ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „აღსრულდა ნება ქართველი ერისა — გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! გვფარავდეს ღმერთი!” “-ზვიად გამსახურდია

„აღსრულდა ნება ქართველი ერისა — გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! გვფარავდეს ღმერთი!” “-ზვიად გამსახურდია

აღსრულდა ნება ქართველი ერისა — გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! გვფარავდეს ღმერთი!” 

„ძვირფასო მეგობრებო, სიმბოლურია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება 9 აპრილს, ვინაიდან ამ დღეს გადაწყდა საქართველოს ბედი. 9 აპრილის წამებულთა სულები დაგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამეთუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა — გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! გვფარავდეს ღმერთი!” — ზვიად გამსახურდია 1991 წლის 9 აპრილი.

დღემდე 1989 წლის 9 აპრილმა ჩვენს მეხსიერებაში ტკივილთან ერთად უდიდესი სიამაყის განცდაც დატოვა – ამ დღეს ქართველებმა ერთად დგომა და ეროვნული ერთიანობის მიღწევა შეძლეს.
1989  წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი, საპროტესტო აქცია დაარბიეს.
მშვიდობიანი საპროტესტო აქცია რამდენიმე დღე გრძელდებოდა. მთავრობის სასახლის წინ ათიათასობით ადამიანი იყო შეკრებილი. მომიტინგეთა მოთხოვნები ხელისუფლებისათვის იმდენად მიუღებელი იყო, რომ მთავრობასა და ეროვნულ მოძრაობას შორის მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა. გამოქვეყნდა სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს ბრძანებულება, რომლის თანახმადაც მიტინგებისა და დემონსტრაციების აღკვეთის პირობები მკაცრდებოდა.

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, მომიტინგეებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მიმართა და მოახლოებული საფრთხის თავიდან ასაცილებლად, ქაშუეთის ტაძრის ეზოში გადასვლა სთხოვა, მაგრამ უარი მიიღო — „არა, ღმერთს შევფიცეთ, რომ აქ უნდა ვიდგეთ“, — ისმოდა პასუხად.

9 აპრილს გამთენიისას, საბჭოთა არმიამ რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტების დაშლა დაიწყო. აქციის დარბევისას საბჭოთა ჯარმა მომწამლავი ქიმიური საშუალებები, ცეცხლსასროლი იარაღი, ბარები, ჯავშანტრანსპორტიორები და  ტანკები გამოიყენა. იმ ღამის მანიფესტაციის დარბევას 21 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 14 ქალი იყო, ერთი მათგანი —ორსული, მოკლულთა შორის  იყვნენ სკოლის მოსწავლეებიც. დაღუპულთა გარდა დაჭრილებიც იყვნენ, დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით დემონსტრანტების  დიდი ნაწილი მოიწამლა.
„კიბეებზე, ქვაფენილზე, ქუჩებზე, მარადმწვანე ბუჩქებზე, ყველგან და ყველაფერზე, რასაც მზერა სწვდებოდა, მიმოფანტულიყო ტანსაცმლის ნაგლეჯები, ფეხსაცმელები, ძირითადად, ქალის ქუდები, ქაღალდის ნაკუწები, ერთმანეთში არეული  ხელჩანთები, ხელჩანთებიდან წამოყრილი სავარცხლები, პატარა სარკეები, ცხვირსახოცები; თავსაფრები, გაზეთების ნაფლეთები, დანაკუწებული ქურთუკები, პარფიუმერიის ნამსხვრევები, ნაირგვანი ფერის ქსოვილის ნახევები, ბიჟუტერია. ასფალტზე ჯერ კიდევ ჩანდა ჯავშნიანი მანქანების მუხლუხების კვალი, ქვაფენილზე კი შემზარავად მბზინავი სისხლის ლაქები”,- იხსენებდნენ 9 აპრილის დილას თვითმხილველები.
 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ, დამოუკიდებლობის აღდგენამ შეუქცევადი პროცესის სახე მიიღო. 1991 წლის 31 მარტს, საქართველოს პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ, ერთიანი საქართველოს მასშტაბით რეფერენდუმი ჩაატარა, სადაც საქართველოს მოსახლეობას ერთადერთ კითხვაზე უნდა გაეცა პასუხი: „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრიობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის დეკლარაციის შესაბამისად?” რეფერენდუმში ქართველი ამომრჩევლის 90,3%-მა მიიღო მონაწილეობა, მათგან 98,9%-მა დამოუკიდებლობა აირჩია.

 

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ვინც ეწინააღმდეგება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას ქვეყნის მტერია”-კახა კალაძე

   თბილისის მერი კახა კალაძე ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს: „კამპანია, რომელიც ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com