ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / აიისამ სტრასბურგის სასამართლოში დავა მოიგო-„პრეზერვატივის შეფუთვაზე თამარ მეფის წარწერით “სამეფო კარი თამარში”

აიისამ სტრასბურგის სასამართლოში დავა მოიგო-„პრეზერვატივის შეფუთვაზე თამარ მეფის წარწერით “სამეფო კარი თამარში”

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აიისას საქმეში კონვენციის მეათე მუხლის დარღვევა დაადგინა. გაჩეჩილაძის ინტერესებს სტრასბურგში ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა იცავდა. 

კონვენციის მეათე მუხლი გამოხატვის თავისუფლებას ეხება. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამოხატვის თავისუფლება დემოკარტიული საზოგადოების მნიშვნელოვანი საფუძველია და არის ერთ-ერთი საბაზისო პირობა მისი განვითარებისთვისა და ყოველი ადამიანის თვითრეალიზაციისთვის. 

“სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცულ ღირებულებებს შორის ლეგიტიმური ბალანსის დაცვისას, საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებაზე არსებითი გავლენა იქონია საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წევრების შეხედულებებმა ეთიკურ საკითხებთან დაკავშირებით. მსგავსი მიდგომა ეწინააღმდეგება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტს, რომლის მიხევითაც, “დაუშვებელია კონკრეტული პირის ან პირთა ჯგუფის ზნეობრივი ნორმების ან მსოფლმხედველობის საზოგადოების სხვა ჯგუფებზე თავსმოხვევა სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის სასამართლოს მეშვეობით”. ასევე ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს”, – აღნიშნავს სასამართლო. 

2018 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეზერვატივების კომპანია აიისას დამფუძნებელი ანანია გაჩეჩილაძე სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციული კოდექსის 159-ე მუხლით (რეკლამის დაკვეთის, წარმოებისა და გავრცელებისათვის და აბრის დაკვეთისა და განთავსებისათვის დადგენილი წესების დარღვევა). ის 500 ლარით დააჯარიმეს და პროდუქციის ამოსაღებად ერთკვირიანი ვადა მისცეს.

სასამართლომ მიიაჩნია, რომ პრეზერვატივის შეფუთვაზე თამარ მეფის წარწერით “სამეფო კარი თამარში”, ტექსტის – “ძლევაი საკვირველი”, პრეზერვატივწამოცმული მარცხენა ხელის მტევნის გამოსახულება (სასამართლომ მიიჩნია რომ ეს არის “მაკურთხეველი მარჯვენა”, რომლითაც მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურები ჯვარს გამოხატავენ) და პანდას ფოტო, ტექსტით – “ჩამოვკრავდი მარა ნათლისღებაა” არის არაეთიკური და მსგავსმა გამოხატვამ საზოგადოების კონკრეტული ჯგუფის რელიგიური გრძნობები და ეროვნული ღირსება შელახა.

სააპელაციო სასამართლომაც პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება დატოვა ძალაში. სააპელაციოში აიისას საქმის მოსამართლე ლევან მურუსიძე იყო, რომელსაც ხშირად მოიხსენიებენ ე.წ. სასამართლო კლანის ლიდერად. მურუსიძე ამბობდა, რომ პრეზერვატივზე თამარ მეფის გამოსახვა გამოხატვის თავისუფლება არ არის.

სასამართლომ საკითხის განხილვა მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისის მერიამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი გაუგზავნა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების, ქართული იდეის მოთხოვნის საფუძველზე. მაშინაც თბილისის მერიამ მიიჩნია, რომ აიისას არაეთიკური რეკლამა აქვს. 

წყარო: „ტაბულა“

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

თსუ: ორი არჩევანი, ერთი გადაწვეტილება.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეშვიდე მოწვევის სტუდენტურ თვითმმართველობას, რომელმაც საკუთარი უფლებამოსილება უკვე, თავისი ნებით, ხელოვნურად,  ორჯერ ...