ახალი ამბები
Home / არჩევნები / გულბაათ რცხილაძე: „რატომ გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილი?“

გულბაათ რცხილაძე: „რატომ გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილი?“

ბლიც-ინტერვიუ პოლიტოლოგ გულბაათ რცხილაძესთან   

ბატონო გულბაათ, როგორია თქვენი შეფასება მიმდინარე საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით?

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის თანამდებობა საქართველოს ამჟამინდელ საკონსტიტუციო სისტემაში გადამწყვეტი ფუნქციებით აღჭურვილი არ არის, მიმდინარე საარჩევნო კამპანია გამოირჩევა განსაკუთრებული აქტიურობითა და ე. წ. შავი პიარის მომძლავრებით, რომელიც სიბინძურის ზღვარზეა. ამას, ჩემი აზრით, ორი ძირითადი მიზეზი აქვს: 1. ეს არის ბოლო პირდაპირი არჩევნები პრეზიდენტისა და ამიტომ მას გარკვეული სიმბოლური დატვირთვა აქვს; 2. ყოფილი ხელისუფლება, «ნაციონალური მოძრაობისა» და მისი სატელიტური პარტიების სახით, სერიოზულად ემზადება ხელისუფლების ცვლილებისათვის, და ეს ცვლილება მათ უნდათ 2020 წლამდე, ამიტომ თვით პრეზიდენტის შეზღუდული პოსტიც კი მათ აძლევს საშუალებას, მორალურად გატეხონ მმართველი ძალა და ფაქტობრივად მცოცავი გადატრიალება მოაწყონ ქვეყანაში.

ამას რა მეთოდებით გააკეთებენ, ეცდებიან არჩევნების გზით მიაღწიონ საწადელს თუ რაიმე სხვა მექანიზმები არსებობს?

რომ წარმოვიდგინოთ, რომ არჩევნები ვაშაძემ მოიგო, ამას «ნაციონალები» გამოაცხადებენ «ივანიშვილის რეჟიმის» გაკოტრებად და სასიკვდილო დამარცხებად, შესაბამისად, ისინი უფრო მძაფრად დასვამენ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საკითხს. მათ პარლამენტში გაეხსნებათ «მეორე სუნთქვა» და ამის პარალელურად, ქუჩის აქციებსაც გააძლიერებენ სხვადასხვა მოთხოვნებით. მთავრობა რთულ ვითარებაში ჩავარდება. მაგრამ არც ვაშაძე, არც ბაქრაძე არ არიან იმდენად პოპულარულნი, რომ 50 პროცენტი გადალახოს რომელიმე მათგანმა პირველ ტურში ან მეორე ტურში გაიმარჯვოს. ამიტომ, «ნაციონალური მოძრაობა» ეცდება, რომ ხელისუფლება დაადანაშაულოს არჩევნების გაყალბებაში, შედეგების მანიპულაციაში და ადმინისტრაციული რესურსის ტოტალურ გამოყენებაში. რა თქმა უნდა, ყველაფერი ეს ქუჩის აქციების ფონზე გაკეთდება, ეს აქციები უკვე დაწყებულია და მიზეზები არ დაილევა. ეცდებიან, თბილისს გარდა, ააჯანყონ რეგიონებიც. დიახ, ეს უნდა იქნას უიარაღო ჯანყი, და თუ გაირკვა, რომ ბევრი ხალხი გამოვიდა და აქციები წარმატებით მიმდინარეობს, საქმეში ჩაერთვება მომზადებული კადრებიც, უკრაინაში სამხედრო გამოცდილების მქონენი, რომლებიც ჯერ არ გამოაჩენენ იარაღს, მაგრამ გარკვეული მინიშნებები იქნება პოლიციის და უშიშროების მიმართ, ძალა არ გამოიყენონ, «თორემ»… ძალას ხელსუფლება ისედაც არ იყენებს, რაც კანონს სცდება, მაგრამ კანონიერი ძალის გამოყენებაც კი უკანონოდ გამოცხადდება ოპოზიციის მიერ.

ასეთი მძაფრი პროგნოზის გაკეთების საშუალებას რა გაძლევთ, ასე ჩახედული ბრძანდებით «ნაციონალების» შიდა სამზარეულოში?

მე უფრო ღრმად ვარ ჩახედული რუსეთის პოლიტიკური მანქანის შიდა სამზარეულოში და შემთხვევით არ გავაფრთხილე ხელისუფლებაცა და საზოგადოებაც მთლიანობაში, რომ გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბში რუსეთის მოქალაქეების გამოჩენა «პიარშიკების» სტატუსით, არის ძალიან საშიში მოვლენა საქართველოსთვის. მე არ მესმის, რაში გამოიხატება ჩვენი ხელისუფლების ან ოპოზიციის შიშები, როდესაც ისინი ე. წ. «ჰიბრიდულ ომზე» საუბრობენ, ხან «საინფორმაციო უსაფრთხოების» აუცილებლობას შეგვახსენებენ და რუსული ტელეარხების ისევ დაბლოკვას მოითხოვენ… ეს ყველაფერი სასაცილოა იმ ფონზე, როდესაც არჩევნებში რუსი «პიარშიკები» მონაწილეობენ და გეგმავენ ოპოზიციის სტრატეგიას, იქნება ეს ქუჩის აქციები, სატელევიზიო გამოსვლები თუ საარჩევნო თემების განსაზღვრა. ბოლოსდაბოლოს, «პიარშიკი» რუსეთის მოქალაქეები პირდაპირ ღებულობენ უამრავ ინფორმაციას ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ სამზარეულოზე, რადგან ისინი უამრავ მასალას ეცნობიან ადგილზე და უამრავ პოლიტიკოსს ხვდებიან… მე განგებ ვამბობ ნეიტრალურად, «რუსეთის მოქალაქეები», თორემ შეგახსენებთ, რომ ვაშაძის შტაბში არიან ვლადიმირ პუტინის ნათლულის, ქსენია სობჩაკის შტაბის წევრები – ვიტალი შკლიაროვი და მაქსიმ კაცი, რომელთაგან ერთი ბიძინა ივანიშვილის «რეჟიმის დასრულებაზე» საუბრობს ღიად, მეორე კი დამცინავად, «სრაჩკის» მოწყობას აპირებს თბილისში. მე არ მესმის, საით იყურებიან ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები, იმედია, რომ გააქტიურდებიან.

და მაინც, როგორ განვითარდება მოვლენები, თქვენი პროგნოზი რა არის?

ვფიქრობ, რომ გულგატეხილი მოსახლეობის მხრიდან დიდი აქტიურობა არ იქნება არჩევნებზე, ხმის მისაცემად მოვა დაახლოებით 60 პროცენტი ამომრჩევლებისა, თუმცა, შესაძლოა, საარჩევნო სიების არარეალურობის გამო სხვა პროცენტი გამოჩნდეს. ასევე ვფიქრობ, რომ არჩევნებზე რეალურად სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს, პირველში თუ არა, მეორე ტურში მაინც – რა თქმა უნდა, თუკი მანამდე არ მისცეს საშუალება «ნაციონალებს» , რომ არიონ სიტუაცია და ჩაშალონ არჩევნები. ქ-ნი სალომე კი იმიტომ გაიმარჯვებს, რომ იგი არის ერთადერთი ქარიზმატული პოლიტიკოსი საპრეზიდენტო პოსტზე კანდიდატ პოლიტიკოსებს შორის. მას აქვს თავისებური ადამიანური შარმიც, არ არის ვაშაძესავით და ბაქრაძესავით ხელოვნური, მოსაწყენი და უფერული. მისი ფრანგული აქცენტი უპირატესობაც არის ამ შემთხვევაში, მას უფრო მეტ ევროპულ «ფლერს» სძენს. ქ-ნ სალომეს შეუძლია ხალხთან პირდაპირი საუბარი, პოლემიკაც, იგი არ გაურბის რთულ შეკითხვებს. ბიძინა ივანიშვილის დახმარებასთან ერთად, ეს ფაქტორები გადამწყვეტ როლს შეასრულებს. მაგრამ, ვიმეორებ, მოდუნების დრო არ არის, ოპოზიცია სერიოზულად ემზადება რუსი კონსულტანტების დახმარებით!

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„2008 წლის აგვისტოს ომის ცოცხალი გმირი-ირაკლი გოგოლაძე-სოციალური დახმარება „პლიტის“ ჩართვის გამო მოუხსნეს,ის ძიმე მდგომარეობაშია“…(ვიდეო)

„2008 წლის აგვისტოს ომის ცოცხალი გმირი „ სასწრაფოდ !!! გაავრცელეთ ამ სამარცხვინო ფაქტის შესახებ მთელმა ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com