს ჯოჯოხეთი-მეთქი, მას ამ სამყაროში რა უნდოდა, ამ ჯოჯოხეთში გენიოსი როგორ გაძლებდა?! ნელ-ნელა და წვალებით იდგამდა ფეხს, როგორც მხატვარი, – მისი მეგობრები ესაუბრებოდნენ თამარის ნახატებზე იმ ოჯახებს, სადაც მომვლელებად მუშაობდნენ, ცდილობდნენ, თამარის ნახატები იტალიელებს ენახათ, თუმცა ნახატების გაყიდვა მაინც ჭირდა. არ ვიცი, მკვლელს რა ეგონა, მაინც რა თანხა შეიძლება ჰქონოდა თამარს თან, ასე სასტიკად რომ გაიმეტა. თან როგორ მოკლეს – აწამეს, ხელები ზურგს უკან ჰქონდა შეკრული, მთელი სხეული კი დასერილი…

სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ თამარის სახით საქართველომ გენიოსი დაკარგა. დარწმუნებული ვარ, მოვა დრო, როცა მას აღიარებენ…”