ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმი

აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმი

საქართველოს მასმედია ყურადღების მიღმა ტოვებს მეზობელი რუსეთის ტერიტორიაზე გამართულ მთელ რიგ ღონისძიებებს, რომელთაც დიდი მნიშვნელობა აქვთ ამ ქვეყნის პოტენციალის ჯეროვანი შეფასებისათვის და, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, სწორი დასკვნების გასაკეთებლად.
ერთი ასეთი ღონისძიებათაგანია რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, კერძოდ, ქალაქ ვლადივოსტოკში მოწვეული „აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმი“, რომელიც, 2015 წლიდან მოყოლებული, სექტემბრის პირველ რიცხვებში, წელს უკვე მეხუთედ იმართება. „აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმი“ (აეფ) წარმოადგენს ფრიად მასშტაბურ და წარმომადგენლობით საერთაშორისო ღონისძიებას, რომლის დღის წესრიგი შედგება დროის მჭირდო მონაკვეთში (სამი დღის მანძილზე) ერთმანეთის პარალელურად მიმდინარე მრავალრიცხოვანი შეხვედრების, პრეზენტაციების, განხილვების, მოლაპარაკებების, კონფერენციების, მოხსენებებისაგან.
ზოგადად, მსოფლიოში, არც ისე ხშირია ასეთი მაღალი დონის ღონისძიებები, რომელთაც ერთდროულად პრაქტიკული და სამეცნიერო დატვირთვა აქვთ. ვლადივოსტოკის ფორუმი სწორედ ამ კრიტერიუმს შეესაბამება და განსაკუთრებით საინტერესოა. საქართველო რომ დაინტერესდეს მისით, სხვა თუ არაფერი, უამრავ ინფორმაციებს, სტატისტიკურ მონაცემებს შევკრებთ, თეორეტიკოს მეცნიერთა და პრაქტიკოს მეწარმეთა და სპეციალისტთა მოსაზრებებს მოვუყრით თავს, რომელთაც სხვაგან ვერ მოვისმენთ და ვერ წავიკითხავთ. ვლადივოსტოკში კომპანიებს საშუალება აქვთ, მოაწყონ თავიანთი პროდუქციის გამოფენა და გააფორმონ ხელშეკრულებები. ფორუმზე წარმოდგენილია რუსეთის ბიზნესის ელიტა პრაქტიკულად სრული შემადგენლობით, ეს ფაქტი კი უფრო მიმზიდველს ხდის მას უცხოელი მონაწილეებისათვის.
როგორც ფორუმის დასახელებაში მოცემული გეოგრაფიული („აღმოსავლეთის“) და მისი განხორციელების ადგილიდან (ვლადივოსტოკი) გამომდინარეობს, ღონისძიება ორიენტირებულია შორეული აღმოსავლეთის რეგიონზე, თუმცა რეალურად, მისი გეოგრაფია ბევრად უფრო ფართოა გამო. ფორუმის საქმიანობაში, რუსეთს გარდა, აქტიურად არიან ჩართულნი ჩინეთის, იაპონიის, კორეის რესპუბლიკის, მონღოლეთის, ინდოეთის და წყნარი ოკეანის არეალში მდებარე რიგი ქვეყნების წარმომადგენლები, მაგრამ ფორუმის თემატიკაში სტაბილურ ადგილს იკავებს რუსულ-ევროპული ურთიერთობებიც.
ასე მაგალითად, მიმდინარე წელს ფორუმზე მონაწილეობენ ევროპული ბიზნესის ასოციაციის გენერალური დირექტორი ფრანკ შტაუფენი, რუსეთში იტალიის ელჩი პასკუალე ტერაჩანო, იტალიურ-რუსული სავაჭრო პალატის პრეზიდენტი ვინჩენცო გრანი და სხვა მაღალი რანგის ევროპელი წარმომადგენლები. საერთაშორისო მონაწილეთა შორის არიან დიპლომატები, ბანკირები, ინვესტორები, ჩინოვნიკები, მეწარმეები, ჟურნალისტები, მეცნიერები-ექსპერტები ჩინეთიდან, იაპონიიდან, ინდოეთიდან, კორეიდან, სინგაპურიდან, გერმანიიდან, იტალიიდან და ბევრი სხვა ქვეყნიდან… მიმდინარე ფორუმის სტატისტიკა მისი დასრულების შემდეგ იქნება, მაგრამ გასული 2018 წლის ოფიციალური მონაცემებით, რიგით მე-4 აეფ-ში მონაწილეობა მიიღო 6002-მა დელეგატმა მსოფლიოს 60 სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, აშშ-დან და დიდი ბრიტანეთიდან; გარდა ამისა, ღონისძიებას აშუქებდა 1357 ჟურნალისტი… საინტერესოა, შარშან სექტემბერში ჩვენი ჟურნალისტები რას აკეთებდნენ?..
იმის მისახვედრად, თუ რაოდენ მაღალი სტატუსი აქვს აწ უკვე ტრადიციად დამკვიდრებულ ვლადივოსტოკურ აეფ-ს, შარშანდელი ღონისძიების მონაწილეთა შორის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის, ჩინეთის სახელმწიფო მეთაურის სი ცზინპინის, მონღოლეთის პრეზიდენტის ჰალტმააგიინ ბატულგას, იაპონიის პრემიერმინისტრის სინძიო აბეს, კორეის რესპუბლიკის პრემიერმინისტრის ლი ნაკ იონის უშუალო მონაწილეობის დასახელებაც საკმარისია. წლევანდელი მე-5 აეფ განიხილავს თემების ფართო სპექტრს, დაწყებული იაპონელების მოხსენებით – „საერთო ეკონომიკური სივრცე წყნარი ოკეანიდან ატლანტის ოკეანემდე“, დამთავრებული სპეციფიკური თემებით, როგორიცაა „მყარი წიაღისეულის ეკოლოგიური მოპოვება“. კომპანიების უფლებამოსილი პირები, ასევე სხვადასხვა ქვეყნების რეიგიონული მმართველები, გუნერნატორები, ერთმანეთთან გააფორმებენ ურთიერთსასარგებლო კონტრაქტებს. ფორუმის მუშაობა მიმდინარეობს როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.
რუსეთი მაქსიმალურად იყენებს ამ ფორმატებს თავისი აღმოსავლეთი რეგიონების განვითარებისათვის, რაც ეწინააღმდეგება გავრცელებულ პროპაგანდისტულ დეზინფორმაციას, თითქოს რუსეთის ხელისუფლებამ თვალი დახუჭა ტაიგაში გაჩენილ მეგა-ხანძარზე. აზიისა და წყნარი ოკეანის უზარმაზარი რეგიონის ეკონომიკურ ინტეგრაციას და თანამშრომლობას დროთა განმავლობაში გადამწყვეტი ფუნქცია ექნება გლობალური ეკონომიკის განვითარებაში, ვინაიდან მსოფლიოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სწორედ დედამიწის ამ მხარეშია თავმოყრილი და მათი მსყიდველუნარიანობა, განათლების და განვითარების დონე, სწრაფად და უწყვეტად იზრდება. ასეთ პირობებში, ყბადაღებული ამერიკული სანქციები ცალკეული ქვეყნების, მათ შორის, რუსეთის მიმართ, სულ უფრო მეტად დაკარგავს თავის ეფექტურობას.
ამერიკული ჰეგემონიის მომხრეები ამას ხვდებიან და ცდილობენ, ხისტი მეთოდებით გაამძაფრონ კონკურენცია და მეტი პრობლემა შექმნან ქვეყნებს შორის. თუმცა მათ ესეც აღარ გამოსდით, ვინაიდან სახელმწიფოთა სუვერენიტეტის ხარისხი უმჯობესდება და კონკურენციის, ეკონომიკური წინააღმდეგობრიობების პრობლემებს ისინი დიალოგის, შეთანხმებისა და თანამშრომლობის საფუძველზე აგვარებენ. ვლადივოსტოკის ფორუმი სწორედ ამ ტენდენციის გაძლიერებას უწყობს ხელს და ამავდროულად, მისი დასტურია. აეფ-ის საშუალებით რუსეთი არა მხოლოდ თავის ტერიტორიაზე იზიდავს ინვესტიციებს და განავითარებს თავის შორეულ აღმოსავლეთს, არამედ ახორციელებს დღის წესრიგს გლობალური მასშტაბით.
გულბაათ რცხილაძე
სააგენტო

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„როგორ და რატომ წაართვა ხაზარაძემ ელიტ- ელექტრონიქსი ქოქოლაძეს“?

უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში წერს: „ვუსმინე მამუკა ხაზარაძეს მთავარ არხზე და ერთ დასკვნამდე მივედი. ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com