ირაკლი ოქრუაშვილი – ხელისუფლებას ვათმობინებთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, ვაშაძემ ეს უნდა შეძლოს, უარეს შემთხვევაში, ვერ მოხდება ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება.
 მოდით ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილს თუ არ აღმოაჩნდება კეთილგონიერება და გარკვეული ხასიათის დათმობებზე არ წავა, მან შეაგდო სასწორზე – ან ყველაფერი, ან არაფერი, ძალიან ცუდად დამთავრდება ეს ყველაფერი. მაშინ, ადრე თუ გვიან, ზამბარასავით, რომელსაც ზემოდან თუ დააწვები, ქვემოდანაც მატულობს წინააღმდეგობის ძალა, მისთვის ძალიან ცუდად გასკდება ეს ყველაფერი
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში რევოლუციურ სცენარს არ გამორიცხავს და გაერთიანებული ოპოზიციის 16 დეკემბრისთვის დაგეგმილი აქციის განვითარებასთან დაკავშირებით „მკაფიო შავ წერტილსა“ და „ფერმკრთალ წერტილზე“ საუბრობს. როგორ ოქრუაშვილმა „ტვ პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა, ამ პროცესს წერტილი გრიგოლ ვაშაძემ უნდა დაუსვას.

„16 დეკემბერი ეს არის გრიგოლ ვაშაძის მართული პროცესი, გაერთიანებული ოპოზიციის მართული პროცესი, გრიგოლ ვაშაძემ ამ პროცესს უნდა დაუსვას წერტილი – ან ძალიან მკაფიო შავი წერტილი, ან ფერმკრთალი წერილი. ძალიან მკაფიო შავი წერტილი ჩემი აზრით არის ორი რამ – ან ხელისუფლებას, უკეთეს შემთხვევაში, ვათმობინებთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს და გრიგოლ ვაშაძემ ეს უნდა შეძლოს რამენაირად, ხალხის მხარდაჭერით, ან, უარეს შემთხვევაში, ვერ მოხდება სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება. ფერმკრთალი წერტილი არის ერთი რამე, ივანიშვილს ხახვივით შერჩება სალომე ზურაბიშვილის კარტოფილით გაპრეზიდენტება.

დავუბრუნდეთ ისევ ორივე ვარიანტს მძიმე წერტილისა – ძალიან ბევრი ხელისუფლება შემჯდარა ვირზე ამ ქვეყანაში, გაჯიუტებულა, არ ჩამოსულა ვირიდან და ძალიან ცუდად დაუმთავრებია.

მეორე – სალომე ზურაბიშვილისთვის გაპრეზიდენტებაში ხელის შეშლა – ეს არის მათი გადასაწყვეტი, თუ ექნებათ ამაზე სცენარი, პირდაპირ ვთქვათ, არ მაქვს არაფერი საკეკლუცო და სათაკილო, რომ სიტყვა რევოლუცია ვიხმარო“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.