ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / გალაკტიონი: „მშვენიერი ცხოვრება მე ოცნებებში განვიცადე… და რაც ოცნებებში განგიცდია მთელი არსებით, სინამდვილეში მას ექნება რაიმე ფასი?“

გალაკტიონი: „მშვენიერი ცხოვრება მე ოცნებებში განვიცადე… და რაც ოცნებებში განგიცდია მთელი არსებით, სინამდვილეში მას ექნება რაიმე ფასი?“

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

გალაკტიონ ტაბიძის წერილი ოლია ოკუჯავასადმი

                                                                       ოლია!

„მას შემდეგ, რაც შენ წადი, რაღაც საშინელმა სიცარიელემ მოიცვა ჩემი არსება… სიცარიელემ, რომლის განადგურებას არ ვიცი რანაირი მდგომარეობა შეძლებს და რა არის მისი წამალი? …როდესაც შენ აქ იყავი, მე შემეძლო დამენახე შენ… ჩემთვის უბრალოდ შენს ახლოს ყოფნა საკმარისი იყო, რომ შენს გარდა არაფერზე არ მეფიქრა. როდესაც მწარე ფიქრები, სევდიანი და სასოწარკვეთილი სულიერი განწყობილება შემიპყრობდა, მე მოვქროდი შენსკენ, თუმცა არც შენგან მესმოდა დამამშვიდებელი საუბარი, მაგრამ უბრალო სიახლოვე საკმარისი იყო ჩემთვის, ვიმეორებ ჩემს გულს საშინლად სწამლავდა შენიანების იქ ყოფნა. მე ყოველთვის ვგრძნობდი, რომ უცხო, ძალიან უცხო და არასასიამოვნო პირი ვიყავი დედაშენისთვის, მე ვგრძნობდი, რომ ყველა გულში ან დამცინოდა, ანდა კვირობდაჩემს ხშირ სტუმრობას… მე ვგრძნობდი, რომ რაღაცნაირი სიცივე შემქონდა თქვენს სახლში და მინდოდა მეყვირა, რომ არავინ არ მინდა შევაწუხო, რომ მხოლოდ ოლიასთან ყოფნა მინდა-მეთქი.
მართლაც, რა საკვირველი რამაა, მთელ შენ კომპანიასთან, მხიარულ კომპანიასთან, მხოლოდ მაშინ ვგრძნობ კავშირს, როდესაც ხარ ქუთაისში… როდესაც შენ წახვალ, მე მათ ვავიწყდები და ისინი მე მავიწყდებიან… თითქო არაფერიც არ მომხდარა, თითქო არაფერი საერთო ერთმანეთთან არ გვაქვს.
აი, მაგალითად, შენი ორჯერ გამგზავრების ამბავი:
ოკტომბერში მატარებელზე ყველანი შევიკრიბეთ, რადგან შენ მიდიოდი ჭიათურაში. რაღაც ნაღვლიანი გაცილება იყო. შენ სიკვდილმისჯილი დამნაშავის სახე გქონდა, ჩვენ კიდევ მოწყენილი. აი, დაიძრა მატარებელი, შენ წადი… მე ერთი გადავხედე ყველას… ყველა ჩუმად, უსიტყვოდ იდგა, უსიტყვოდ დავიძარით სადგურიდან, უსიტყვოდ დავესალმეთ ერთმანეთს და შემდეგ არსად არ შევხვედრივარ არც ერთს, შენს ხელახლა ჩამოსვლამდე.
შენ ჩამოდი და მე ისევ არ მინდოდა დავახლოვებოდი ამ ჯგუფს, რადგან არავითარ სულიერ ნათესაობას არ ვგრძნობდი მათთან, მხოლოდ შენმა მათში ყოფნამ მაიძულა სახეზე ნიღაბი ამეფარებია, თითქო მართლაც…
უკანასკნელად, როცა შენ მიემგზავრებოდი, ეს ”ჩატეხილი ხიდი” უფრო საგრძნობი და თვალსაჩინო გახდა ჩემთვის.
როგორც კი მატარებელი დაიძრა, იმ წუთშივე ვიგრძენი, რომ გადამთიელი ხალხი მერტყა ირგვლივ, მათ სახეზე შევამჩნიე ამგვარივე გამომეტყველება, რომ მეც გადამთიელი ვიყავი მათთვის.
რა არის, უკანასკნელად, ამის მიზეზი? ჩემი გულდახურულობა? იქნებ ასეა?
სადგურიდან წამოვედით… მთელი ეს კომპანია სადღაცა მიეშურებოდა. კუზიანმა გაკვრით სთქვა, რომ ამეღამ კოლიასთან იკრიბებიან (ჯაფარიძესთან). მე ვიგრძენი, რომ ზედმეტი კაცი ვიყავი მათში და საჩქაროდ დავშორდი მათ; დავშორდი მათ, მე მგონია, დიდი ხნით, როდესაც შენ ჩამოხვალ, შეიძლება ისევ შევუერთდე შენს მეგობრებს… მანამდე არ ვიცი, როგორ მოხდება.
ოლია, როგორ ფიქრობ შენ ამ ამბავზე? შენ იქნება გადამეტებულად მიიჩნიო ყველაფერი ეს, იქნება უბრალო განმარტოების სიყვარულს და სხვა ასეთებს დააბრალო, მაგრამ ეს ასეა… მე ვიცი, ისინი ყოველთვის ისე მიმიღებენ, როგორც მიღებდნენ. ისიც ვიცი, რომ ისინი მე მიცოდებენ, მაგრამ რად, რისთვის?
დღეს დედაჩემისაგან მივიღე წერილი. საწყალი დედა! იგი შერიგებას მთხოვს, იგი ნანობს, რომ დამღუპა და ნამდვილ გზას ამაცდინა. დედაჩემი მევედრება, რომ ყველაფერი ვაპატივო და დავივიწყო… რამდენი ხანია კარგ განწყობილებაში არ ვყოფილვარ დედასთან და ძმასთან… თითქმის ოთხი წელიწადნახევარია.
ამ ხნის განმავლობაში მე არ მქონდა მყუდრო ბინა, ამ ხნის განმავლობაში საშინელი გაჭირვება გამოვიარე. ეგ კი იცოდა დედაჩემმა. რამდენი გაჭირვება, ღმერთო ჩემო, რამდენი გაჭირვება! თუ როდესმე ბედნიერ ცხოვრებას ვეღირსე, ჩემს მოგონებებში წითელ ასოებით დაიწერება უკანასკნელი ოთხი წელიწადი! უკანასკნელმა ოთხმა წელიწადმა დამღუპა…
რა უნდა ვქნა ეხლა?
სადაა საშველი გზა?
მაგრამ დღეს ყველაფერი ერთია! ოცნებებისა და სიზმრების დრო წავიდა! აღარაფერი არ გამახარებს, თვით ტკბილი სინამდვილეც კი! მშვენიერი ცხოვრება მე ოცნებებში განვიცადე… და რაც ოცნებებში განგიცდია მთელი არსებით, სინამდვილეში მას ექნება რაიმე ფასი?
ასეა საქმეები, ჩემო ოლია……
იყავი კარგად……
მშვიდობით, მარადის შენი გ. ტ ა ბ ი ძ ე.

***

 

ოლია ოკუჯავასადმი

ძვირფასო ოლოლ!

ამეღამ 5 საათზე გავდივარ ქუთაისიდან… გავდივარ რაღაც მწარე წინათგრძნობით. მგონია, თითქოს სამუდამოს ვემშვიდობები ქუთაისის არემარეს, გული ტანჯვებით მეკუმშება, უსასოობას და მარტოობას ვგრძნობ.
სადა ხარ ეხლა, ოლოლ! რომ იცოდე, რანაირ მდგომარეობაში ვარ… ისე მინდა ეხლა შენს ახლოს ვიყო, შენს სუნთქვას ვგრძნობდე, მაგრამ ყველაფერი ეს ისეა შესაძლებელი, როგორც ცისა და დედამიწის შეერთება. მე მგონია, ჩემი უკანასკნელი სიყვარული გედის სიმღერა იყო იმ ბედნირების, რომელსაც ასე განვიცდიდი მარტოობის დროს ჩემს სიყმაწვილეში. მე მგონია, არასდროს არ განმეორდება ის დაუბრუნებელი წამები, მთელი თავისი სიმშვენიერით და სილამაზით. რა საშინელი მარტოობაა! რა უსაზღვრო უთვისტომობაა… რაგვარი უფსკრული მიდგას წინ და მიპირებს შთანთქმას… მეშინია, ოლოლ მეშინია!
ეხლა, განშორების წინ, მთელი ჩემი წარსული, უფერული, მეგობრობასა და თანაგრძნობას მოკლებული, საოცნებო სახეს იღებს და მიმზიდველი ღიმილით მეპატიჟება… მეპატიჟება მხოლოდ და ვინც იცის, ავასრულებ როდისმე ჩემს წადილს, ვიქნები ისევ ისეთი, ტაც ვიყავი უკანასკნელ ხანებში თუ არა? – არ ვიცი!
გესმის, ოლოლ ბავშვობიდანვე მწამდა ბედისწერა, მოირა, როგორც ეძახიან, ფატალიზმი. იგი ჩემი მუდმივი მტერი იყო… მე არ მახსოვს მისგან რაიმე კეთილი საქმე. ხვალინდელი დღე ჩემთვის, არ ვიცი როგორი იქნება… მაგრამ ჩემი მტერი, ჩემი ბედისწერა უთუოდ აქაც თავისას დამმართებს.
ოლოლ, თუ სალდათად წამიყვანეს… მაშინ გეწყინება არა? მე მგონია, შენ ერთადერთი აარსება ხარ მთელ ქვეყანაზე, რომელსაც ჩემი უბედურება დულს გატკენს… ეხლა რომ შენთან ვიყო, დაგკოცნიდი, დაგკოცნიდი გიჟივით…
ჰო იმას ვამბობდი… (მეც არ ვიცი ახლა რაას ვამბობ და რას არა), რომ საშინელ სულიერ ობლობას განვიცდი-მეთქი… არავინ არ მინდა ვნახო… დაველაპარაკო, მინდა მხოლოდ შენ იყო ჩემს ახლოს.
ეხლა რადგან გვიანაა (თერთმეტის ნახევარი), საკანდიტროში ვზივარ და ისე ვწერ ამ წერილს… არავინ არ არის მახლობლად… ერთიც ვნახოთ, შემოდის მიშა, შენი ძმა… მინდა ნიშას ბევრი რამე ვესაუბრო, მაგრამ არა მცალია, ეხლა ხომ ამ წერილსა ვწერ…
თუ მე ბედისწერა მწყალობს, მიშა მოიცდის ამ წერილის გათავებამდე… ის ჯერ რძეს მიირთმევს პატიოსნად… მე განვაგრძობ ისევ ამ წერილის წერას. აი ეს უკანასკნელი სიტყვა როცა დავწერე მიშა ადგა და გავიდა, მაშასადამე, ოლოლ, მე ბედისწერა არ მწყალობს. ბედისწერა… ბედისწერა…
დღეს ჩემთან ნუცა იყო. მინდოდა იმასთანაც ბევრი, ბევრი მესაუბენა, მაგრამ ძალიან ცუდ ხასიათზე ვიყავი…
კოლიაც შემხვდა – იმას მხოლოდ თავი დავუკარი და გავუღიმე- როგორც ერთმანეთს ვხდებით ხოლმე.
სიმონიკასაც შევხედე სადრაც…
მხოლოდ ვერსად ვერ ვნახე პატარა კუზიანი, რომელიც ყველას სჯობია,ის პირადად არ შემხვედრია.
მალე დაკეტავენ საკანდიტროს და გავალ ქუჩაში… გავალ…
გკოცნი,ოლოლ…ოლოლ, მშვიდობით.

მარადის შენი გ. ტ ა ბ ი ძ ე

P.S. სურათი არაა მზად, თორემ გამოვგზავნიდი… რა ვქნა, ოლოლ, ვკვდები…

გ. ტ ა ბ ი ძ ე

გამოგიგზავნი წერილს… გახსოვდე
რამდენი რამ მინდა მოგწერო, მაგრამ ადვილი არაა.
სურათში დიდებულათა ხარ გამოსული;ორივენი კარგადა ვართ…
სურათი ისევ შენ უნდა გამოიწერო, თუ მე მომიხდა ქუთაისში ჩასვლა, წავიღებ ერთს…

1913 წ. 25 ენკენისთვე

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ხალხს სათესლე მასალა შემოეჭამა,500 ლარიანი ვაუჩერები გამოყონ“

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში „ხალხს ამ მძიმე გაზაფხულის ფონზე სათესლე მასალა შემოეჭამა, სანამ სეზონია 500 ლარიანი ...