ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / და მაინც, რატომ არის რუსეთი ასე შეშფოთებული „ლუგარის ლაბორატორიის“ საქმიანობით?

და მაინც, რატომ არის რუსეთი ასე შეშფოთებული „ლუგარის ლაბორატორიის“ საქმიანობით?

ამერიკელი სენატორის რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის (ბიოლოგიური ლაბორატორიის) დაარსების მომენტიდან, 2011 წლიდან  მოყოლებული, კამათი მის ირგვლივ არ წყდება. რუსეთის ფედერაცია თავიდანვე ეჭვის თვალით უყურებდა ამ ფაქტს და შეშფოთებული იყო საქართველოში ბიოლოგიური ლაბორატორიის განთავსებით.

ადგილი ჰქონდა არა მხოლოდ ზოგად საუბრებს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, არამედ საქმე საერთაშორისო სკანდალებამდეც მიდიოდა.  ყველაზე ხმაურიანი საქართველოს უშიშროების ექს-მინისტრ იგორ გიორგაძის მხილებები იყო, რომელმაც 2018 წლის სექტემბერსა და დეკემბერში საზოგადოების სამსჯავროზე წარადგინა დოკუმენტები, რომლებიც ლუგარის ლაბორატორიის გასაიდუმლოებულ ნაწილში საეჭვო ბიო-სამედიცინო ექსპერიმენტების ჩატარებას ადასტურებდნენ.

მოსკოვმა რეაქციები აღნიშნულთან დაკავშირებით  ყველაზე მაღალ დონეზე გამოხატა, კერძოდ,  რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების უფროსმა იგორ კირილოვმა  როგორც საქართველოს, ისე აშშ-ს მოუწოდა გაეცათ პასუხი, რატომ ინახება ლუგარის ცენტრში ქიმიური და ბიოლოგიური იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალები, ხოლო რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ რუსეთი აშშ-ისგან და საქართველოსგან განმარტებებს ელოდება, თუ რა საქმიანობას ეწევა სინამდვილეში ლუგარის ბიოლოგიური ლაბორატორია; აღნიშნულთან დაკავშირებით თვით რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტსაც ჰქონდა რეაქცია, კერძოდ ქ.სოჭში, 2018 წლის 18 ნოემბერს,  ვალდაის ყოველწლიურ ფორუმზე ვლადიმირ პუტინმა  განაცხადა:

„ვერ ვიმსჯელებ, რამდენად სარწმუნოა ეს ყველაფერი. მოვისმინე საქართველოს უშიშროების ექს-მინისტრის განცხადება, რომელიც უდავოდ შემაშფოთებელია. ეს კვლევები, თუკი ისინი ნამდვილად ტარდება, დიდი საფრთხის შემცველია და გენეტიკის სფეროში ბოლოდროინდელ მიღწევებთანაა დაკავშირებული. საუბარია იმაზე, რომ მიმდინარეობს მუშაობა გარკვეულ პრეპარატებზე, რომლებიც არჩევითად მოქმედებს ადამიანებზე, მათი სხვადასხვა  ეთნიკურ ჯგუფებზე  კუთვნილებიდან გამომდინარე“.

საქართველოს ხელისუფლება ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალურ წარმომადგენლებთან სინქრონში ენერგიულად უარყოფს ყველა  საყვედურს თუ ბრალდებას,  ცდილობს რა  მსოფლიო და ქართული საზოგადოება  დაარწმუნოს იმაში, რომ ლუგარის ლაბორატორიაში ვისმესთვის საშიში არაფერი ხდება.

ამერიკელი სამხედროების მიერ ლუგარის ლაბორატორიაში წარმოებულ კვლევებთან დაკავშირებით ბულგარელი ჟურნალისტის  დილიანა გაიტანჯიევას ჟურნალისტური გამოძიებაც  არსებობს, რომელმაც ეს თემა მოსკოვში იგორ გიორგაძის გამოსვლამდე რამდენიმე თვით ადრე წამოსწია

წელს მან გააგრძელა  გამოძიება და მოიპოვა იმის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომ პენტაგონის შეკვეთით საქართველოს და იორდანიის ბიოლაბორატორიებში 5 სხვადასხვა ქვეყნიდან აღებული კორონავირუსის ნიმუშების  შესწავლა და გამოკვლევა მიმდინარეობს. ბულგარელი ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ამ გამოკვლევებში შვიდი ყოფილი სამხედრო ბიოლოგი მონაწილეობს და მათ ვინაობასაც ამხელს. ამასთან ერთად, გაიტანჯიევა ქართველი ბიოფიზიკოსის მერაბ მირცხულავას ფოტოს და კარტოტეკას აქვეყნებს.

Arms Watch -ზე და დილიანას პირად ვებგვერდზე  გამოქვეყნებული ინგლისური ტექსტის ორიგინალი ითარგმნა ქართულ ენაზე და ის სააგენტო თვალსაზრისმა“ გამოაქვეყნა, მაგრამ ქართულ ლიბერალურ მასმედიას არ აწყობს ამ მასალაში მოყვანილი ფაქტების გავრცელება და გახმაურება, სწორედ ამიტომ მათ ეს პუბლიკაცია მიაჩუმათეს. სინამდვილეში კი, ბულგარელი ჟურნალისტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებთან დაკავშირებით ამ დრომდე ლუგარის ცენტრში პასუხი არავის გაუცია.

 განსაკუთრებით ინტერესს იწვევს დოკუმენტები, რომლებიც  უცხოელმა ჟურნალისტმა მოიძია და გამოაქვეყნა, კერძოდ, სამხედრო პროგრამის ფარგლებში   ადამიანის გაყინული სისხლის და ღამურებისგან მიღებული ბარტონელას პათოგენების გაფორმება დიპლომატიურ ტვირთად, მათი საზღვარგარეთ გატანის მიზნით.

დავუშვათ, ეს ყველაფერი მხოლოდ მონაგონი და „რუსული პროპაგანდაა“, როგორც ამაში ამერიკელები, თუ მათი მფარველობის ქვეში მყოფი, მათ მიერ პირდაპირ ან ირიბად დაფინანსებული ქართული ჟურნალისტური სპექტრი და ქართველი ჩინოვნიკები  გვარწმუნებენ .

აგრეთვე დავუშვათ ისიც, რომ ბულგარელი ჟურნალისტი დილიანა გაიტანჯიევა არა „საგამოძიებო ჟურნალისტიკის შესანიშნავი წარმომადგენელია“ (როგორც მას ჯგუფ  Heise ში შემავალი გერმანული ინტერნეტ-გამოცემა Telepolis.de მოიხსენიებს), არამედ რუსულ სტრუქტურებთანაა კავშირში. კი ბატონო, ვუშვებთ, მაგრამ მაშინ  ელემენტარული კითხვების სერია ჩნდება:

  • რატომ და რა მიზეზით იგონებენ რუსეთის სტრუქტურების წარმომადგენლები ასეთ ისტორიებს?
  • რატომ არის რუსეთის ოფიციოზი ასე შეწუხებული თბილისში არსებული რაღაც ლაბორატორიით?
  • რატომ ალაპარაკდა ამ თემაზე უზარამაზარი მეზობელი სახელმწიფოს პრეზიდენტი?
  • რა სარგებელი მიიღო ან აპირებს მიიღოს რუსეთმა ამ ისტორიებიდან?
  • თუკი რუსეთს მთლიანობაში ამერიკელების მიერ ჩატარებული და მიმდინარე გამოკვლევების დისკრედიტაცია სურს, მაშინ რატომ ირჩევენ კრიტიკის ობიექტად არა სხვა მსგავს ამერიკულ ლაბორატორიებს, გაბნეულს მთელ მსოფლიოში, არამედ საქართველოს დედაქალაქში მდებარე შედარებით მცირე ლაბორატორიას?

ლოგიკური ჯაჭვი აშკარად სადღაც წყდება, მთელი რუსეთი ხომ არ გადასულა ჭკუიდან, რომ ასეთ ავანტიურაში გაეხვიათ თავისი თავი და ქვეყანა?!  როგორც იტყვიან ხოლმე: კვამლი უცეცხლოდ არ არსებობს! ჩვენი საზოგადოებრიობა ბოლოსდაბოლოს, უნდა მიხვდეს, რომ რუსეთი საკუთარ უშიშროებაზე ზრუნავს და მისი შეშფოთების მიზეზიც სწორედ ეგაა! მაშასადამე, თუკი ამხელა ატომური სახელმწიფო, ლუგარის ლაბორატორიას, თუნდაც თეორიულად,  საფრთხედ განიხილავს, მაშინ ჩვენთვის ეს საფრთხე ათასჯერ მეტია!

ამასთან დაკავშირებით, ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის მიერ, 2019 წლის 28 ნოემბერს სააგენტო РИА-Новости –სთვის  მიცემული დაპირება უახლოეს დროს შესრულდება. შეგახსენებთ, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა შემდეგი: „ლუგარის ლაბორატორია მზადაა უცხოელი მეცნიერების და ექსპერტების, მათ შორის რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლების  მისაღებად“.

ამაში ცუდი არაფერი იქნება. პირიქით, ლუგარის ლაბორატორიას უნდა ჰქონდეს სამშვიდობო მიზნები და ეს მიზნები მთლიანად ჯანდაცვაზე უნდა იყოს ორიენტირებული. არავინ ამბობს, რომ ამ ლაბორატორიის თანამშრომლებს კარგი საქმეები არ გაუკეთებიათ – პირიქით. დაე, მომავალშიც ასე იყოს.

რუსეთის ფედერაციას არა აქვს არანაირი ინტერესი, მოგვპაროს  მშვიდობიანი ბიო-სამედიცინო კვლევების შედეგები თუ სხვა მსგავსი რამ, თავადაც კარგად ხვდებით, რომ რუსებს ასეთი კვლევები, ტექნოლოგიები თუ კვალიფიცირებული სპეციალისტები არ აკლიათ.

კონსტანტინე ჩიკვილაძე

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ვინ ააგორა ცილისმწამებლური სკანდალი მეუფე გიორგი ჯამდელიანის წინააღმდეგ?- „გამოვათრევთ ბოკერიას და ვაგებინებთ საჯაროდ პასუხს“(ვიდეო)

Posted by Sandro Breg on ორშაბათი, 25 მაისი, 2020 „არასამთავროები ცდილობენ მეუფე გიორგი ჯანდელიანის წინააღმდეგ ...