ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო-რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო-რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია – „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის შეჭრიდან 10 წლის შემდეგ“ მიიღო. რეზოლუცია ხმათა სრული უმრავლესობით დამტკიცდა.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში;

რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ 2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიიდან 10 წლისთავზე, რუსეთი კვლავ აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის არაკანონიერ ოკუპაციას, საერთაშორისო სამართლისა და წესრიგზე დამყარებული საერთაშორისო სისტემის დარღვევას; 2014 და 2015 წლებში რუსეთსა და აფხაზეთს/სამხრეთ ოსეთს შორის ხელმოწერილი შეთანხმება ე.წ. ინტეგრაციასა და ალიანსზე საერთაშორისო სამართლის, ეუთო-ს პრინციპებისა და რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებების აშკარა დარღვევაა; ევროკავშირი არ სცნობს 2016 და 2017 წლებში საქართველოს რეგიონებში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სეპარატისტების მიერ ჩატარებული ე.წ. არჩევნებს და რეფერენდუმს.

რეზოლუციის ტექსტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიან გადაჭრას საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად;

„რუსეთი მუდმივად აძლიერებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავის სამხედრო ყოფნას, ახალი ბაზების მშენებლობის, ახალი აღჭურვილობისა და ცოცხალი ძალის შემოყვანისა და სამხედრო წვრთნების ჩატარების გზით; რუსეთი განაგრძობს თავისი საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევას და უარს ამბობს, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება; 

რუსეთი განაგრძობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის იზოლირებას დანარჩენი საქართველოსგან დამატებითი გამშვები პუნქტების დახურვით, ფიზიკური ბარიერების აგებით ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ და ქართული კულტურის აღმოფხვრის კამპანიის გატარებით. ეს ხაზი ნელა, მაგრამ მუდმივად გადაადგილდება თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე „ბორდერიზაციის“ პროცესის ფარგლებში, ზოგიერთ ადგილას კი უახლოვდება მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას, როგორიც არის ავტომაგისტრალი და გაზსადენი; 

ეთნიკური წმენდის რამდენიმე ტალღის შედეგად საქართველოს ტერიტორიებიდან აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან ძალისმიერად განდევნილ ასობით ათასს იძულებით გადაადგილებულ პირსა და დევნილებს კვლავ არ აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ ფუნდამენტური უფლებით, თავიანთ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ დაბრუნდნენ. 

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ირღვევა ადამიანის ძირითადი უფლებები, მათ შორის გადაადგილების უფლება, საკუთრების უფლება და უფლება მიიღოს განათლება მშობლიურ ენაზე; კვლავ აქვს ადგილი არაკანონიერ დაკავებებსა და გატაცებებს; რუსეთი, როგორც ძალა, რომელიც ეფექტურ კონტროლს ახორციელებს საქართველოს ტერიტორიებზე აფხაზეთზე და ცხინვალის რეგიონზე/სამხრეთ ოსეთზე, სრულად პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე და ადგილზე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე.

რუსეთის შეჭრა საქართველოში 2008 წელს პირველი დიდი თავდასხმა იყო ევროპულ წესრიგზე, ამას მოჰყვა სხვა თავდასხმები, მათ შორის ყირიმის ანექსია და აღმოსავლეთ უკრაინაში ომი“, – აღნიშნულია რეზოლუციაში.

რეზოლუციაში ასევე საუბარია არჩილ ტატუნაშვილზე, გიგა ოთხოზორიაზე და დავით ბაშარულზე.

„ქართველი იძულებით გადაადგილებული პირები: არჩილ ტატუნაშვილი, გიგა ოთხოზორია და დავით ბაშარული მოკლეს, რაც სოხუმში და ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის უხეში ქმედებების შედეგია; 

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ კონფლიქტისას ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

ევროპარლამენტი კვლავ ადასტურებს, რომ ცალსახად მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას; აცხადებს, რომ სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება ევროპული უსაფრთხოების წესრიგის მთავარი პრინციპია; მიიჩნევს, რომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს სხვა ევროპული ქვეყნებისთვის;

„ევროპარლამენტი მოითხოვს, რომ რუსეთის ფედერაციამ გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება საქართველოს ტერიტორიების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებაზე; 

გმობს ვენესუელას, ნიკარაგუას, სირიასა და ნაურუს გადაწყვეტილებას, „აღიაროს“ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი და მათ მოუწოდებს უკან წაიღონ ეს გადაწყვეტილება. ასევე, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციამ უპირობოდ უნდა შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ყველა დებულება, განსაკუთრებით კი თავისი შეიარაღებული ძალების საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანა;

მოითხოვს, რომ რუსეთმა შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ხელშეუხებლობას და შეწყვიტოს ორივე რეგიონის დე ფაქტო ინტეგრაცია;

მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, საშუალება მისცეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას წვდომა ჰქონდეს საქართველოს ტერიტორიებზე აფხაზეთზე და სამხრეთ ოსეთზე; 

მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას შეწყვიტოს შემდგომი „ბორდერიზაცია“ და მავთულხლართებისა და სხვა ბარიერების აგება; 

გმობს, ათობით ქართული სოფლებისა და ეკლესიების განადგურებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე მცდელობას აღმოიფხვრას ქართული კულტურის კვალი ოკუპირებულ ტერიტორიებზე; 

მიესალმება საქართველოს მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივას, „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომლის მიზანია ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება საქართველოს ტერიტორიებზე აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ ხალხისთვის;

ახსენებს რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპანტ ძალას, თავის ვალდებულებებს, შეწყვიტოს ადამიანის უფლებების დარღვევა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში; 

მოუწოდებს რუსეთს შეწყვიტოს უკანონობა და ეთნიკურად მოტივირებული დანაშაულები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე; 

ევროპარლამენტი მოუწოდებს ყველა წევრ სახელმწიფოს, რომ ევროსაბჭოს სანქციების „შავ სიას“ დაამატონ ის ადამიანები, ვინც იქნება ჩართული და მომავალში დაემატება „ოთხოზორია–ტატუნაშვილის სიას“;

ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ კოორდინირებული და ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ, როგორც ერთადერთი საშუალება უზრუნველყოფილ იქნას კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრა“, -ნათქვამია რეზოლუციაში.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

144 ათასზე მეტი ბავშვი 2019 წელს მიიღებს დღევანდელზე ხუთჯერ მეტ, 50-ლარიან დახმარებას

144 ათასზე მეტი ბავშვი 2019 წელს მიიღებს დღევანდელზე ხუთჯერ მეტ, 50-ლარიან დახმარებას. ფინანსთა მინისტრის, ივანე ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com