ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / დახვრეტილი საქართველო-დღემდე უცნობი კადრები (video)

დახვრეტილი საქართველო-დღემდე უცნობი კადრები (video)

1992 წლის 2 თებერვალი ისტორიაში შევიდა როგორც ყველაზე სისხლიანი დღე. ამ დღეს მასობრივ მშვიდობიან საპროტესტო მსვლელობას, რომელიც ვაგზლის მოედნიდან ქალაქის ცენტრისაკენ მიემართებოდა და რომელსაც წმინდა ჯვარი მუძღოდა წინ, ჯერ ცირკის მისადგომებთან დახვდა არაკაცების პიკეტი, რომელმაც ორი მხრიდან, მიმდებარე ბორცვებიდან დახვრიტა მიტინგის მონაწილეები.

მსვლელობა იძულებული გახდა გეზი შეეცვალა და უკან – ვაგზლის მოედნისაკენ გაბრუნებულიყო. უკან გამობრუნებულ მსვლელობას მეორე პიკეტი დაახვედრეს კინოსტუდიასთან – ამ პიკეტმა საფარიდან ტყვია დაუშინა და დახვრიტა მესვლელობის მონაწილეები.

ამის შემდეგ მსვლელობა იძულებული გახდა დავით აღმაშენებლის პროსპექტზე გადაენაცვლა – სადაც მარჯანიშვილის მოედანზე მათ კიდევ ესროლეს და დახვრიტეს.

მარჯანიშვილის მოედანთან მოხდა მასობრივი დაპატიმრებები – მსვლელობის ათობით მონაწილე არაკაცების უკანონო პარამილიტარებმა დააპატიმრეს და საპყრობილეებში სასტიკად ცემეს და აწამეს… რამდენიმე აქ დაპატიმრებულებიდან უგზო-უკვლოდ დაიკარგა…

1992 წლის 2 თებერვალს არაკაცებმა (პოლიციის მონაცემებით) მოკლეს თორმეტი ქართველი და დაჭრეს ასობით, ხოლო სამართალდამცავი ორგანიზაციების მონაცემებით მოკლული იქნა 23 და დაჭრილი 183.

 

_______________________

მკითხველის მოგონებები:

1992 წლის თებერვლის თვეში…

9 თებერვალი. თამარის პროსპექტი. შუადღეა.

ცირკის მიმდებარე ტერიტორიასთან ავტობუსებით გზა გადაუკეტია დემოკრატიას. ავტობუსების მიღმა მომიტინგეთა დასაშლელი სახანძრო მანქანა წყლით სავსეა და ბრძანებას ელის. მალე იქნება ბრძანებაც, წყლის ცივი შადრევნებიც და მომიტინგეთა ტაშიც:

– პა-ჟარ-ნი-კი სი-გუ-ა!

მერე?!

მერე ავტომატების ჯერი ჰაერში და დაჭრილები, დახოცილებიც… ღამით მოსკოვი გადმოსცემს რომ მომიტინგეებმა იარაღით ხელში სცადეს გაჭრა. თბილისის ტელევიზიაც წვეთი წყალივით ჰგავს მოსკოვისას. ალბათ ლოგიკური შეცდომაა, თორემ თბილისელმა ჭურნალისტებმა მაინც იციან რომ მტკნარი სიცრუეა. გამახსენდა კინოს სახლი, ღმერთო!-დავიწყება შემაძლებინე!

თუმცა მანამდე 3 თებერვლის დილა მახსოვს. უნივერსიტეტის ბაღი და ჯგუფ-ჯგუფად მდგარი ქართველები…

– გუშინ აღმაშენებელზე ბეტეერით დასდევდნენ ხალხს, ეზოებში მიმალულები გამოათრიეს და სცემეს…

– ჩემს წინ ვიღაცა გოგოს თმებში ჩაავლეს ხელი და მეტროდან ისე გაათრიეს.

– 13-14 წლის ბიჭი მოკლეს გუშინ, დროშა სჭერიაო ხელში.

– დაჭრილებიც ბლომად არიან.

– გუშინწინ თბილისელები დაგვახვედრეს ცკ-სთან.

– ასწიეთ ხელი, ვინც თბილისელი არა ხართ, – ხუმრობის გუნებაზეა ვიღაც.

ჭორი და მართალი, ერთმანეთში არეული და შიში. უაზროდ დავდივარ, ხან ერთ ჯგუფთან მივალ, ხან მეორესთან, თვალებში არვინ მიყურებს, ვერავის ვერ ვცნობ და ვერავინ ვერ მცნობს…

ჩქარა, დაიშალეთ! – მოდიან!

ავტომატმომარჯვებული, პირდაბურული მასა კიბეებზე ამორბის დედის გინებით. ხალხ გარბის. ჭედვაა უნივერსიტეტის პირველი კორპუსის კარებში. უნივერსიტეტიდან საამაყო სტუდენტების სახეები გამორბიან… ლომის წილი უდევთ…

– გარეთ არ გახვიდეთ! გესვრიან!

ტალღა მიმიყოლებს და მომიყოლებს. დიდი ხანია უკვე ვერაფერს ვერ ვგრძნობ სადღაცა ზღვარზე მინდა გავჩერდე, ეტყობა გარეთ გავდივარ, ვიღაცა კაცი მაჩერებს და ბრძანებას მაძლევს შენობაში შესვლისა. ხელი ავუკარი, კარებს გავეკარი და არაფრისმთქმელი მზერით ვუყურებ დაუვიწყრ სცენას. საამაყო სტუდენტებისა და ჩაფხუტიანების მისალმებას:

-რას შვრებით? გაგიჟდით? – ეს ყველაფერი ისევ თქვენ მოგიბრუნდებათ.

ყველაფერი ამერია, ნიღბის მიღმა მეგობრის ხმა ვიცანი. ყველაფერი ისე სწრაფად მიმდინარეობს რომ დაკონკრეტებას ვერ ვახერხებ.

ვიღაცა ბიჭს წიხლი უთავაზეს. წაიქცა. თავმოყვარეობა და შიში ერთმანეთში აირია. იდგა უძლურება, იარაღით დაჯაბნილი კაცობა და ვაჟკაცობა და ცრემლი მოერია ბიჭს: “- შეგაფურთხებ და თუ მოიწმენდ იცოდე ფურთხსო, თავს წაგაცლიო”

– შენ იმის ბიჭი არა ხარ?!

მე იმის გოგო ვარ, შენ არ იყავი იქადნებოდი, ავაგორებ აქციასო, მიდი!-მიდი ეხლა ააგორე! ააგორე! – სამი ნიღბიანი დაეჯაჯგურება ამ სიტყვების მთქმელ ფარატინა გოგონას და წაიყვანენ.

– ემოციები, ეჭვები, სიძულვილი, ბოღმა, შიში ერთმანეთში ირევა.

ვიღაცა იარაღიანებში ყოფილ მომხრეს იცნობს და ექადნება:

– ეხლა შენი ჯერია, იცოდე, ჩემი დროც მოვა და პირველი ტყვია ჩემგან გასროლილი, შენ მოგხვდება.

ეს დროც მალე მოვა ვფიქრობ გულში. გამოსადენი სისხლი უნდა გამოვიდესო, კოკაა შიგან რაცა დგას იგივე გადმოსდინდებისო.

არა კაცკლაო, მაგრამ არაკაცის კვლაო, უკითხავს ერთ პოეტს თურმე… კი მაგრამ ვის ხარჯზე? ამის მთქმელს თავი კაი კაცი რატომ ჰგონია ნეტავ?

მომავალი მწარე იქნება! ულმობელი იქნება ისტორია და მომაკვდინებელი განაჩენი.

დახოცეთ ერთმანეთი ძმებო! გაწირეთ ერი! სისხლით მორწყეთ სისხლშეუმშრალი საქრთველოს მიწა და მომავალში ჩვენი ცოდვები იტირე შთამომავლობავ!

წამოდგა ბიჭი. ის ამაყი იყო როგორც მყინვარწვერი, ცივი, როგორც საქართველო. იდგა ვაჟკაცი სიწმინდეწართმეული, როგორც მყინვარწვერი, როგორც საქათველო. სისხლი მოწვეთავდა ტუჩებიდან, ნაკბილარი აჩნდა ტუჩებს.

იდგა ბრაზჩაბრუნებული ახალგაზრდობა 1992 წლის 3 თებერვალს უნივერსიტეტის ბაღში.

Advertisements

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„როგორ და რატომ წაართვა ხაზარაძემ ელიტ- ელექტრონიქსი ქოქოლაძეს“?

უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში წერს: „ვუსმინე მამუკა ხაზარაძეს მთავარ არხზე და ერთ დასკვნამდე მივედი. ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com