ახალი ამბები
Home / Uncategorized / განათლება – კეთილდღეობის პარადიგმა

განათლება – კეთილდღეობის პარადიგმა

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ინჟინერ–გეოლოგი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ–კორესპოდენტი, პუბლიცისტი ვაჟა კაკაბაძე

როცა ქვეყნის გადარჩენაზე ვიწყებ ფიქრს ყოველთვის მახსენდება ილია ჭავჭავაძის სიტყვები: „ხმლით მოსეულმა ვერა დაგვაკლო-რა, – შრომით და გარჯით, ცოდნით და ხერხით მოსეული -კი თან გაგვიტანს, ფეხ-ქვეშიდან მიწას გამოგვაცლის, სახელს გაგვიქრობს, გაგვიწყვეტს, სახსენებელი ქართველისა ამოიკვეთება, და ჩვენს მშვენიერს ქვეყანას, როგორც უპატრონო საყდარს, სხვანი დაეპატრონებიან. შრომასა და გარჯას, ცოდნასა და ხერხს ვერავინ-ღა გაუძლებს, თუ შრომა და გარჯა, ცოდნა და ხერხი წინ არ მივაგებეთ, წინ არ დავახვედრეთ, წინ არ დავუყენეთ. ვართ კი ყოველ ამისათვის მზად? ან გვეტყობა რაშიმე, რომ ყოველივე ეს ვიცით და ვემზადებით?.. რა გითხრათ? რით გაგახაროთ?“. დიახ, ცოდნა ახლა ყველაზე ძლიერი იარაღია, ცოდნა ეს საქმის მცოდნეობაა და გვყავს ასეთი ადამიანები? მოკლედ გიპასუხებთ: არა! მართალია გვყავს ფინანსისტები, გეოლოგები, ექიმები და ასე შემდეგ, მაგრამ ეს უკანასკნელები თავის ვიწრო ჩარჩოში არიან გამოკეტილები და იმის იქით ვერ გადიან, ხოლო მცირე რიცხოვან ერისათვის ეს საკმარისი არ არის, როგორც წარსულში, რამაც გადაგვარჩინა, ერთ ხელში გუთანი უნდა გვეჭიროს ხოლო მეორე ხელში ხმალი, დღეს ჩვენმა ახალგაზრდამ ყველაფერი უნდა იცოდეს, რომ გადარჩეს – „ეხლაც ომია, ხოლო სისხლის ღვრისა-კი არა, ოფლის ღვრისა, ომი უსისხლო, მშვიდობიანი, წყნარი“ (ილია). და, ყოველივე ამან საფუძველი შექმნა ისეთი საგანმანათლებლო სისტემის შექმნის აუცილებლობა, რომელიც გაზრდის საქმის კეთების მცოდნე ადამიანს, ადამიანს რომელსაც შეეძლება კრიტიკულ ვითარებაში სწორი გადაწყვეტილების მიღება, ამდენად გთავაზობთ სწავლის ისეთ მიმართულებას, რომელიც იქნება: საქმისმცოდნეობა.
ახლა, ჩემო მკითხველო თავად ამ მიმართულებაზე ვისაუბრებ და შევეცდები მოკლედ მოგითხროთ: ფართო მნიშვნელობით საქმისმცოდნეობა მოიცავს საქმიანობას მთლიანობაში და, ამასთან, განიხილავს ცალკეულ დარგს, მათ სპეციპიკას, დამოკიდებულებას რეალურ გარემოსთან, კავშირს მომავალ მოთხოვნებთან; მაშასადამე საქმიანი კაცი როგორი პროფესიისა არ უნდა იყოს, ის თავისუფლად უნდა აზროვნებდეს ამისათვის მას უნდა შეეძლოს სხვადასხვა პროცესების ერთმანეთთან დაკავშირება, მათ შორის საერთო მოვლენების ამოკითხვა და ერთ სისტემაში მოქცევა, მაგალითად მხატვარმა კომერციული საქმიანობის გარემოში თავი, რომ გადაირჩინოს უნდა იცოდეს ეკონომიკის მართვის ისეთი მეთოდები როგორიცაა მარკეტინგი და მენეჯმენტი, ხოლო გამყიდველმა სურათი სარფიანად, რომ გაყიდოს ელემენტარულ დონეზე მაინც უნდა ერკვეოდეს ფერწერაში; პავლოვის რეფლექსი (ხილვადი–მგრძნობიარობა იწვევს სურვილს), ფიზიოლოგმა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობის გარემოში აღმოჩნდა, ეს დებულება ასე უნდა წაიკითხოს ანუ გაიაზროს: საქონლის და მომსახურების რეკლამა არის ხილვადი–მგრძნობიარობის ნაირსახეობა, ან ფიზიკოსი თუ აღმოჩნდა ეკონომიკურ გარემოში, ნიუტონის დებულება – ქმედებას ყოველთვის გააჩნია შესაბამისი უკუქმედება – უნდა ახსნას ასე: ბაზარზე სრულყოფილი კონკურენციის არსებობა, ადრე თუ გვიან შექმნის მონოპოლიურ ან უკეთეს შემთხვევაში დუოპოლურ გაერთიანების საფუძველს, ან ფილოსოფოსი თუ აღმოჩნდა იგივე საქმიანობის გარემოში კანტის ანტინომია: „სამყაროში ყველაფერი მარტივია და განუყოფელი; სამყარო არ არის განუყოფელი და მარტივი“, შემდეგ ნაირად უნდა გაიაზროს – კანტის დებულების პირველ შემთხვევაში: ეკონომიკა ერთიანი განუყოფელი სისტემაა და დამყარებულია კლანურ (ან კორპორაციულ) საურთიერთობო სქემაზე; მეორე შემთხვევაში: ეკონომიკა შედგება საბაზრო ეკონომიკის მართვის სისტემისაგან და დამყარებულია მარტივ, ღია საურთიერთობი სქემაზე.
საქმისმცოდნეობა როგორც საგანი ჩემს მიერ არის შემოთავაზებული, რომელიც უნდა მოიცავდეს საქმიანობის განხორციელების იმ ძირითად პრინციპეპს, რომელიც ზემოთ ავხსენი და იმ პრინციპებს, რომელიც აუცილებელია სუბიექტისათვის კომერციულ სივრცეში სამოქმედოდ, ეს მეთოდოლოგიური კურსი (ან ერთიანი სახელმძღვანელო) უნდა მოიცავდეს ამჟამად არსებული საგნების იმ ძირითად პრინციპებს, რომელიც ცოდნას იძლევა იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება შეზღუდული რესურსების პირობებში ბუნებრივი რესურსების მართვა; მწვავე კონკურენციის პირობებში ბიზნესის და ადმინისტრირების საქმიანობის წარმართვა; მკაცრი საბანკო მოთხოვნების შემთხვევაში გამოსავლის მოძებნა; ფინანსების მართვა; საბაჟო და საგადასახადო გარემოში მოქმედება; საქმის ქაღალდების მართვა; საქმიანმა ადამიანმა პარტნიორებთან სწორი ურთიერთობის დამყარების და საზოგადოების პატივისცემის მოპოვების მიზნით კარგად უნდა ფლობდეს ბიზნესის ეთიკის ძირითად პრინციპებს, უნდა იცნობდეს ფსიქოლოგიის ძირითად დებულებებს, ასევე ფილოსოფიის ძირითად საფუძვლებს; ერკვეოდეს ხელოვნებათმცოდნეობაში. ამ საგნების ძირითადი პრინციპების შესწავლა საშუალებას მისცემს ადამიანს ჩამოყალიბდეს როგორც საქმიანი სუბიექტი, რომელსაც შეეძლება რეალურ გარემოში მიმდინარე პროცესების გაანალიზება და რაციონალური არჩევანის გაკეთება, პროცესის შენიღბულობის მიუხედავად მისი თავისებურებათა გამოვლენა და შეფასება, სტატისტიკური მასალის შეგროვება და დამუშავება.
მაშასადამე უნდა შეიქმნას სახელმძღვანელო, რომელიც ადამიანს მისი ვიწრო პროფესიის მიუხედავად საშუალებას მისცემს განსხვავებულ გარემოში იმოქმედოს რაციონალურად და თავისუფლად იაზროვნოს.
ჰეგელის მიხედვით აზროვნება და ცოდნა თვით მიზანია, ხოლო „არსებობისათვის ბრძოლა“ – საამისო საშუალებაა; ემპირისტულ–პოზიტივისტურ ფილოსოფიაში ეს შეხედულება შეტრიალდა: „არსებობისათვის ბრძოლა“ და ამ ბრძოლის გზით სხეულებრივ–ბიოლოგიური არსებობის სიმტკიცის მიღწევა გახდა მიზანი, ხოლო აზროვნება და ცოდნა – საამისო საშუალება.
ჰეგელი აზროვნებას და ცოდნას ერთმანეთისაგან თითქმის არ განასხვავებს, მაშინ როცა შესაძლებელია, რომ მოაზროვნე ადამიანი სრულიად უცოდინარი იყოს და თავად შექმნას ცოდნა და გახდეს საქმის მცოდნე. აზროვნება ეს ბუნებრივი პროცესების სწორად დანახვის და ახლის შექმნის უნარია, ცოდნა კი ადრე არსებული გამოგონებების და გამოცდილებების საფუძველზე საქმიანობის წარმართვის უნარია. მაგრამ, აზროვნება ორივე შემთხვევაში მონაწილეობს.
საქმის მცოდნე ადამიანის აზროვნება მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვა ადამიანის აზროვნებისაგან, რამეთუ მისი დამოკიდებულება გარემოს მიმართ არის როგორც მატერიალური, ასევე სულიერი. მსგავს ადამიანებს აინტერესებთ ეროვნული ტრადიციები, ეროვნული სახელმწიფოს ისტორიული ფასეულობა და უფრთხილდებიან მათ.
და, ბოლოს ისევ ილია ჭავჭავაძის სიტყვებით მსურს დავასრულო ჩემი სტატია: „ … სულ წყალობა ღვთისა და წყალობა ღვთისა, ერთხელ ჩვენ თითონაც თითი გავძრათ. ერთხელ ჩვენ თითონაც მივდგეთ-მოვდგეთ. წყალობა ღვთისა კარგია, მაგრამ რა ქმნას მარტო წყალობამ, თუ ღვთის მიერ ნაწყალობებს თითონ ადამიანი არა ჰრწყავს, არა სხლავს, არა ჰფურჩქნის, არ უვლის, არ ჰპატრონობს. ღმერთმა, რაც წყალობა იყო, უკვე მოიღო ჩვენზე, დანარჩენი თქვენ იცით და თქვენმა კაცობამაო. რა კაცობა გამოვიჩინეთ?.. რა გითხრათ? რით გაგახაროთ?“.
და, თქვენი ნებართვით, მკითხველო, ჩემს გულის ტკივილსაც ვიტყვი: ეხ, ჩემო სულიერო მამავ რა გითხრა? რით განუგეშო? თქვენი დანატოვარი გავაჩანაგეთ, დავამსხვრიეთ შენი იმედები, აზროვნება და ცოდნა გაუფასურდა საქართველოში, კაცს ფულითა და ქონებით აფასებენ და არა ცოდნითა და სამშობლოს სიყვარულით; ვერ ვივარგეთ…. ყველას მაგივრად მე გიხდით ბოდიშს დიდო ადამიანო.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ფარული ჩანაწერების სკანდალი, რომელიც სავარაუდოდ სუსიდან გაჟონა

2 სექტემბერს მედიითა და ინტერნეტით გავრცელდა ჩანაწერები, რომლებიც, მედიის ცნობით, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდანაა გამოჟონილი. ...