ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „არ გვინდა, რომ ეკლესიაში არსებული დაძაბულობა გადაიზარდოს დიდ განხეთქილებასა და მძაფრ დაპირისპირებაში“-დავით თარხან-მოურავი ირმა ინაშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსა და წმინდა სინოდს მიმართავენ

„არ გვინდა, რომ ეკლესიაში არსებული დაძაბულობა გადაიზარდოს დიდ განხეთქილებასა და მძაფრ დაპირისპირებაში“-დავით თარხან-მოურავი ირმა ინაშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსა და წმინდა სინოდს მიმართავენ

პარტიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალური ქსელის საშუალებით პატრიარქისთვის მიწერილ წერილს ასაჯაროვებს.

“მე და დავით თარხან-მოურავმა დღეს მივმართეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსა და წმინდა სინოდს. ვაქვეყნებ ამ მიმართვის ტექსტს.”- აცხადებს ირმა ინაშვილი.

“საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს, 
საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდს!

თქვენო უწმინდესობავ,
ყოვლადსამღვდელო მეუფენო,

ნება გვიბოძეთ, დაგიდასტუროთ ჩვენი ქრისტესმიერი სიყვარული და ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ეს წერილი, ერთი მხრივ, კეთილგანწყობისა და პატივისცემის გამოხატვაა, მეორე მხრივ კი, – ჩვენი გულისტკივილისა და შეშფოთების გაზიარება.
არ დაგიმალავთ, რომ ჩვენ ძალზედ გვაწუხებს და, მეტიც, გვაშინებს საუკუნოვანი ფასეულობების გადაფასების გლობალური პროცესი. ბუნებრივია, ჩვენ გვსურს, რომ ახალგაზრდა თაობა განმსჭვალული იყოს რწმენით, სიყვარულით, კაცთმოყვარეობითა და თავშეკავებით, რათა პირველადი იყოს სულიერება. ასევე ცხადია, ჩვენ საერთოდ არ გვინდა, რომ ახალგაზრდა თაობა ფიქრობდეს მარიხუანასა და კოკაინზე. ვფიქრობთ, ჩვენ ერთად უნდა აღვუდგეთ წინ ფართოდ გავრცელებულ თვითმოტყუებას, თითქოსდა ღმერთი არ გვჭირდება, თითქოს ახალი მორალი გვჭირდება.
ამ ვითარებაში ჩვენ ასევე განსაკუთრებით გვაღელვებს ის საფრთხეები, რომლებიც ემუქრება მართლმადიდებლობის ერთობას მსოფლიოში, გვაშფოთებს ის საფრთხეები, რომლებიც ემუქრება ჩვენი დედა ეკლესიის ერთსულოვნებას, ავტორიტეტს და პოლიტიკურ გამიჯნულობას და, ბუნებრივია, გვადარდებს სოხუმისა და ცხინვალის სამღვდელოებისა და მრევლის მომავალი. ამასთან, არსებული რეალობა ყველა დასახელებულ პრობლემურ საკითხს წარმოგვიჩენს არა მხოლოდ რელიგიურ, არამედ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ჭრილშიც. ამიტომაც, თავს მოვალედ ვთვლით, ამ წერილით მოგმართოთ.
ჩვენ გაოგნებული დავრჩით 2016 წელს მსოფლიო პატრიარქის მიერ კუნძულ კრეტაზე მოწვეული კრების გადაწყვეტილებებით, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდის პავლე მოციქულის ეპისტოლეთა სულისკვეთებასთან და მე-6 მსოფლიო კრების დადგენილებებთან. კრეტის კრებამ უდავოდ გააჩინა ბზარი მართლმადიდებელთა შორის. სამწუხაროდ, ეს ბზარი მწვავე განხეთქილებაში გადაიზარდა მას შემდეგ, რაც მსოფლიო პატრიარქმა უკრაინას გადასცა განჩინება ავტოკეფალიის შესახებ. ვფიქრობთ, ყველასთვის ნათელია, რომ ეს განჩინება პირობას უქმნის უკრაინაში ორი მართლმადიდებელი ეკლესიის არსებობას. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო პატრიარქის მიერ აღიარებულ ეკლესიას ავტოკეფალური ეწოდება, დღეს ამ ეკლესიას ნაკლები უფლებები აქვს, ვიდრე უკრაინის თვითმმართველ მართლმადიდებელ ეკლესიას რუსეთის ეკლესიის შემადგენლობაში. ამასთან, მომავალშიც, თუკი უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის უფლებები გაიზრდება, მსოფლიო პატრიარქის განჩინებიდან გამომდინარე, ორივე ეკლესია დაახლოებით ერთნაირ მდგომარეობაში აღმოჩნდება. სინამდვილე კი ისაა, რომ მსოფლიო პატრიარქი უკრაინაში თავისი გავლენის ქვეშ მყოფ ეკლესიას აფუძნებს, ქმნის მონასტრებს თავის დაქვემდებარებაში და ასევე თავის დაქვემდებარებაში გადაჰყავს უკრაინელი მრევლი ამერიკაში, კანადასა თუ სხვა ქვეყნებში. საბოლოო ჯამში ამ ყველაფერმა, ფაქტობრივად, უფსკრული გააჩინა მართლმადიდებლობის წიაღში.
თავს უფლებას მივცემთ გაცნობოთ, რომ ზუსტად ამგვარ სქემაზე საუბრობს სოხუმი თითქმის 20 წელია. მეტიც, გვიჩნდება განცდა, რომ მსოფლიო პატრიარქმა სოხუმის მიერ შემუშავებულ სქემას ხორცი უკრაინაში შეასხა. ცხადია, თქვენ იცით, რომ სერბი სამღვდელოება ღიად საუბრობს ამ სქემის განმეორების საფრთხეზე მაკედონიასა და ჩერნოგორიაში; ანტიოქიის ეკლესიასაც აშინებს ამავე სქემის განმეორება ლიბანში. სოხუმი კი ამ სქემის ხორცშესხმის მოლოდინშია.
ალბათ, ზემოაღწერილით აიხსნება ის ფაქტი, რომ მსოფლიოში დღეს მოქმედი ცამეტი ავტოკეფალური ეკლესიიდან ხუთმა ერთმნიშვნელოვნად დაგმო მსოფლიო პატრიარქის მოქმედება, კიდევ ექვსი, ფაქტობრივად, უარყოფითად შეხვდა და ამ თერთმეტიდან ცხრამ ღიად იქადაგა განხეთქილებაზე მართლმადიდებლობის წიაღში.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალზედ გულნატკენნი ვართ რუსეთის სახელმწიფო და საეკლესიო პოლიტიკით სოხუმსა და ცხინვალში, მოწიწებითა და თავმდაბლობით გთავაზობთ,- რუსეთს უკრაინაში ვუპასუხოთ საპირისპირო ქმედებით, ვუპასუხოთ კანონიკური, სამართლიანი და ჭეშმარიტად მართლმადიდებლური პოზიციით, ანუ ცალსახად უარყოფითად შევაფასოთ მსოფლიო პატრიარქის ქმედებანი უკრაინაშიც და 2016 წლის კრეტის კრებაზეც. ჩვენი აზრით, ეს მართებული იქნება რელიგიური თვალსაზრისით და, ამავდროულად, პოლიტიკური და საზოგადოებრივი თვალსაზრისით სიკეთის მომტანიც იქნება საქართველოს სახელმწიფოსთვის.
უდიდესი გულისტკივილით უნდა აღვნიშნოთ, რომ დღეს ჩვენი საზოგადოების უკლებლივ ყველა წევრი, განურჩევლად ასაკისა თუ პროფესიისა, ღიად საუბრობს მწვავე დაპირისპირებაზე დედა ეკლესიის წიაღში და, ბუნებრივია, ჩვენც ვერ ავუვლით გვერდს ამ თემას.
ცხადია, თქვენ შეამჩნიეთ, ამ ბოლო დროს სოციალურ ქსელებში რაოდენ ხშირად იმეორებენ პავლე მოციქულის სიტყვებს, რომ ეპისკოპოსი უნდა იყოს გონიერი, განმსწავლელი, არა ჩხუბისთავი, წყნარი და თვინიერი. ჩვენ აქ პავლე მოციქულის სხვა სიტყვებსაც დავიმოწმებდით – „სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა, თვინიერება, თავშეკავება.“ წუხილით უნდა აღვნიშნოთ, რომ პეტრე ცაავას ნამდვილად ვერ აღვიქვამთ მეუფედ, რადგან იგი ნამდვილად არ წარმოადგენს სიყვარულის, დიდსულოვნებისა თუ თვინიერების მაგალითს. მისი აშკარა და დაუმალავი უპატივცემულობა პატრიარქისა თუ წმინდა სინოდის მიმართ, მისი გამომწვევი და ცილისმწამებლური განცხადებები აზიანებს და სახელს უტეხს დედა ეკლესიას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ: მრევლის აბსოლუტურ უმრავლესობას მიაჩნია, რომ პეტრე ცაავა ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი აღარ უნდა იყოს.
თავს ვალდებულად ვგრძნობთ, გაგიზიაროთ ჩვენი განცდა, რომ არა მხოლოდ პეტრე ცაავას, არამედ მეუფე გრიგოლს (ბერბიჭაშვილს) და მეუფე საბასაც (ინწკირველს) ალბათ დაავიწყდათ, რომ ეკლესია NGO არ არის და აზრთა სხვადასხვაობა სინოდის ფარგლებს არ უნდა გასცდეს. გასაოცარია, რომ დღეს ზოგიერთი მეუფე, ფაქტობრივად, პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, საგარეო სტრატეგიასა და გეოპოლიტიკურ ინტერესებზე საუბრობს, მაშინ, როცა სააკაშვილ-ბოკერიას დამნაშავე რეჟიმის პირობებში, ადამიანების ფიზიკური განადგურებისა და წამების დროს, უამრავი მეუფე დუმდა და ამ დუმილს ეკლესიის სახელმწიფოსაგან გამიჯნულობით ხსნიდა.
მრევლისთვის გამაოგნებელი და გაუგებარია არაერთი მეუფის უკმაყოფილება მიტროპოლიტ შიოს (მუჯირის) საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეობის გამო, ზოგიერთს კი საკუთარი თავი მიაჩნია უფრო ღირსეულად. შეშფოთებული მრევლიც დღეს უკვე ღიად კითხულობს – სად არის აქ თავმდაბლობა, სიმშვიდე და მორჩილება?! 
ბუნებრივია, ამ წერილით ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ გვსურს ვითარების გამძაფრება, ჩვენ გულწრფელად გვიყვარს პატრიარქი, თავს მის სულიერ შვილებად მივიჩნევთ და, ცხადია, სინოდის წევრების უმრავლესობას უაღრესად ვაფასებთ და დიდ პატივს ვცემთ.
ჩვენ, უბრალოდ, არ გვინდა, რომ ეკლესიაში არსებული დაძაბულობა გადაიზარდოს დიდ განხეთქილებასა და მძაფრ დაპირისპირებაში, და, მით უფრო, არაფრით არ გვსურს, რომ ხალხი მოწყდეს დედა ეკლესიას.

ქრისტესმიერი სიყვარულითა და ღრმა პატივისცემით,

დავით თარხან-მოურავი
ირმა ინაშვილი
თბილისი, 2019 წლის 27 იანვარი.” – აღნიშნულია მიმართვაში.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„დღეს ლარის კურსი არის მართული ეროვნული ბანკის მიერ და ლარს გამყარების საშუალებას არ აძლევს“-რომან გიცირიძე

 რომან გოცირიძე საბანკო სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე და ლარის კურსზე კომენტარს აკეტებს: „საოცარი ამბები ხდება საბანკო ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com